ახალი ამბებისაზოგადოება

აუტიზმის მქონე ბავშვისთვის სკოლა შესაძლო დისკრიმინაციით დაიწყო

15 სექტემბერი, 2017 • 13195
აუტიზმის მქონე ბავშვისთვის სკოლა შესაძლო დისკრიმინაციით დაიწყო

აუტიზმის მქონე ბავშვი, რომელიც წელს პირველად მივიდა სკოლაში, 149-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის მხრიდან შესაძლო დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა. სასწავლო პროცესის დაწყებამდე მშობლის მიერ წინასწარ შერჩეულმა პედაგოგმა ბავშვი თავის კლასში არ დასვა. სკოლის დირექტორმა, რომელიც ამ ფაქტის გამო დღეს განათლების სამინისტროში დაიბარეს, ნეტგაზეთს განუცხადა, რომ მასწავლებლის მიმართ დაწყებულია დისციპლინური დევნა.

ბავშვის დედა აცხადებს, რომ სკოლის დაწყებამდე, ჯერ კიდევ 3 თვით ადრე იმყოფებოდა ამ სკოლაში, სადაც დირექტორთან და მასწავლებელთან გასაუბრების შემდეგ გადაწყდა, თუ ვინ იქნებოდა ბავშვის მასწავლებელი. მისი თქმით, ბავშვის მიყვანა ამ პედაგოგთან მხოლოდ იმ კრიტერიუმით აარჩია, რომ უკვე ჰქონდა აუტიზმის მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება. მშობელი ფიქრობდა, რომ შერჩეული პედაგოგი უფრო მეტად გაცნობიერებული იქნებოდა, ვიდრე სხვები.

“ვუთხარი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ დირექტორს. შევთანხმდით, რომ 15 სექტემბერს ბავშვს მივიყვანდი 149-ე სკოლაში, ხოლო პედაგოგი იქნებოდა მ.ქ, რადგან ვიცოდი, რომ ბავშვს შეგუების პროცესი უჭირს და საჭიროებს წინასწარ მომზადებას. მთელი 3 თვის მანძილზე ბავშვს ვაჩვევდი და ვაგუებდი იმ სიტუაციას, როგორშიც უნდა ყოფილიყო სკოლაში მისვლის შემდეგ. ვათამაშებდი თამაშებს: ვითომ მე მ. მასწავლებელი ვიყავი, ხოლო ის მოსწავლე, და ასე თამაშ-თამაშში ბავშვი მოემზადა სკოლისთვის. დღეს მივედით სკოლაში, მაგრამ ბავშვი სხვა კლასშია ჩაწერილი. ჩავედი დირექტორთან გაოცებული, რადგან წინასწარ არ გამაფრთხილეს და არ შემატყობინეს ცვლილების შესახებ,” – ამბობს მშობელი.

როგორც მშობელი ამბობს, დირექტორმა არც გადაამოწმა ინფორმაცია, ისე დაიჯერა პედაგოგის ტყუილი და ბავშვი სხვა მასწავლებლის კლასში ჩასვეს:

“დირექტორმა ბოდიში მომიხადა და შემიყვანა კლასში, სადაც დაგვხვდა მ. მასწავლებელი. სანამ პედაგოგი გაიგებდა, რომ საბა ის ბავშვი იყო, ვისზეც უარი თქვა მხოლოდ იმიტომ, რომ აუტიზმის მქონეა, მანამდე სახეზე ღიმილი ჰქონდა. როგორც კი იკითხა და ვუთხარი, ჩვენ თქვენთან ვიყავით, რაღაც გაურკვევლობა მოხდა და სხვაგან ჩაგვსვეს-მეთქი, ფარისევლური ღიმილი წაიშალა სახიდან და გაბოროტებული, გააფთრებული მასწავლებელი შეგვრჩა. პედაგოგმა გვითხრა, ისედაც ბევრი ბავშვი მყავს და სად მაქვს იმის დრო, ამას მივაქციო ყურადღებაო. არ დასვა თავის კლასში, უკან მოგვიგდო ბავშვის თბილი ხელებით მირთმეული თაიგული და კლასიდან გამოგვაგდო!”

როგორც მშობელი ამბობს, ეს იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა არა მარტო ბავშვზე, არამედ მასზეც: “თავს საშინლად ვგრძნობ, მაგრამ ჩემს შვილს ვაძლევ პირობას, არ მივცემ არავის უფლებას, გააძევოს საზოგადოებიდან და არ მიიღონ ისეთი, როგორიც არის. მე მეამაყება ჩემი შვილი.”

აუტიზმის მქონე ბავშვის მშობლის მონათხრობი ნეტგაზეთმა საქართველოს განათლების სამინისტროს მიაწოდა, რის შემდეგაც შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტის მოსაკვლევად სკოლის დირექტორი უწებაში დაიბარეს. თავად დირექტორი ჩვენთან საუბრისას ადასტურებს, რომ 3 თვით ადრე შეუთანხმდა მშობელს კონკრეტულ მასწავლებელზე.

“მასწავლებლის მიმართ დავიწყეთ დისციპლინური დევნა, თუმცა გარწმუნებთ, რომ არ არის საქმე ისე ცუდად, როგორც ამას მშობელი აღწერს. მე ძალიან კარგად მესმის მშობლის მდგომარეობა და გაღიზიანება, მაგრამ ყველაფერი იყო გამოსწორებადი. ბავშვი ჩარიცხულია არაჩვეულებრივ პედაგოგთან და დღის განმავლობაში ის თავს გრძნობდა ძალიან კარგად. მშობელიც კმაყოფილია იმ მასწავლებლით, რომელთანაც მისი შვილი ჩაირიცხა ამ ეტაპზე. გაკვეთილების შემდეგ შევხვდი მშობელს და ბავშვს, რომლებიც კმაყოფილები არიან. მოხდა რაღაც გაუგებრობა ერთ მასწავლებელსა და მშობელს შორის, რომელიც არ უნდა გამწვავებულიყო. სამწუხაროდ, მოხდა. ყველანაირად ვეცდები, რომ სიტუაცია დალაგდეს,” – ამბობს სკოლის დირექტორი.

როგორც დირექტორი ამბობს, მშობელმა სამი თვის წინ მართლაც მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი შვილი აუტიზმის მქონე იყო და ისეთ მასწავლებელს ეძებდა, ვისაც ჰქონდა უკვე შესაბამისი გამოცდილება:

“მომავალი სასწავლო წლის ყველა პირველი კლასის მასწავლებელთან გავასაუბრე. უფრო მეტი თანამშრომლობის ფორმა არ შემეძლო გამომეხატა და ვუთხარი, რომ თქვენ თქვენს შვილს უკეთესად იცნობთ, იცით, როგორი ფსიქოტიპია და რომელი მასწავლებელიც უპრიანი იქნება თქვენთვის ამ გასაუბრების დროს, იმასთან მოვახვედრებთ-მეთქი, მაგრამ… შემდეგ მოხდა ისე, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ ამ საკითხთან დაკავშირებით და ეს ბავშვი ჩაირიცხა იმ მასწავლებელთან, ვინც მისთვის გაცილებით უპრიანი იყო და უკეთესად ითანამშრომლებდა.”

კითხვაზე, სამი თვის განმავლობაში რატომ არ დაუკავშირდნენ ბავშვის მშობელს, თუ დამოუკიდებლად გადაწყვიტა სკოლის დირექციამ, რომ მ. აღარ იქნებოდა ბავშვის პედაგოგი და იქნებოდა სხვა, დირექტორი ამბობს: “მე ვიფიქრე, რომ დღეს რომ მოვიდოდა მშობელი, ჩავაყენებდი საქმის კურსში, მაგრამ უკვე დამხვდა ომი”.

როგორც ბავშვის დედამ განგვიცხადა, იმავე სკოლაში ახალი პედაგოგის მუშაობით დღეს კმაყოფილია, თუმცა მას არ აქვს აუტიზმის მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება:

“მე დავეხმარები ახალ მასწავლებელს და ვასწავლი მიდგომებს. დირექტორმა ბევრი ბოდიში მომიხადა და აღიარებს, რომ საშინელი ფაქტი მოხდა. ის დამპირდა, რომ აუცილებლად მოახდენს რეაგირებას.”

ნეტგაზეთი სოციალურ ქსელით იმ პედაგოგთან დაკავშირებასაც ცდილობდა, ვისაც მშობელი მისი შვილის შესაძლო დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. მასწავლებელი აქტიურად იყენებს ფეისბუკს – მას ახალი სასწავლო წლის დაწყების ამსახველი ფოტოები უკვე განთავსებული აქვს პირად გვერდზე. იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგი გადაწყვეტს საპასუხო კომენტარის გაკეთებას, მის პოზიციას ამავე სტატიაში შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი