ახალი ამბებისამართალი

161 განცხადება და 6 ბრიფინგი გახმაურებულ საქმეებზე – პროკურატურა TI-ის პასუხობს

15 სექტემბერი, 2017 • 3612
161 განცხადება და 6 ბრიფინგი გახმაურებულ საქმეებზე – პროკურატურა TI-ის პასუხობს

პროკურატურის მიერ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებთან დაკავშირებით მხოლოდ 2017 წლის პირველ 6 თვეში გამოქვეყნებულია 161 განცხადება და ჩატარებულია 6 ბრიფინგი, – ეს განცხადება საგამოძიებო ორგანომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” იმ გახმაურებული საქმეების შესახებ გამართული პრეზენტაციის საპასუხოდ გააკეთა, რომელთა გამოძიების შესახებაც ინფორმაცია დახურულია.

როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, მათ მიერ გავრცელებული ყველა საჯარო ინფორმაცია ეხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიებებს, რომლებზეც არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი.

“საზოგადოებას სისხლის სამართლის საქმეებზე მიეწოდება ის ინფორმაცია, რაც გამოძიების მოცემულ ეტაპზე შეიძლება იყოს გასაჯაროებული და არ დააზიანებს სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ინტერესს, ასევე, მოქალაქეთა უფლებებს. საქართველოს მთავარი პროკურატურა სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ყველა საჯარო ინფორმაცია, რაც გამოთხოვილია არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ, კანონით დადგენილ ვადებში და ფარგლებში არის პასუხგაცემული,” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებით, TI-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მათ კანონით აქვთ უფლება ჰქონდეთ წვდომა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ინფორმაციაზე, არის შეგნებულად ან შეუგნებლად საქართველოს კანონმდებლობის არცოდნის გამოვლინება და არ შეესაბამება სიმართლეს:

“კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან. კანონის თანახმად, „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ „არასამთავრობო ორგანიზაციის“ სტატუსი არ აძლევს უფლებას, გამოითხოვოს და მიიღოს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის მასალები და საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია.”

საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ საჯარო და არასაჯარო ინფორმაციის სახეს მკაფიოდ განსაზღვრავს კანონი და საქართველოს მთავარი პროკურატურაც მოქმედებს კანონის შესაბამისად, განუხრელად იცავს რა კანონმდებლობას.

“გარდა აღნიშნულისა, კანონი პროკურატურის შესახებ ცალსახად განმარტავს, რომ არავის აქვს უფლება, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის პროცესში. ამავდროულად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მონაცემების გამჟღავნება დაუშვებელია. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა გამოძიების ინტერესების, მხარეთა და პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებების, სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით თავად განსაზღვრავს, თუ რა დოზით და რა ფორმით მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით,” – აცხადებს პროკურატურა.

საგამოძიებო ორგანოს განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, მათ მიერ გაკეთებული არაერთი საჯარო განცხადება მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მაქსიმალურად სრულად ხდება საზოგადოების ინფორმირება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით:

“ამაზე ცხადად მეტყველებს დასაწყისში მითითებული მხოლოდ 2017 წლის 6 თვის შესაბამისი სტატისტიკა. შესაბამისად, საქართველოს პროკურატურა საქმიანობს მაქსიმალურად ღიად და ცდილობს საზოგადოების კანონით დადგენილ ფარგლებში ინფორმირებას მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებთან დაკავშირებით. ამავდროულად, საქართველოს პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავარი პროკურორი საპროკურორო საბჭოს წინაშე 6 თვეში ერთხელ წარდგება  ხოლმე საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშით და თითოეული ანგარიში საჯაროა, ხელმისაწვდომია პროკურატურის და საპროკურორო საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

რაც შეეხება პროკურატურის პასუხის გასაჩივრებას სასამართლოში, საქართველოს პროკურატურა პატივს სცემს ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირის უფლებას, საკუთარი ინტერესები დაიცვას სასამართლოში. პროკურატურა გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით კვლავაც გააგრძელებს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით ინფორმაციის მიწოდებას საკუთარ საქმიანობასთან და საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით.”

TI-ში აცხადებენ, რომ საქართველოს პროკურატურას 34 გახმაურებულ საქმეზე დამდგარი შედეგის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად მიმართა, თუმცა გამოთხოვილი ინფორმაციის გაცემაზე საგამოძიებო უწყებამ უარი განაცხადა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში” მიიჩნევენ, რომ მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეების შესახებ ინფორმაციის სრულად დახურვა ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს და აჩვენებს, რომ პროკურატურას არ აქვს სათანადო ანგარიშვალდებულების განცდა საზოგადოების წინაშე.

არასამთავრობო ორგანიზაცია პროკურატურის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს მოთხოვნილი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, თუმცა დავის დასრულებამდე იმედს გამოთქვამს, რომ საგამოძიებო უწყებები გააკეთებენ საჯარო განცხადებას იმის შესახებ, თუ რა ეტაპზეა ქვემოთ მოყვანილი თითოეული გახმაურებული საქმის გამოძიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი