ახალი ამბები

350 მოკლევადიანი დამკვირვებლით OSCE/ODHIR თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება

13 სექტემბერი, 2017 • 1808
350 მოკლევადიანი დამკვირვებლით OSCE/ODHIR თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODHIR) დღეს, 13 სექტქმბერს, ოფიციალურად გახსნა არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია, რომლის აქტივობებზეც “ქორთიარდ მარიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე მისიის ხელმძღვანელმა კორიენ იონკერმა ისაუბრა.

ეს უკვე მეთოთხმეტე არჩევნებია, რომეელსაც ეუთო 1999 წლიდან საქართველოში აკვირდება. მისია ქვეყანაში ხელისუფლების მოწვევით იმყოფება. მისიის ძირითადი გუნდი, რომელიც 14 წევრისგან შედგება, თბილისში იმუშავებს. მისიას 18 სექტემბერს 22 გრძელვადიანი დამკვირვებელი შეუერთდება, რომლებსაც 2-კაციან საერთაშორისო გუნდებად დაყოფენ და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადაანაწილებენ. ხოლო არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად ეუთოს მონაწილე ქვეყნებიდან საქართველოში 350 მოკლეევადიანი დამკვირვებელი ჩამოვა უშუალოდ არჩევნების დღეზე დაკვირვების განსახორციელებლად.

კორიენ იონკერის განმარტებით, მოკლევადიანი დამკვირვებლები ყველა უბანს სრულად ვერ დააკვირდებიან და სპეციალური შერჩევის მიხედვით დააკვირდებიან უბნებს:

” ჩვენი მისიის განმავლობაში გვექნება შეხვედრები ყველა დონეზე, სახელმწიფო დონეზე, პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო სექტორთან და მედიასთან. ჩვენი მთავარი როლია, რომ დავაკვირდეთ არჩევნებს და შემდეგ დაკვირვების შედეგად გამოვლენილ ფაქტებზე ანგარიში მოვამზადოთ. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ჩვენი ფუნქცია არ არის პროცესში ჩარევა, ჩვენ არ გვაინტერესებს არჩევნების შედეგები. ჩვენ გვაინტერესებს, თუ რამდენად იქნება ამ პროცესში დემოკრატიული პრინციპები დაცული”,- განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა

სადამკვირვებლო მისია შეაფასებს არჩევნებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ჩარჩოს, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, კამპანიის დაფინანსებასა და მასმედიის მიერ არჩევნების გაშუქებას. ასევე განხორციელდება წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი. მედიაანალიტიკოსის ივან გოდარსკის განცხადებით, მედიამონიტორინგი ეუთოს სტანდარტით განხორციელდება:

“იქნება როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი ანალიზი. ჩვენ ვეცდებით  ჩავრთოთ ყველა მედისაშუალება, რასაც შევძლებთ. ყველას ჩართვა, ბუნებრივია, ვერ მოხერხდება, მაგრამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ მთავარი სატელევიზიო არხები, ბეჭდური და ონლაინმედია. ფინალურ ანგარიშში ასახული იქნება მედიამონიტორინგის შედეგები, შესაბამისი დიაგრამებით. მოკლე ინფორმაცია იქნება როგორც შუალედურ ანგარიშში, ისე არჩევნების დღეს გაკეთებულ მოკლე განცხადებაში”,- განაცხადა მან.

მისია გამოაქვეყნებს პირველ შუალედურ ანგარიშს, არჩევნების დღეს გაკეთდება მოკლე განცხადება. 8 კვირის შემდეგ კი ფინალურ ანგარიშს გამოაქვეყნებს რეკომენდაციებით, რომლებიც ხელისუფლებას განსახილველად წარედგინება.

თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი