ახალი ამბებიეკონომიკა

ნარმანიას თქმით, ახალი მეტროსადგური გახსნითვის მზად არის

13 სექტემბერი, 2017 • 3218
ნარმანიას თქმით, ახალი მეტროსადგური გახსნითვის მზად არის

სასტუმრო Biltmore hotel Tbilisi-ში, თბილისის მერიის ორგანიზებით, ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმის სტუმრებს შორის აზიის განვითარების ბანკის ცოდნის მენეჯმენტისა და მდგრადი განვითარების ვიცეპრეზიდენტი და  EBRD წარმომადგენლები არიან. ფორუმს ასევე ესწრებიან დელეგატები სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ფორუმის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და   ქალაქში უკვე განხორციელებული პროექტები შეაფასა.

“წლევანდელი ფორუმის თემა გამორჩეულია სხვა, წინა წლების ფორუმებისგან. ჩვენ დღეს პერსპექტიულ და პროგრესულ ქალაქებზე გვექნება საუბარი და იმ ძირითად კრიტერიუმებზე, რომლებიც თანამედროვე ქალაქებს, როგორც პროგრესულ ქალაქებს, განასხვავებს სხვებისგან. თბილისს აქვს ამბიცია იყოს ასეთი ქალაქი და ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით. ახლი ავტობუსების პროექტი, განახლებული აღმაშენებლის გამზირი, ახალი გზების, ქალაქის ახალი გენერალური გეგმა და სხვა ძალიან ბევრი პროექტი არის მყარი საფუძველი იმისა, რომ ჩვენი ქალაქი განვითარდეს როგორც მდგრად და პროგრესულ ქალაქად. ჩვენ მოვისმენთ სხვა ქალაქების გამოცდილებას, რომლებიც ამ თვალსაზრისით ჩვენზე წინ არიან”,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, ახალი მეტროსადგური გახსნისთვის მზად არის, თუმცა, როდის გაიხსნება მეტროსადგური, დავით ნარმანიასთვის ამ ეტაპზე უცნობია.

“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მეტრო უნივერსიტეტი გახსნისთვის მზად არის. ყველა ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს ტესტირების პროცესი. პარალელურ რეჟიმში ჩვენ მეტროს ახალი შემადგენლობა მოვამზადეთ. ეს არის მოდერნიზებული თანამედროვე დიზაინის შემადგენლობა, რომელიც მეტროსადგურის გახსნასთან ერთად შევა ექსპლუატაციაში. სულ რამდენიმე დღის წინ დავათვალიერეთ ახალმომზადებული შემადგენლობა. ასე რომ, მეტროსადგური უახლოეს მომავალში გაიხსნება და მოემსახურება ჩვენს თანამოქალაქეებს”, – ამბობს დედაქალაქის მერი.

დავით ნარმანიას თქმით, პეკინის და მიცკევიჩის ტერიტორიზე მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა. მერი განმარტავს, რომ პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი მიწისქვეშვეშა პარკინგის მოწყობას არ ითვალისწინებდა, თუმცა მერია მზად არის განიხილოს და დააფინანსოს კომერციული პროექტი.

“ჩვენ მიღებული გვაქვს წინადადება პეკინის და მიცკევიჩის ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით. ეს წინადადება, როგორც ბიზნესწინადადება, უკვე განხილვის სტადიაზეა და მივიღებთ აუცილებლად დადებით გადაწყვეტილებას. პარკინგი ამ ტერიტორიაზე ნამდვილად საჭიროა. პეკინის რეაბილიტაცია არ მოიცავდა მიწისქვეშა პარკინგის გაკეთებას, ეს ცალკე დამოუკიდებელი კომერციული პროექტია,”-აცხადებს თბილისის მერი.  

აზიის  განვითარების ბანკის ცოდნის მენეჯმენტის და მდგრადი განვითარების ვიცეპრეზიდენტმა, ბამბანგ სუსანტონომ ფორუმის დაწყებამდე საერთაშორისო ფორუმის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა:

“აზიის განვითარების ბანკი მოხარულია, რომ დღეს მონაწილეობას იღებს კონფერენციაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ფორუმს. ჩვენ მხარს ვუჭერთ თბილისს არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ ცოდნის თვალსაზრისითაც. ჩვენ გვინდა, რომ გაგიზიაროთ მსოფლიოს  სხვა ქალაქების გამოცდილება,”-განაცხადა ბამბანგ სუსანტონომ.

საერთასორისო ფორუმს თბილისი 2007 წლიდან მასპინძლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი