ახალი ამბები

ავად გახდებით, გუგავა მოვა – ლეიბორისტებმა თბილისის მერობის კანდიდატი დაასახელეს

14 სექტემბერი, 2017 • 3768
ავად გახდებით, გუგავა მოვა – ლეიბორისტებმა თბილისის მერობის კანდიდატი დაასახელეს

“ლეიბორისტურმა პარტიამ” თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა დაასახელა. მერობის კანდიდატი პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან წარადგინა.

შალვა ნათელაშვილი ამომრჩეველს დაჰპირდა რომ მათი კანდიდატი პრობლემების მოგვარების საკითხში მუდმივად იქნება თბილისელების გვერდით.

“აი, აქ, ამ სასახლეში,  ოლიგარიქისა და ბანკირის დაგირავებულია საქართველოს ბედნიერება. ჩვენ უნდა ჩვენი ქვეყანა გამოვგლიჯოთ მტაცებლებს და ეს უნდა დავიწყოთ თბილისიდან. მსოფლიომ იცის, რომ თუ თბილისი ფეხზე დადგება, საქართველოს ვერვინ დაამარცხებს. თბილისს ისეთი მერი უნდა, რომელიც არ დაუშვებს ამ მილიალდერების ბატონობას დედაქალაქსა და ქვეყანაზე”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა კანდიდატის წარდგენისას.

“ვინმე დაგჩაგრავთ, გუგავა მოვა, თქვენ არ დაგჭირდებათ მისვლა, ავად გახდებით, გუგავა მოვა. ბანკი მოვა გამოსასახლებლად, გუგავა მოვა. წყალი გასკდება, გუგავა მოვა. გზა გაითხრება, გუგავა მოვა,  რამე გაჭირვება იქნება? გუგავა იქნება თქვენს გვერდით. თქვენ არ დაგჭირდებათ მისვლა, რიგში ჩადგომა, საშვის აღება, დაცვის კორდონების გადალახვა.  ეს იქნება რეალობა, ეს იქნება სწორედ ის, რასაც ჩვენი ქალაქი ელოდება. ჩვენი ქალაქი ელოდება მზრუნველ მერს, ოჯახის წევრს, საკუთარ ძმას, საკუთარ მამას, საკუთარ მეგობარს საკუთარ უბნელს და ასეთი იქნება და ასეთი არის გიორგი გუგავა”,-განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა.

მისი თქმით, გიორგი გუგავას ალტერნატივა არ ჰყავს და მოუწოდა ამომრჩეველს, მათი კანდიდატის სასარგებლოთ გააკეთონ არჩევანი:

“ერთ მხარეზე ვართ ჩვენ და მეორე მხარეზეა მთელი დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი. თქვენ ისევ მოგცათ ღმერთმა საშუალება, აირჩიოთ ერთი ან მეორე,  შუალედი არ არსებობს იმიტომ, რომ ყველა ერთი ბუდიდან ამოფრენილია. ეს იცის მთელმა საქართველომ. ჩვენ როცა გეუბნებოდით, რომ საქართველოს გადარჩენის უკანასკნელი შანსია ან დღეს, ან არასოდეს, ზოგიერთები ქილიკობდნენ, იცინოდნენ. აი, ხომ ხედავთ, რა იუმორი დაგვიტრიალდა. ხედავთ, რა ყვავები და ქორები მოვიდნენ ჩვენს სამართავად. აი, ამ მიწაზე, ამ წმინდა მიწაზე, სადაც აბრეშუმის გზის დროიდან გადიოდა საქარავნო გზები, სადაც უწმინდესი ადგილები იყო, სადაც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ, სოლოლაკი არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ოლიგარქმა გაბედა და ნიჩაბი დაარტყა. გაყოყოჩებულმა, მილიარდერმა, ქურდმა ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2000 წელს და მაშინ ქალაქს ღირსეული მერი რომ ჰყოლოდა, ამას არ გააკეთებინებდა.  ეს კაცი მთელ საქართველოს არ მოაჯდება თავზე. ჩვენ ფაქტიურად 21 ოქტომბერს საქართველოს მერს ვირჩევთ”. 

საქართველოში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები  21 ოქტომბერს ჩატარდება. 2017 წლის არჩევნებზე თვითმმართველი ქალაქები საკრებულოს წევრებს, თავმჯდომარეებსა და ქალაქების მერებს აირჩევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი