ახალი ამბებიკომენტარი

ალექსიევიჩის უხერხული სიმართლე და ქართველთა საყვედური

14 სექტემბერი, 2017 • 11322
ალექსიევიჩის უხერხული სიმართლე და ქართველთა საყვედური

ავტორი: ლევან ცუცქირიძე


გუშინ სვეტლანა ალექსიევიჩთან შეხვედრას დავესწარი და მიუხედავად იმისა, რომ მისთვის შეკითხვა არ დამისვამს, ჩემი და ბელორუსი მწერლის დიალოგი კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

„თავისუფალი ადამიანები ისტორიაზე გაბედული პასუხებიდან მოდიან,“ – ალექსიევიჩის ეს ფრაზა არის კიდეც ალბათ მისი წიგნების მთავარი იდეა და ამოსავალი წერტილი. რუსთაველის თეატრის დარბაზში „უტოპიის ხმების“ ავტორის საუბარი პირდაპირ და დაუნდობლად ეხებოდა ჩვენს კოლექტიურ ნერვებს.

მტკივნეულად შეგვეხო მაშინაც, როდესაც თქვა, ჩვენ, მათ შორის ქართველებმა, ძალიან ბევრი დავკარგეთ საბჭოთა დროს და ამიტომაც ახლა ძალიან გვიჭირს ავტორიტარიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევაო. ამას ისიც ეხმარება, რომ ოპოზიცია ძირითადად დაქსაქსულია, ხოლო ცუდმა ბიჭებმა უკეთ იციან თანამშრომლობა და კოალიციების შეკვრაო.

სვეტლანა ალექსიევიჩი თბილისში. 12 სექტემბერი, 2017. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

სვეტლანა ალექსიევიჩი თბილისში. 12 სექტემბერი, 2017. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მიზანში ზუსტად მოარტყა, როდესაც აღნიშნა, სტალინიზმმა და კაგებემ 30 მილიონი ადამიანი შეიწირა, ეს ხალხი კი დახმარებას ისევ კაგებესგან ელოდებაო. 30 მილიონი მსხვერპლი ამდენივე დამსმენს გულისხმობს, ამას კიდევ გულაგების და ციხეების დარაჯები და ჯალათები დაუმატეთ და დათვალეთ, სულ რამდენი გამოვაო. ამასთან, ჩვენი ყოფის სიმართლე ისაა, რომ ისტორიას არა მხოლოდ დიდი ჯალათები, არამედ პატარა ჯალათებიც ქმნიანო. იქვე გაიხსენა ერთ-ერთი ჟურნალისტის ზუსტი შეფასება,  რომ ალექსიევიჩის პერსონაჟები პატარა, საშიში ადამიანები არიანო.  ასეთი ჯალათი კიდევ, მე თუ მკითხავთ, ჩვენს ქუჩებში ახლაც ბევრი დადის. მიუშვით ნებაზე და ნახავთ, როგორი მარშით გადაგვივლიან თავზე.

მოკლედ, ეს არის ჩვენი მემკვიდრეობა და მოგვწონს თუ არა, სიმართლისთვის თვალის გასწორება აჯობებს, მათ შორის იმისთვისაც, რომ ეკლესიას ხალხი კი არა, ფული და ძალაუფლება უყვარს, ხოლო თავისუფლებას ადამიანები რელიგიაშიც ემალებიანო. მე მგონია, რომ სწორედ ასეთი უხერხული სიმართლის თქმა არის სვეტალანა ალექსიევიჩის მისია და პირდაპირ კი არ უთქვამს, მაგრამ საქართველოზეც ლაპარაკობდა. ისევ მწერალს თუ მოვუსმენთ, კომუნიზმი ფორმალურად დაინგრა, თორემ ჯერ ისევ ჩვენს შორის არისო. მოკლედ მიჰყვა სათქმელს და იქამდე მივიდა, თუ რა შეიძლება ინტელექტუალმა, მწერალმა და ქალმა აკეთოს.

მე ისეთი წიგნის დაწერა მინდოდა („ცინკის ბიჭები“), გენერალს რომ ომს შეაძულებს, ამიტომაც არქივების და გენერლების ნაცვლად იმ ადამიანებს ველაპარაკებოდი, ვისაც არასდროს არავინ არაფერს ეკითხებაო. ხოლო რუსულად იმიტომ ვწერ, რომ უტოპიაც სწორედ ამ ენაზე საუბრობსო.

ჩვენ ვცხოვრობთ გარემოში, სადაც თავისუფლება ძალიან მიამიტურად მივიღეთ და სანამ ჩვენ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ბარიკადებზე გავიძახდით, სხვები შვეიცარიის საბანკო ანგარიშებს ავსებდნენო. ჰოდა, ხალხმა კი დაინახა ყველაფერი, მაგრამ იმ ხალხზე კი არ გაბრაზდა, არამედ იდეაზე აიცრუა გული და ახლა ძეხვსა და არაყში ხედავს თავისუფლებასო.

აქ იქმნება კიდეც დილემა ინტელექტუალისთვის: მთავრობის ოპონირება ნორმალურია, მაგრამ საკუთარ ხალხთან ბრძოლა ძალიან ძნელიაო. ჩემი წიგნების მეშვეობით დასავლეთში გაიცნეს ის ხალხი, რომელმაც თავისუფლება მოიპოვა და მერე მასზე უარი თქვაო. მართლაც, როგორ გინდა იარო თავისუფლებისკენ, თუკი ადამიანების უმრავლესობას ის არ სურს? ამ შეკითხვით მწერალი მათაც ეხმიანება, ვინც წერს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური რეჟიმი ყოველთვის არის ერთგვარი საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგი და ამიტომაც ბრძოლა თავისუფლებისთვის ყოველთვის განმანათლებლობით იწყება.

ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხზე საუბარის მერე კი დარბაზის კითხვების დროც დადგა. და მაშინვე დადასტურდა, რომ ალექსიევიჩი ცამდე მართალი იყო, როდესაც თავისუფლების დათმობაზე საუბრობდა. წამყვანების თხოვნის მიუხედავად, ქართულად დასვით შეკითხვა და ჩვენ ვთარგმნითო, მაინც ჯიუტად სვამდნენ რუსულად ვრცელ შეკითხვებს. თუმცა არც საყვედური დაუგვიანეს, ბელორუსიულ ენაზე რატომ არ წერ, ეგ იმიტომ ხომ არ ხდება, რომ  რუსულად თქვენს წიგნებს უფრო მეტი მკითხველი ეყოლებაო. ეგ რაა, ატომური ბომბი დარბაზში მაშინ ჩამოვარდა, ვიღაცამ რომ შერისხა, საქართველოზე რატომ არ წერთ, ჩვენთან ხომ ასეთი მნიშვნელოვანი ამბები ხდებოდაო. ალექსიევიჩის პასუხი კი ალბათ ბევრს გაუჩენს საფიქრალს – ეს თქვენი გასაკეთებელია, თქვენ უნდა დაწეროთო.

მართალია, არც ქართულად და არც საქართველოზე სვეტალანა ალექსიევიჩი არ წერს, მაგრამ ეს მხოლოდ მისი წიგნების ზედაპირული წაკითხვაა. უტოპიის ხმები დარბაზშიც ისმოდა.  მწერალმა ისიც თქვა, რომ თავისუფლების მოსაპოვებლად, მთავარია ყველამ ჩვენი პატარა საქმე კარგად ვაკეთოთო. ამიტომ, მეც დავუბრუნდები ახლა ჩემს გეგმებს. მომავალ შეხვედრამდე, დროებით!


 

[one_half last=”no”]

ავტორის შესახებ: 

ლევან ცუცქირიძე არის ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში. მანამდე მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორად და სამოქალაქო რეესტრის რეფორმის პირველი ფაზის პროექტის მენეჯერად. ასევე, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოში.“

ლევან ცუცქირიძეს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ჯონს ჰოპკინსის პოლ  ნიცზეს სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში. მისი კვლევითი და პროფესიული ინტერესებია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, პოლიტიკური ინსტიტუტებისა და დემოკრატიული განვითარების საკითხები.

[/one_half][one_half last=”no”]

ლევან ცუცქირიძე, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის წარმომადგენელი; აქციის ორგანიზატორი

ლევან ცუცქირიძე, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის წარმომადგენელი; 

[/one_half]

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი