ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩასვლას 19 სექტემბერს გეგმავს

14 სექტემბერი, 2017 • 2312
მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩასვლას 19 სექტემბერს გეგმავს

ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის გააგრძელებს მოგზაურობას უკრაინის ქალაქებში, 19 სექტემბერს კი კიევში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

“ჩვენ ყველა წავალთ კიევში და ეს იქნება დასაწყისი” – თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა. სააკაშვილის თქმით, კიევში ჩასვლამდე უკრაინის კიდევ რამდენიმე ქალაქში ჩავა და მხარდამჭერებს შეხვდება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კიევს სასწრაფოდ სჭირდება გადარჩენა:

“ჩვენ წავალთ რამდენიმე ქალაქში და შემდეგ კიევში. როგორც გავიგე, 19 სექტემბერი მთავარანგელოზი მიქაელის დღეა, რომელიც კიევის მფარველია. კიევს სასწრაფოდ სჭირდება გადარჩენა. ჩვენ ყველა წავალთ კიევში და ეს იქნება დასაწყისი. რამდენიმე კვირაში ჩვენ გაცილებით მეტნი ვიქნებით და ყველაფერი ზუსტად ისე იქნება, როგორც “შეგინის” სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან იყო”  – ამბობს სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა  პოლონეთ-უკრაინის საზღვარი 10 სექტემბერს  გადაკვეთა. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა მესაზღვრეების კორდონი გაარღვიეს და ის უკრაინის ტერიტორიაზე შეიყვანეს.

უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილს ქვეყანაში შესვლის საშუალებას არ აძლევდა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად მისი ოჯახის წევრები, რადას დეპუტატები და უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო იმყოფებოდნენ.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქე აღარაა 2015 წლიდან, როდესაც უკრაინაში ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა. თუმცა შემდეგ ხელისუფლებას დაუპირისპირდა და ოპოზიციაში გადავიდა.

უკრაინის საზღრის გადაკვეთის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღე ლვოვში გაატარა. 12 სექტემბერს სასტუმროში, სადაც ოდესის ყოფილი გუბერნატორი იმყოფებოდა, პოლიცია მივიდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სასტუმროში მისული მესაზღვრეები განმარტავდნენ, რომ იქ მიიტანეს ე.წ. პროტოკოლი, რომელიც უნდა გადასცენ მიხეილ სააკაშვილს და აცნობონ, რომ 10 სექტემბერს მან დაარღვია სახელმწიფო საზღვარი.

 

რამდენიმე საათის შემდეგ სააკაშვილმა სასტუმროს წინ ბრიფინგი გამართა, სადაც ჟურნალისტების თანდასწრებით პოლიციელებმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პროტოკოლი გადასცეს.

პარალელურად,  საქართველომ უკრაინას სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით მეორედ მიმართა. თუმცა გუშინ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ტელეკომპანია 112-თან საუბრისას განაცხადა, რომ მანამ, სანამ ქართული სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებზე განაჩენს არ გამოიტანს, ექსტრადირება არ მოხდება. დენის ჩერნიშევის განცხადებით, ამ ეტაპზე სააკაშვილის ექსტრადირების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი