ახალი ამბები

დათო ოქიტაშვილმა პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

14 სექტემბერი, 2017 • 2854
დათო ოქიტაშვილმა  პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

დათო ოქიტაშვილმა  პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ოქიტაშვილის თქმით, მისი თვითმიზანი პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეობა არ ყოფილა, მას სურდა საზოგადოებას დაენახა ის, რაც პროფესიული გარეთიანების შიგნით ხდება. დავით ოქიტაშვილმა მის მიმართ არსებული ბრალდებებიც უარყო:

“მე ვხსნი ჩემს კანდიდატურას იქიდან გამომდინარე, რომ აქ ოცდაოთხი საათი ერთი და იგივე ლაპარაკი ისმის, რომ მე ვარ სამთავრობო კანდიდატი. თქვენ მიხვდით, რომ ჩემთვის თვითმიზანი, გავმხდარიყავი პროფკავშირის თავმჯდომარე – არ იყო. ჩემთვის თვითმიზანი იყო ის, რომ საზოგადოებას დაენახა ის, რაც ხდება პროფკავშირებში” – თქვა ოქიტაშვილმა.

დღეს, 14 სექტემბერს პროფკავშირების გაერთიანების ახალი თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრა გაიმართება. კენჭისყრაში მონაწილეობას საქართველოში არსებული სხვადასხვა პროფესიული გერთიანების დელეგატები მიიღებენ. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც დელეგატთა მხარდაჭერის ნახევარზე მეტს მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კენჭისყრის მეორე ტური გაიმართება.

საქართველოს პროფესიული გაერთიანებების თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად გასამართ არჩევნებში მონაწილეობას ამ ეტაპზე ორი კანდიდატი იღებს. მათ შორისაა მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, რომელიც კენჭს ამ თანამდებობაზე მეოთხე ვადით იყრის. პეტრიაშვილის გარდა, არჩევნებში მონაწილეობას იღებს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილი.  ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილმა კი კანდიდატურა დღევანდელ ყრილობაზე მოხსნა.

კანდიდატურის მოხსნის მიზეზად ოქიტაშვილმა დაასახელა მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სახელისუფლებო კანდიდატია, რასაც სიცრუე უწოდა.

პროფკავშირების ყრილობა 14.09.17 ფოტო: ნეტგაზეთი/ დათო ქოქოშვილი

პროფკავშირების ყრილობა 14.09.17 ფოტო: ნეტგაზეთი/ დათო ქოქოშვილი

გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარის გამოსავლენად საარჩევნო კამპანია ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. ერთი მხარე ოქიტაშვილს და ახლა უკვე ზენაიშვილსაც ადანაშაულებს, რომ ისინი “მმართველი გუნდის ერთი ფლანგის” პროექტს წარმოადგენენ, ხოლო ოქიტაშვილის მიერ წამოყენებული ბრალდებების ჩამონათვალი უფრო ვრცელია.

“არსებული მდგომარეობა, ერთი მხრივ, არაჯანსაღ პროცესზე მიუთითებს, ხოლო, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად აზიანებს პროფესიული კავშირების იდეას და ფართო საზოგადოებაში მის მიმართ დისკრედიტაციას განაპირობებს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია EMC და აუდიტორია 115 ავრცელებენ. მათაც აქვთ ეჭვი, რომ შესაძლოა საარჩევნო პროცესზე გავლენის მოხდენას ხელისუფლება ცდილობდეს.

“კანდიდატად იმგვარი პირის პოზიციონირება, რომელსაც არ გააჩნია პროფკავშირული ბრძოლის გამოცდილება და აქტიური პროფკავშირული ორგანიზაციების ნდობა, აჩენს ეჭვებს პოლიტიკური ხელისუფლების ზეგავლენაზე და მაღალ ინტერესზე, თავისი დაქვემდებარების ქვეშ მოაქციოს პოლიტიკური წინააღმდეგობის რესურსის მქონე ორგანიზაცია, რაც უკიდურესად დაასუსტებს პროფესიული კავშირების როლს და გაანეიტრალებს მას, როგორც სოციალური სამართლიანობისათვის მებრძოლ მნიშვნელოვან აქტორს. ამასთან, პროფესიული კავშირების წევრები მიუთითებენ დელეგატებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაზე დასახელებული კანდიდატის სასარგებლოდ, რაც აძლიერებს ეჭვებს სახელისუფლებო ჯგუფების უშუალო და პირდაპირი ჩარევის შესახებ წინაასაარჩევნო პროცესში, რაც სრულიად დაუშვებელია”, – ნათქვამია EMC-ის და აუდიტორიის განცხადებაში.

მეორე მხრივ, განცხადებიდან ჩანს, რომ მათ შენიშვნები ირაკლი პეტრიაშვილის მუშაობის მიმართაც აქვთ.

“თავად პროფესიულ კავშირებში მიმდინარე შიდა პროცესები კრიტიკის საფუძველს აჩენს. რამდენადაც პროფესიული გაერთიანების მიმართ არსებული მწვავე და დასაბუთებული კრიტიკის პირობებში, რაც გაერთიანების მიმართ საზოგადოების დაბალ ნდობაში, გამჭვირვალობისა და შიდადემოკრატიულობის დეფიციტში, პროფესიული კავშირების დაბალ გავლენაში, შრომითი დავების არაეფექტიან წარმართვაში და სხვა მნიშვნელოვან პრობლემებში გამოიხატება.

პროფესიული კავშირების ამჟამინდელი გაერთიანების  სამგზის არჩეული თავმჯდომარის მხრიდან თავისი კანდიდატურის მეოთხედ წამოყენებამ დიდი უკმაყოფილება გააჩინა თავად პროფკავშირული ორგანიზაციის წიაღში, რაც საბოლოო ჯამში შიდა განხეთქილების და დაპირისპირების საფუძველი გახდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ პროფკავშირების გაერთიანების არსებულმა  ინსტიტუციურმა სისტემამ ვერ უზრუნველყო დასაქმებულების მაღალი მხარდაჭერის მქონე კანდიდატის წარმოქმნა და პირველად ორგანიზიაციებში არსებული მოლოდინების გამართლება, რაც თავის მხრივ შიდადემოკრატიული პროცესის არარსებობაზე და არარეპრეზენტატიულ პოლიტიკაზე მეტყველებს, სადაც გადაწყვეტილებების მიღება და პროცესების მართვა არაინკლუზიურად მიმდინარეობს და სათანადოდ არ ხდება მშრომელთა სხვადასხვა ჯგუფის პროცესებში ინტეგრირება თუ მათი ინტერესების გათვალისწინება”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი