Interviewsახალი ამბებიკომენტარი

აშშ-საქართველო, რუსული საფრთხე და ევროინტეგრაცია – ინტერვიუ დენიელ ფრიდთან

14 სექტემბერი, 2017 • 7273
აშშ-საქართველო, რუსული საფრთხე და ევროინტეგრაცია – ინტერვიუ დენიელ ფრიდთან

თბილისში, „მაკკეინის ინსტიტუტისა“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა. „მსოფლიო ქაოსში: დემოკრატიის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მომავალი“  – ორი დღის განმავლობაში ღონისძიებაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. ხშირ შემთხვევაში, საქართველოს კონტექსტში.
მომხსენებელთა შორის იყო დენიელ ფრიდი – ამერიკელი დიპლომატი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში სხვადასხვა დროს რიგ თანამდებობებზე მუშაობდა, ამჟამად კი ატლანტიკური საბჭოს წევრია. ფრიდი „ნეტგაზეთს“ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, აშშ-თან ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივაზე, რუსულ საფრთხესა და ევროპულ მომავალზე ესაუბრა.

გასულ 9 თვეში საქართველოსა და აშშ-ის ლიდერებს შორის არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა.  თუმცა არის თუ არა თქვენთვის ნათელი, სად და რა როლში ხედავს ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს?

მინდა გავიხსენო ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში. რომ არა ეს მოვლენა, ნაკლებად დარწმუნებული ვიქნებოდი ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულებაში საქართველოსთან დაკავშირებით. ამ ვიზიტის შემდეგ, მიუხედავად პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებული გარკვეული კითხვის ნიშნებისა, საქართველოს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ აშშ მხარს უჭერს ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ევროინტეგრაციას.  თუ აშშ საქართველოს იგნორირებას გაუკეთებს, ეს გამოყენებული იქნება რუსეთის მიერ. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ამ ვიზიტის შემდეგ, მე გაცილებით ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასე არ მოხდება.

უფრო კონკრეტულად, რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს?

ვფიქრობ, გვაქვს გამოწვევების ორი დონე: პირველ რიგში, საქართველომ, უკრაინამ, ბალტიისა და მთელი ევროპის ქვეყნებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ისინი არიან ფრონტისწინა ქვეყნები, რუსული აგრესიის საფრთხის ქვეშ. ამ მხრივ, საჭიროა მუშაობა ვაშინგტონთან. საქართველოსადმი მხარდაჭერა მოდიოდა და მოდის როგორც რესპუბლიკელებისგან, ისე დემოკრატებისგან. მნიშვნელოვანია, რომ ის რჩება ძალაში.
მეორე და მეტად მნიშვნელოვანი წინაპირობა არის ის, რომ საქართველომ განაგრძოს რეფორმების გატარება. ეს კარგია თავად საქართველოსთვის და, ამავე დროს, ეს იქნება კაპიტალი ქვეყნისთვის: თუ საქართველო გახდება ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო, პროცესი ზრდის მის პოლიტიკურ მნიშვნელობას აშშ-სთვის.  ეს არის უბრალო თეორია, თუმცა მე დავინახე, რომ ამ თეორიამ იმუშავა 90-იანი წლების დასაწყისის პოლონეთში.

 

რა შანსი აქვს საქართველოს ნატოსკენ მიმავალ გზაზე ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში?

ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ვფიქრობ, საქართველოს, ზოგიერთ შემთხვევაში, აქვს შესაძლებლობა, გააფართოოს კავშირები ნატოსთან და მისცეს მათ მეტად პრაქტიკული სახე. როგორც მოისმინეთ, ამის შესახებ გასაგებად ისაუბრა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემელორმა[რომელიც კონფერენციის დასკვნით ნაწილში სკაიპით ჩაერთო]. მე ვურჩევდი საქართველოს, იყოს მეტად აგრესიული ნატოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის გასაღრმავებლად. ვფიქრობ, კარგი შედეგი გექნებათ. არ გირჩევდით, იყოთ აგრესიულნი უშუალოდ ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. არა იმიტომ, რომ ამის წინააღმდეგი ვარ. უბრალოდ, მე მჯერა ისეთი ბრძოლის, რომელშიც გამარჯვების შანსი რეალურია. ამიტომ კონცერტრირება მოახდინეთ იმ მიმართულებებზე, სადაც შეგიძლიათ, პროგრესს მიაღწიოთ. რუსებს მოეწონებათ ვითარება, როცა თქვენ დაიწყებთ ბრძოლას და დამარცხდებით. მინდა ვნახო, რომ საქართველო იბრძოლებს, ოღონდ პოლიტიკურად, და ის გაიმარჯვებს.

თქვენი სესიის დროს ისაუბრეთ პარალელებზე საქართველოსა და ბალტიის ქვეყნებს შორის. განაცხადეთ, რომ საქართველო ახლა იმ მდგომარეობაშია, როგორშიც ლიტვა იყო 90-იან წლებში. როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებაა ორი პოსტსაბჭოტა ქვეყნის წარსულსა და აწმყოს შორის და რა უნდა გააკეთოს საქართველომ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?

თქვენი გეოგრაფია გაცილებით არახელსაყრელია, ვიდრე ბალტიის ქვეყნებისა. კიდევ ერთი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ევროპა და აშშ მეტად დარწმუნებულნი იყვნენ საკუთარ თავში, ვიდრე ისინი ახლა არიან. რუსეთი კი გაცილებით აგრესიულია ახლა, ვიდრე ადრე იყო. შესაბამისად, მდგომარეობა არათუ გაუმჯობესდა, არამედ გაუარესდა. სხვა მხრივ, არსებობს პრეცედენტები სხვადასხვა ქვეყნების სახით, რომლებმაც ევროკავშირთან და ნატოსთან მიმართებაში წარმატებას მიაღწიეს. შესაბამისად, თქვენ გაქვთ კარგი პრეცენდენტები, რომელთაც უნდა მიჰყვეთ.

IMG_8332 1

რას ფიქრობთ, როგორ მუშაობს საქართველოს მთავრობა ევროინტეგრაციის გზაზე?

საქართველოსთან დაკავშირებით გარკვეული გამოცდილება მაქვს, თუმცა ეს ძველი გამოცდილებაა – ქვეყანას 2009 წელს ვსტუმრობდი. ამიტომ, ვფიქრობ, ქვეყნის საშინაო პოლიტიკის დეტალებს ვერ ჩავუღრმავდები. თუმცა საყურადღებოა კონსტიტუციური რეფორმის პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, შედგეს კონსენსუსი ძირითად პოლიტიკურ პარტიებს შორის. ვიმედოვნებ, კონსენსუსის აუცილებლობის საკითხს საქართველოს ხელისუფლება მხედველობაში მიიღებს. ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური რეფორმის განხორციელება, კორუფციასთან ბრძოლა და წინააღმდეგობა რუსული გავლენის მიმართ; არა ინდივიდუალური გავლენის, რომელიც ნორმალურია, ვგულისხმობ პროპაგანდისტულ მიმართულებას.

აქვე გკითხავთ, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, რათა გაანეიტრალოს ჩრდილოელი მეზობლის პროპაგანდა? როგორია საერთაშორისო გამოცდილება?

ჩვენ, ყველანი ვსწავლობთ. ვსწავლობთ აშშ-ც, ევროპის ქვეყნებიც, თუ როგორ დავუპირისპირდეთ რუსულ პროპაგანდას. საქართველოს მთავრობის ადგილას რომ ვიყო, გავაფართოვებდი მუშაობას ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, ყველანი ერთად ვცდილობთ, გავუმკლავდეთ რუსულ პროპაგანდას. შემიძლია ვთქვა, რომ ამ მიმართულებით ამერიკაში პროგრესი ნამდვილად  არის, თუმცა საკითხზე მუშაობა გრძელდება. ამგვარად, ჩვენდამ წყებნი ვართ აღნიშნული პრობლემის წინაშე.

დასასრულს, მინდა უკრაინის საკითხზეც გკითხოთ. სესიის დროს განაცხადეთ, რომ თუ უკრაინა პრობლემებს გაუმკლავდება, ეს იქნება „სილის გაწნა“ რუსეთისთვის. როგორ მოახერხებს ქვეყანა კრიზისიდან გამოსვლას რუსეთთან ბრძოლის პარალელურად? რა არის ახალი მთავრობის მთავარი მიღწევები და შეცდომები?

ვფიქრობ, უკრაინა იმსახურებს დაფასებას, ერთი მხრივ, იმისთვის, რომ ეწინააღმდეგება რუსულ გავლენასა და თავდასხმებს და, მეორე მხრივ, იმისთვის, რომ აგრძელებს რეფორმების განხორციელებას. ვფიქრობ, სახეზეა ქვეყნის რამდენიმე წარმატება. მათ შორის, საბანკო რეფორმა, რეფორმა ენერგეტიკის სფეროში, ასევე სხვა რამდენიმე წარმატებული ნაბიჯი. მეორე მხრივ, უკრაინამ ჯერ კიდევ ვერ უკუაგდო კორუფცია. ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო, თუ როგორ გაწმინდა საქართველო კორუფციისგან ბატონმა სააკაშვილმა. ვფიქრობ, უკრაინამაც იგივე უნდა გააკეთოს. მესმის, რომ მათთვის რთულია, რადგან პარალელურად ებრძვიან რუსეთსაც, მაგრამ მათ სჭირდებათ, ააშენონ უკრაინის სახელმწიფო, რომელიც არ იქნება ტიპიური პოსტსაბჭოთა ქვეყანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი