ახალი ამბები

“დემირელის” კოლეჯის მოსწავლეთა ნაწილი ახალ სკოლას ამ დრომდე ეძებს

15 სექტემბერი, 2017 • 1892
“დემირელის” კოლეჯის მოსწავლეთა ნაწილი ახალ სკოლას ამ დრომდე ეძებს

„დემირელის“ კოლეჯის მოსწავლეთა ნაწილი კვლავ სკოლის მოძიების პროცესშია. კოლეჯის დირექტორის ნინო კავთიაშვილის თქმით, ამ დროის მონაცემებით, სკოლის ბაზაში დაახლოებით 250 ბავშვი ირიცხება, რომელთაგან მხოლოდ 80-ის მიღების შესახებ შევიდა ინფორმაცია სხვადასხვა სკოლებიდან. თუმცა, იმის გამო, რომ იურიდიული პროცესები დასრულებული არ არის, ისინი კვლავ ბაზაში რჩებიან. რაც შეეხება დანარჩენ 150-მდე ბავშვს, დირქტორის ინფორმაციით, მათი მშობლები ამ დრომდე ეძებენ ახალ სკოლას. 10 მოსწავლესთან დაკავშირება კი საერთოდ ვერ ხერხდება.

„მშობლებს ძალიან გაუჭირდათ მცირე დროში შესაბამისი სკოლის მოძებნა. რა თქმა უნდა, განათლების სამინისტროს წარმომადგენელი ცდილობდა დახმარებას, თუმცა ეს მხოლოდ თითოოროლა ბავშვის შემთხვევაში მოხერხდა. მაგრამ ძალიან ბევრ საჯარო სკოლაში ადგილები შეზღუდული იყო და არ მიიღეს ჩვენი მოსწავლეები. კერძო სკოლების შერჩევაც, ფასისა და ინფრასტრუქტურის მიხედვით, გართულდა. ამიტომ ჯერ კიდევ არის საკმაო რაოდენობის მოსწავლე, რომლებიც არსად ფიქსირდებიან, ისევ ჩვენთან არიან და შეძლებისდაგვარად ვეხმარებით“, – განუცხადა ნინო კავთიაშვილმა „ნეტგაზეთს“.

„დემირელის“ მოსწავლეების შესახებ ინფორმაციის მონიტორინგს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს. როგორც უწყების პრესსამსახურში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, შესაძლოა, კოლეჯის ბაზაში მოსწავლეთა ნაწილის ამ დრომდე ყოფნის მიზეზი იყოს ის გარემოება, რომ უკვე არჩეულ სკოლებთან პროცედურული საკითხები დასრულებული არ აქვთ. ამას გარდა, „დემირელში“ თურქეთის მოქალაქეებიც სწავლობდნენ, რომელთა ნაწილსაც საქართველოს დატოვება სურს.

„შესაძლოა, „დემირელის“ კოლეჯის ბაზაში ირიცხება მოსწავლეთა დიდი რაოდენობა, იმიტომ, რომ მშობლებმა, რომლებმაც დაწერეს განცხადებები სხვადასხვა სკოლებში, შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში არ მისვლიათ დასტური სუფთად პროცედურული თვალსაზრისით. ამას გარდა, კოლეჯში თურქი ეროვნების 54 ბავშვია, რომელთა მშობლებმაც განაცხადეს, რომ აპირებენ ქვეყნის დატოვებას და არ სურთ შვილების სხვა სკოლაში გადაყვანა. ასევე, არის 10 ბავშვი, რომელთაც ამ დრომდე ვერ ვუკავშირდებით“, – განაცხადა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნატა ასათიანმა „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ „დემირელის“ კოლეჯს ავტორიზაცია 29 აგვისტოს შეუჩერა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს  წევრი, გია მურღულია „ნეტგაზეთთან“ აცხადებდა, რომ  ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ დარღვევებს, არამედ შესაძლო დანაშაულის ნიშნებს.

მანამდე, 2017 წლის მაისში, დააკავეს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი, რომელიც ოთხ თვეზე მეტია, წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება. დაკავების მიზეზი,  როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, არის თურქეთის მხარის ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩაბუქი “ტერორისტულ ორგანიზაცია “FETO”-ს საქმიანობას უწყობდა ხელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი