ახალი ამბებისამართალი

დავით საყვარელიძეს ლვოვის სასამართლომ შეზღუდვები არ დაუწესა

16 სექტემბერი, 2017 • 3889
დავით საყვარელიძეს ლვოვის სასამართლომ შეზღუდვები არ დაუწესა

უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრის დავით საყვარელიძის მიმართ უკრაინა-პოლონეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო შეზღუდვების დაწესებას ითხოვდა, თუმცა ლვოვის სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დავით საყვარელიძეს უკრაინის პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს და სასამართლოსგან პოლიტიკოსის ქალაქ ლვოვიდან გასვლის აკრძალვას ითხოვს. ბრალდებაში საუბარია საზღვრის უკანონო გადაკვეთაზე, ჯგუფური არეულობის მოწყობასა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე. შესაბამისი ოქმი საყვარელიძეს 14 სექტემბერს გადასცეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყველა ეს საკითხი მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინა-პოლონეთის საზღვრის გადაკვეთას უკავშირდება. ამ პროცესებში საქართველოს მესამე პრეზიდენტის თანამებრძოლი დავით საყვარელიძეც აქტიურად იყო ჩართული.


მნიშვნელოვანი დეტალები:

  • მიხეილ სააკაშვილმა  10 სექტემბერს უკრაინის საზღვარი მხარდამჭერების დახმარებით გადალახა. უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილს ქვეყანაში შესვლის საშუალებას არ აძლევდა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად მისი ოჯახის წევრები, რადას დეპუტატები და უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო იმყოფებოდნენ.
  • მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქე აღარაა 2015 წლიდან, როდესაც უკრაინაში ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა. თუმცა შემდეგ ხელისუფლებას დაუპირისპირდა და ოპოზიციაში გადავიდა.
  • უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პუნქტზე განვითარებული მოვლენების შედეგად 11 სამართალდაცმველი დაშავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი