ახალი ამბები

ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებული ლადო სადღობელაშვილი პოლიციელბმა სცემეს

13 სექტემბერი, 2017 • 1942
ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებული ლადო სადღობელაშვილი პოლიციელბმა სცემეს

 

ადვოკატი აცხადებს, რომ “ქართული მარშის” ერთ-ერთ ორგანიზატორს, რომელიც პოლიციამ 12 სექტემბერს დააკავა აქციაზე, “სისხლნაჟღენთები აქვს ნეკნებში უკანა მხრიდან”. მისივე თქმით, თავად დაკავებული ლადო სადღობელაშვილი ამბობს, რომ პოლიციელები მას მანქანაში ფიზიკურად გაუსწორდნენ:

„აქვს სისხლნაჟღენთები ნეკნებში უკანა მხრიდან. ასე რომ თქვან სამართალდამცავმა ორგანოებმა, რომ ლადო სადღობელაშვილმა თვითონ მიიყენა ეს დაზიანებები, ნამდვილად არ გამოვა. თვითონ ამბობს, რომ სცემეს დაკავებისას და მერე კიდევ მანქანაში გააგრძელეს მანამ, სანამ არ აიყვანეს განყოფილებაში,“-განუცხადა ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა “რუსთავი 2”-ს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კატეგორიულად უარყოფენ სადღობელაშვილზე ძალადობას:

“ადვოკატს შეუძლია წარმოადგინოს სამედიცინო დასკვნა. პრეტენზიების შემთხვევაში შეუძლია მიმართოს გენერალურ ინსპექციას”, – განუცხადეს “ნეტგაზეთს” შსს-ში.

ლადო სადღობელაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზეა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

სადღობელაშვილი 12 სექტემბერს გამართული მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო – მონაწილეები ჯერ ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისთან მივიდნენ და ფონდის დახურვა მოითხოვეს, შემდეგ კი, “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან. სადღობელაშვილი სწორედ შტაბთან დააკავეს. მანამდე მან ანთებული მაშხალა ისროლა ჯორჯ სოროსის დაფუძნებული  ფონდის მიმართულებით, რომელსაც პოლიციელების კორდონი იცავდა.

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მიწის უცხოელებზე მიყიდვის საკითხზე მორატორიუმი აღარ შეეხება ბანკებს.

სადღობელაშვილის საქმეს საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს განიხილავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი