100 – ზე მეტმა ჯარისკაცმა ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობისთვის პრემია მიიღო

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომსა და ატენის ხეობაში ხანძრის ლოკალიზაციის ღონისძიებებში მონაწილე თითოეულ სამხედრო პირს ფულადი პრემია, 625 ლარი გადაეცა. ჯამში, სამინისტრომ ფულადი პრემია 1374 ჯარისკაცს გადასცა.

100 სამხედრო მოსამსახურეს მედალი „სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისთვის“ გადაეცა, სამსახურეობრივი-საშტატო იარაღით 107 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაჯილდოვდა, 957 სამხედრო და 7 სამოქალაქო პირს მადლობა გამოუცხადეს, საპატიო სიგელით 228 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა და მადლობის სიგელი 42 სამოქალაქო პირს გადაეცა,”- წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მადლობა გადაუხადა სამხედრო მოსამსახურეებს გაწეული სამსახურისთვის, ხოლო გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფებოდა, უწყებრივი მედალი “დიდგორი” გადასცა.


ბორჯომში ხანძარი  20  აგვისტოს  თავდაპირველად 2008 წლის ომის დროს დამწვარ ტერიტორიასთან გაჩნდა და ხეობაში გავრცელდა. პრეზიდენტმა ხანძრების ლიკვიდაციისთვის სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება 22 აგვისტოს გამოსცა, რის შემდეგაც ხანძრის ჩაქრობის პროცესში თავდაცვის სამინისტრო ძალები ჩაერთნენ. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.