ახალი ამბები

საიამ იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატები დაასახელა

22 მაისი, 2013 • • 1159
საიამ იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატები დაასახელა

აღნიშნული კანდიდატები – ნინო ბაქაქური, ზურაბ ძლიერიშვილი და კახა წიქარიშვილი დღეს, 22 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს საიას თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ წარუდგინა.

პრესკონფერენცია საიაში
პრესკონფერენცია საიაში


“საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შეტანილ იქნა ცვლილებები, რომელიც უმნიშვნელოვანესია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაზრდისა და სასამართლო რეფორმის მიმდინარეობის პროცესში. შეიცვალა უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი, პროცედურები გახდა უფრო გამჭვირვალე და დემოკრატიული. საბჭოში არამოსამართლე წევრების კანდიდატურების საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება მიენიჭა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომელთაც შესაბამისი გამოცილება გააჩნიათ. ჩვენ ამას ვუდგებით ძალიან დიდი პასუხისმგებლობით. ჩვენ ვასახელებთ ძალიან ღირსეულ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ არა მოხოლოდ კანონის მოთხოვნებს, რომ 10–წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნდეთ, არამედ მათ თავიანთი ცხოვრებისეული გამოცდილებით და ღირსეული გადაწყვეტილებებით პრინციპულობას გაუსვეს ხაზი”,  – განაცხადა კოჟორიძემ.


მისი თქმით, საიას მიერ დასახელებულ კანდიდატები კანონის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებენ და უშუალოდ იუსტიციის საბჭოს საკითხებზე მუშაობის გამოცდილებაც გააჩნიათ.


ნინო ბაქაქურს იურისტად მუშაობის 16–წლიანი და მოსამართლედ მუშაობის სამწლიანი გამოცდილება გააჩნია. 1998–2004 წლებში იგი საიაში მუშაობდა, 2004–2008 წლებში კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე იყო. მას იურიდიული განათლება ნიუ იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში აქვს მიღებული. მუშაობდა აშშ–ში ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამართლის მკვლევარად.


“ჩემთვის საპასუხისმგებლო და სასიხარულოა, რომ საიას მიერ დასახელებული კანდიდატი ვარ. 2004 წელს, როდესაც მე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დავინიშნე, მე ვიყავი ვარდების რევოლუციის შემდეგ დანიშნული ერთ–ერთი პირველი მოსამართლე და დარწმუნებული ვიყავი, რომ ვიდექი იმ რეფორმის სათავეებთან, რომლის შედეგადაც სასამართლო დამოუკიდებელ, ძლიერ შტოდ ჩამოყალიბდებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ჩემი მოსამართლეობის განმავლობაში მე გავხდი მოწმე იმისა, თუ როგორ ხდებოდა საწინააღმდეგო რამ… ნაბიჯ–ნაბიჯ და მიზანმიმართულად. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მე 2008 წელს დავტოვე სასამართლო და უარი ვთქვი მოსამართლის თანამდებობაზე, რომელიც თითოეული იურისტისთვის საოცნებოს წარმოადგენს”, –განაცხადა ბაქაქურმა და დასძინა, რომ ახლა ცვლილებების დრო დადგა.


“ახალი კანონის მიხედვით, იუსტიციის საბჭოს წევრები 4 წლით ინიშნებიან და მათ ამ თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნა ეკრძალებათ. ეს 4 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მართლმსაჯულებისთვის”.

 

სასამართლოს დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა – ამ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში ბაქაქურის ერთ–ერთი პრიორიტეტი იქნება.


სამართლის აკადემიური დოქტორი ზურაბ ძლიერაშვილი 2004–2006 წლებში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს წევრად მუშაობდა. კახა კოჟორიძის განცხადებით, ამ წლებში მოსამართლეთა დისციპლინური არასწორი დევნის ფატებს ჰქონდა ადგილი და ძლიერაშვილმა, რომელიც დღეისათვის ლექციებს რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში კითხულობს, აღნიშნული თანამდებობა სწორედ ამის გამო დატოვა.


რაც შეეხება კახა წიქარიშვილს, იგი გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტად მუშაობს. აქვს ამერიკის უნივერსიტეტის, ვაშინგტონის სამართლის კოლეჯის მაგისტრის ხარისხი.


კოჟორიძის განცხადებით, საიას გამგეობა შეეცადა, რომ დაესახელებინა ისეთი კანდიდატები, რომელთაც კარგად აქვთ გააზრებული, თუ რას ნიშნავს სასამართლოს დამოუკიდებლობა.


“ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თუ პარლამენტი ჩვენს კანდიდატებს დაუჭერს მხარს, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი არა მხოლოდ კანონმდებლობით გაუმჯობესდეს, არამედ პრაქტიკული ნაბიჯებითაც. თითოეული ეს ადამიანი პოლიტიკური თუ სხვა გავლენებისაგან აბსოლუტურად თავისუფალია. ჩვენ სწორედ ამას ვუსვამთ ხაზს. ჩვენ კანდიდატების შერჩევისას არ შემოვიფარგლეთ მხოლოდ საიას წევრებით. მაგალითად, ბატონი ძლიერიშვილი არ არის საიას წევრი. ჩვენთვის პრინციპული არ იყო ის, რომ მაინცდამაინც საიას წევრი დაგვესახელებინა”.


კოჟორიძის განცხადებით, საია საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს მხარს უჭერს და მიესალმება მისი მიღების ფაქტს, თუმცა ვერანაირი კანონი, როგორი კარგიც არ უნდა იყოს  ის, ვერ იქნება იმის აბსოლუტური გარანტი, რომ სისტემა იმუშავებს.


“ასეთი გარანტი კანონთან ერთად უნდა იყოს გადაწყვეტილების მიმღები პირები. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ის, თუ ვინ იქნებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები”.


შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისაგან შედგება. ერთი წევრი არის უზენაესი საბჭოს თავმდომარე, რომელიც ამავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეცაა, 8 წევრი იქნება მოსამართლე, რომელთაც მოსამართლეთა კონფერენციაზე აირჩევენ, ხოლო დარჩენილ ექვს წევრს პარლამენტი დაამტკიცებს. აღნიშნული კანდიდატების დასახელების უფლება არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადვოკატთა ასოციაციას და უმაღლეს იურიდიული სასწავლებლებს აქვთ. საიას გარდა სხვა ორგანიზაციებს ჯერჯერობით პარლამენტისთვის საკუთარი კანდიდატურები არ შეუთავაზებიათ. კოჟორიძის ინფორმაციით, პარლამენტმა კანდიდატები რამდენიმე კვირის ფარგლებში უნდა შეარჩიოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი