ახალი ამბები

აშშ მიიჩნევს, რომ თავდაცვის რეფორმაში საქართველოს განსაკუთრებული პროგრესი აქვს

13 სექტემბერი, 2017 • 1640
აშშ მიიჩნევს, რომ თავდაცვის რეფორმაში საქართველოს განსაკუთრებული პროგრესი აქვს

აშშ-ისა და საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სამუშაო ჯგუფი 2017 წლის 8 სექტემბერს ვაშინგტონში შეიკრიბა. როგორც დღეს, 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, სამუშაო ჯგუფმა ხაზი გაუსვა იმ ისტორიული მოვლენებს, რომლებმაც გაზარდეს საქართველოს შესაძლებლობა, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

“16 თებერვალს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ბრიუსელში, რომელსაც გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თავმჯდომარეობდა, ხაზგასმით აღინიშნა ნატოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ისიც, რომ ნატო დაეხმარება საქართველოს, გააუმჯობესოს თავდაცვისუნარიანობა ნატოს წევრობის გზაზე.

2017 წელს შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ინფორმაციის ზოგადი უსაფრთხოების შეთანხმებას და მომავალი პრაქტიკული თანამშრომლობისთვის საფუძველი მოამზადეს. აშშ გააგრძელებს საქართველოს მმართველ გუნდთან თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის მემორანდუმის ფარგლებში, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს მზადყოფნა და მდგრადობა. მხარეები გააგრძელებენ წვრთნებს, Noble Partner და Agile Spirit, რაც თავსებადობის გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა.

მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების შესახებ და იმსჯელეს ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტის განახლების საკითხზე, არსებული გამოწვევების შესაბამისად. საქართველომ გადახედა ეროვნულ სამხედრო სტრატეგიას და სტრატეგიული უსაფრთხოების დოკუმენტის იმპლემენტაციის საკითხს. აშშ-მა მოკლედ შეაჯამა ეროვნული თავდაცვის სტრატეგია და სამხრეთ აზიის ახალი პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა 21 აგვისტოს გამოსცა.

მხარეებმა მიმოიხილეს სწავლება Noble Partner 2017, რომელიც ყველაზე ფართომასშტაბიანი მრავალეროვანი სამხედრო სწავლება იყო, რაც ოდესმე საქართველოში გამართულა. სწავლებაში მონაწილეობდნენ სამხედროები საქართველოდან, სომხეთიდან გერმანიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან. სწავლება კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს მზადყოფნას და თავსებადობას ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან.

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას და საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატოს წევრი. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც უკვე აჭარბებს ნატოს მიზანს, მთლიანი შიდა პროდუქტის 2 % დაიხარჯოს უსაფრთხოების საკითხებზე.

ორივე მხარემ დაადასტურა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სრული იმპლემენტაციის აუცილებლობა, რომელიც საქართველოს ნატოს წევრობისთვის მომზადებაში გააძლიერებს. ასევე დამტკიცდა დამატებითი თანამშრომლობის აქტივობები ბრიუსელში, რომელიც საქართველოს წევრობისთვის მოამზადებს. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა შავი ზღვის უსაფრთხოების ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერებისთვის და ხაზი გაუსვეს საქართველოს როლს, როგორც გამორჩეულ პარტნიორს. სამუშაო შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს კონტრიბუციას ნატოს ავღანეთის მისიაში.

მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. საქართველომ სამუშაო ჯგუფის წევრებს ახალი საფრთხეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აშშ-მა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. მხარეებმა მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს რეგიონებიდან, როგორც ეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაშია აღნიშნული. აშშ-მა შეშფოთება გამოხატა “ბორდერიზაციის” სახელით ცნობილი პროცესის მისამართით. შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის 2016 წლის დამნაშავეთა დასჯის მიმართ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანამ გააგრძელოს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერა. აღინიშნა ქვეყნის მნიშვნელოვანი პროგრესი თავდაცის რეფორმების მიმართულებით, რომელიც განსაკუთრებული იყო გასული ერთი წლის განმავლობაში. აშშ-მა ხაზი გაუსვა აპოლიტიკური სამართალდამცველების და უსაფრთხოების ინსტიტუტების მნიშვნელობას, ისევე როგორც ძლიერი დემოკრატიის მნიშვნელობას”,- ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი