სამინისტროს ცნობით, ავიაციის გამოყენებით 300 ჰექტარზე მეტი ფართობი შეიწამლა

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ავიაციით შეწამვლის პროცესი გრძელდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაციის გამოყენებით ამ ეტაპზე 300 ჰექტარზე მეტი ტერიტორიაა შეწამლული.

უწყებაში განმარტავენ, რომ იქ, სადაც ავიაციით შეწამვლა ვერ ხერხდება,  გარემოს ეროვნული სააგენტო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სპეციალურ ტექნიკას იყენებს.

“სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკით- სამანქანე აგრეგატებით და სატრაქტორო დანადგარებით- ერთი კვირის განმავლობაში სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში  10 ათას ჰექტარზე მეტი  ფართობი შეიწამლა. დღეისათვის დამუშავებული ფართობების რაოდენობა დაახლოებით 90 ათას ჰექტარს  შეადგენს,”-წერია განცხადებაში. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმციით, აბაშის მუნიციპალიტეტის შემდეგ, შეწამვლის პროცესი ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მიმდინარეობს.

სოფელ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანის მცხოვრების, რომან ბაღუას თქმით, მის სოფელში ამ დრომდე არც ავიაციით და არც ტექნიკით შეწამვლა არ ჩატარებულა.

“ტელევიზორში ვუსმინე, გამგებელმა ილაპარაკა. როგორც თქვა, შევწამლეთ და ცოტა დარჩაო, მაგრამ მათ შეწამლეს ძირითადად საერთო მასივები. მაგალითად, მარანში ჯერ არ გამოუვლია არავის. ალბათ საჰაერო შეწამვლაში სოფლები არ შედის. მე ასე მგონია,”- უთხრა “ნეტგაზეთს” ფერმერმა.

მავნებელი მწერის წინააღმდეგ საავიაციო შეწამვლა სახელმწიფო ბოუჯეტიდან ფინანსდება.

აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წელს  მავნებელმა მწერმა მეთხილეობის დარგს 50–60 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.