ახალი ამბები

“გაკეთდა მკაფიო განცხადება, რომ ჩვენს გვერდითაა უმთავრესი სტრატეგიული მოკავშირე, აშშ” – ლევან იზორია

13 სექტემბერი, 2017 • 1640
“გაკეთდა მკაფიო განცხადება, რომ ჩვენს გვერდითაა უმთავრესი სტრატეგიული მოკავშირე, აშშ” – ლევან იზორია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან, იზორიას განცხადებით, აშშ-საქართველოს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მიერ გავრცელებული განცხადება სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერას გამოხატავს. მისი თქმით, საქართველო ყველა შესაძლებლობას იყენებს მკაცრი ანტისაოკუპაციო პოლიტიკის განსახორციელებლად.

„გაკეთდა საკმაოდ მკაფიო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვერდითაა უმთავრესი სტრატეგიული მოკავშირე, აშშ. ეს მნიშვნელოვანია სწორედ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით, რაც გულისხმობს, პირველ რიგში, მოსკოვის იძულებას, შეასრულოს თავისი ვალდებულებები ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო შენაერთების გაყვანასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონში შედგა სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგელბში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს ეხება და სწორედ ამ ჯგუფის შეხვედრის შედეგად იქნა ეს მკაფიო განცხადება დაფიქსირებული. ჩვენ მაქსიმალურად ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ტრიბუნას, ასპარეზს, იმისთვის, რომ ვიყოთ მტკიცენი ჩვენს მისწრაფებებში, კერძოდ ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტერგრაციის თვალსაზრისით; ვიყოთ მტკიცენი დეოკუპაციის მიმართულებით მკაცრი პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით“.

თავდაცვის მინისტრმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის მსგავსად, არასერიოზული უწოდა ოსური მხარის ბრალდება ლუგარის ლაბორატორიიდან გავრცელებული დაავადებების შესახებ. აფხაზეთში დაწყებული სამხედრო სწავლება კი არაკონსტიტუციურად და უკანონოდ შეაფასა.

„ყველა ტიპის აქტივობა, განსაკუთრებით სამხედრო თვალსაზრისით, არის ანტიკონსტიუციური და უკანონო და აქვს საერთაშორისო საზოგადოებისგან მკაცრი კირიტკა. ჩვენ ამას აღვიქვამთ როგორც საფრთხეს“, – განაცხადა იზორიამ მედიასთან საუბრისას.

აღნიშნული კომენტარები მან „მაკკეინის ინსტიტუტისა“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ კონფერენციაზე შესვლამდე გააკეთა, სადაც აუდიტორიას საქართველოს თავდაცვის სისტემის გამოწვევების შესახებ ესაუბრება.

LikeShow more reactions

მასალების გადაბეჭდვის წესი