სადგერი, google map

სადგერის სუბთერმული წყლების მოპოვების ლიცენზია “პარკ ჰოტელს” 21 წლით გადასცეს

 

ბორჯომის ხეობაში,  “სადგერის” მიწისქვეშა სუბთერმული წყლების მოპოვების ნებართვა  შ.პ.ს “პარკ ჰოტელმა”  2041 წლამდე მიიღო და მასში 25 ათას ლარს გადაიხდის.

კომპანიას მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზია პირდაპირი წესით გადასცეს.  ამის შესახებ მთავრობამ განკარგულება 31 აგვისტოს გამოსცა, რომლის მიხედვითაც კომპანიისთვის  სუბთერმულ – მინერალური წყლის მოსაპოვებელი მოცულობა წელიწადში 62 050 ( სამოცდაორი ათასორმოცდაათი ) კუბური მეტრით განისაზღვრა.

მთავრობის განკარგულებით, ლიცენზიის მფლობელი კომპანია ვალდებულია ორი წლის ვადაში უზრუნველყოს  ნომერ მე-10 ჭაბურღილის წყლის მარაგის გამოთვლა და შესაბამისი უწყებისთვის ინფორმაციის მიწოდება.

დოკუმენტის მიხედვით, კერძო კომპანია ასევე ვალდებულია, საბადოს მარაგის მთლიანი რესურსი აითვისოს და სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობა მოქმედი კანონმდებლობით განახორციელელოს.

კომპანია “პარკ ჰოტელს”, რომელმაც სადგერში მინერალური წყლების მოპვების ლიცენზია 21 წლის ვადით მიიღო, 2016 წელს სახელმწიფომ უსასყიდლოდ, 25 წლის ვადით, ბორჯომში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე  3 309 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა.

სააჯერო რეესტრის ინფორმაციით, კომპანია 2014 წელს დარეგისტრირდა.

Forbes-ის ქართული გამოცემის მიხედვით  შ.პ.ს “პარკ ჰოტელს” ფრენჩაიზ ხელშეკრულება აქვს გაფორმებული  ბრიტანული  სასტუმროების კომპანია InterContinental Hotels Group-თან, რის შემდეგადაც Crowne Plaza სასტუმრო ბორჯომში აშენდა.

სადგერი, google map

სადგერი, google map

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.