ახალი ამბები

ყველა უწყების თანამშრომელი, ვინც ხანძრებს ებრძოდა, ფულადი პრემიით დაჯილდოვდება – პრემიერი

13 სექტემბერი, 2017 • 2121
ყველა უწყების თანამშრომელი, ვინც ხანძრებს ებრძოდა, ფულადი პრემიით დაჯილდოვდება – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და გამოჩენილი თავდადებისთვის, უკლებლივ ყველა უწყების თანამშრომელი, ვინც აგვისტოში ხანძრებს ებრძოდა, წახალისების სახით ფულადი პრემიით დაჯილდოვდება.

მიმდინარე წლის აგვისტოში ბორჯომის ხეობაში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოებში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, რომელთა დასრულების შემდეგ, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ფულადი პრემიები აღნიშნული პირების პირად ანგარიშებზე ჩაირიცხება.

2017 წლის აგვისტოში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არაერთი ხანძარი გაჩნდა, მათ შორის, ყველაზე რთული მდგომარეობა იყო: ბორჯომის ხეობაში, ხულოში, თელავში, აბასთუმანსა და თუშეთში. გარდა ამისა, რამდენიმე ძლიერი ხანძარი იყო თბილისშიც, მთაწმინდის ფერდობზე და დედაქალაქის სხვადასხვა ადგილებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი