Interviewsახალი ამბები

საკმარისად განვიცადე ჩაგვრა და ვიცი პრობლემების გადაჭრის გზაც – ინტერვიუ ნინო ბოლქვაძესთან

15 სექტემბერი, 2017 • 6939
საკმარისად განვიცადე ჩაგვრა და ვიცი პრობლემების გადაჭრის გზაც – ინტერვიუ ნინო ბოლქვაძესთან

რესპუბლიკურმა პარტიამ დღეს თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის საარჩევნო სიის მეორე ხუთეული წარადგინა, რომელშიც ლგბტ აქტივისტი ნინო ბოლქვაძეცაა. რატომ გადაწყვიტა სამოქალაქო აქტივიზმიდან პოლიტიკაში, რატომ აირჩია “რესპუბლიკური პარტია”, როგორ აპირებს მუშაობას და რა გამოწვევებს ხედავს, ამ და სხვა საკითხებზე “ნეტგაზეთი” ნინო ბოლქვაძეს ესაუბრა.

რატომ გადაწყვიტეთ აქტივიზმიდან პოლიტიკაში გადასულიყავით, რამ გიბიძგათ ამისკენ?

საქმე ისაა, რომ სამოქალაქო აქტივიზმის რესურსები არ არის ამოუწურავი. ჩვენ შეგვიძლია საზოგადოების ცნობიერება ავამაღლოთ, ან სამართლებრივ ღონისძიებებს მივმართოთ და სასამართლოში გავასაჩივროთ ადამიანის უფლებების დარღვევები. ქუჩაში გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ ჩვენს თავს რაღაც ძალიან ცუდი ხდება. როდესაც ეს სათანადოდ არ მუშაობს, ჩვენ წრეზე ვტრიალებთ და შედეგი არ გვაქვს. ამავდროულად კი, ზიანდებიან ადამიანები. თემის ხილვადობა არის ძალიან გაზრდილი. ძალიან ბევრი ადამიანი აღარ იმალება, საკუთარი ორიენტაციის და გენდერული იდენტობის იდენტიფიცირებას ახდენს როგორც ჩაცმულობით, ასევე, სხვა მახასიათებლებით. ტრანსგენდერი ქალები იწყებენ ქუჩაში სიარულს და, ამავდროულად, ხელისუფლება იყენებს ჰომოფობიურ პოლიტიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის თემის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ასეთ პირობებში სამოქალაქო აქტივიზმი აბსოლუტურად არაა საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ ადამიანები დავიცვათ.

ამისთვის საჭიროა მიღებული იყოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც შეცვლის რიგ პროცესებს და სავალდებულოს გახდის კანონს. ნეიტრალურად ან ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანები ასეთ პოლიტიკას ვერ გაატარებენ და არ გაატარებენ, ამიტომ გვჭირდება, რომ ხელისუფლებაში იყვნენ ის ადამიანები, ვისაც სტკივა და ვინც ძალიან კარგად იცის ეს პრობლემები. საკმარისად განვიცადე საკუთარ თავზე ჩაგვრა და ძალიან კარგად ვიცი პრობლემების გადაჭრის გზებიც. მაქვს ენერგია და მზაობა, წლები დავახარჯო იმას, რომ ამ საზოგადოებამ მეტად უსაფრთხო ცხოვრებით იცხოვროს. არა მარტო ლგბტ თემმა, ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც იჩაგრება სხვა ნიშნით.

რატომ შეაჩერეთ “რესპუბლიკურ პარტიაზე” არჩევანი, როგორ შედგა კომუნიკაცია, თქვენ იყავით თანამშრომლობის ინიციატორი, თუ თავად პარტიისგან მიიღეთ შემოთავაზება?

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ანტიდისკრიმინაციული კანონი განიხილებოდა საქართველოს პარლამენტში, მე პირველად დავუკავშირდი თამარ კორძაიას. მომწონდა მისი საჯარო გამოსვლები, ემთხვეოდა ჩემს ღირებულებებს. მახსოვს, ვესტუმრე და ვთხოვე, მტკიცედ დაეცვა … მართალია, ანტიდისკრიმინაციული კანონი ძალიან სუსტია, მაგრამ იყო საშიშროება, რომ იქიდან ამოეღოთ სიტყვები- სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა, რაც ამ კანონს კიდევ უფრო უფონქციოს გახდიდა. მე, როგორც სამოქალაქო აქტივისტი, მაშინ მივედი პარლამენტარ თამარ კორძაიასთან და ვთხოვე, რომ ჩვენი სიტყვა ეთქვა. მას შემდეგ ჩვენ, თემი, ვხედავდით, რომ ამ ადამიანს ყოველთვის მყარი პოზიცია ჰქონდა და არასდროს გადაუხვევია ამ პრინციპებიდან. გარდა ამისა, პარტიის სხვა წევრებსაც ვიცნობ და ნდობა არსებობდა.

პარტიამ შემოგთავაზათ კანდიდატობა?

კი. პარტიამ გახსნა კარი და თქვა, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ჰგონია, რომ უნდა შეიცვალოს ჩვენი საზოგადოება სწორედ თანასწორობის პრინციპის გამყარებისკენ, და მე ჩავთვალე, რომ ჩემი ადგილი იყო აქ.

თქვენ წარგადგინეს კანდიდატად, რომელიც იმუშავებს უსაფრთხო ქალაქის მიმართულებით, იქნებ განგვიმარტოთ რას გეგმავთ?

ადამიანის უსაფრთხოება, რომელიც საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებაზეა აგებული. ადამიანს სჭირდება, რომ ჰქონდეს თავშესაფარი. სახლში უნდა ცხოვრობდეს, სადაც იქნება სითბო, შესაბამისი პირობები, ინფრასტრუქტურა ირგვლივ. ლგბტ თემისთვის უსახლკარობა არის ძალიან მტკივნეული პრობლემა, თემის ძალიან ბევრი წევრი კარგავს ოჯახის მხარდაჭერას და, შესაბამისად, სახლსაც. უწევთ პრაქტიკულად კომუნებად ცხოვრება, უწევთ 5-7 ადამიანთან ერთად ცხოვრება. ხანდახან უფრო მეტი ადამიანი ერთ ოთახში ცხოვრობს. მეც ქირით ვცხოვრობ და ჩემთანაც ყოველთვის ცხოვრობს უსახლკარო ადამიანი, რომელიც ოჯახიდანაა გამოგდებული.

შემდეგი საკითხია საკვები. ზუსტად ვიცი, რომ ჩვენთან არ ხდება პესტიციდების კონტროლი, ბოსტნეული ისე მოგვყავს. ჩვენ ძალიან ცუდი სტატისტიკა გვაქვს ონკოლოგიურ დაავადებებთან მიმართებაში.

მესამე- საყოფაცხოვრებლო ნარჩენების გადამუშავება არ ხდება თბილისის მასშტაბით. უბრალოდ იგეგმება, რომ მთელი ნარჩენები გაიტანო სადღაც და დაწვა. მთელი ეს ნამწვავი აუცილებლად აღმოჩნდება ჰაერში, ამას ემატება, რომ გამწვანება არ გვაქვს, გამონაბოლქვია მანქანების კონცენტრირებული. ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით.

შეიძლება სახლიც გქონდეს, მაგრამ ისეთნაირად გიზიანებდნენ ამ სახლში ფსიქიკურ ჯანმრთელობას, რომ სუიციდამდე მიდიოდე. ამის მაგალითები ჩვენ გვაქვს. ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან 4 წელია ძალიან აქტიურად ვმუშაობ.

თქვენ ხართ პირველი კანდიდატი არჩევნებში, რომელიც ღიად ლესბოსელი კანდიდატია. ამავდროულად, ხართ ქალი, თქვენ ჰომოფობიურ და სექსისტურ გარემოში გიწევთ კანდიდატობა. რა გამოწვევებს ხედავთ ამ თვალსაზრისით?

ჰომოსექსუალი ადამიანისთვის რთულია ცხოვრება მაშინაც, როცა მალავ შენს თავს, როცა არავინ იცის შენ ირგვლივ შენი პიროვნების დიდი ნაწილის შესახებ, ზიანდები ფსიქოლოგიურად. მაშინ, როცა იწყებ შენი ცხოვრებით ცხოვრებას, შენ მაინც ზიანდები. ნებისმიერ შემთხვევაში ზიანდები. ბარემ, თუ ვზიანდები… ეს, ალბათ, ჩემთვის გამოსავალია, როგორ შეიძლება, რომ შევცვალო ჩემი ცხოვრება და დავეხმარო იმ თაობას, რომელიც გაცილებით უფრო თავისუფალია და უფრო თამამია იმისთვი,ს რომ მათ უკეთესი მომავალი ჰქონდეთ, მათ შორის ჩემს შვილებსაც ვგულისხმობ.

მასალების გადაბეჭდვის წესი