IMG_8196

მსოფლიო ქაოსში და საქართველოს კონტექსტი

„მსოფლიო ქაოსში: დემოკრატიის, ევროპის და ახლო აღმოსავლეთის მომავალი“ – ეს იყო საერთაშორისო კონფერენციის პირველი დღის მთავარი თემა. ორგანიზაციების, „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ყოფილი და მოქმედი ლიდერები, პოლიტიკოსები და ექსპერტები ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მის მომავალს განიხილავდნენ.
დასკვნითი ღონისძიება პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, სადაც გიორგი მარგველაშვილმა „მაკკეინის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი კურტ ვოლკერი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

კონფერენციის პირველი ნაწილი მთლიანად საქართველოს მიეძღვნა.
„მაკკეინის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი ჯერ საქართველოს პრეზიდენტს, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრს გაესაუბრა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან, წარსულთან და დღეისათვის აქტუალუტ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით მათი აზრი მოისმინა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, უმთავრესი გამოწვევები საქართველოსათვის საზოგადოებრივ-პოლიტიკური კულტურის ამაღლება, ევროინტეგრაცია და რუსული ოკუპაციის დაძლევაა, რის ერთ-ერთ მთავარ გარანტად პრეზიდენტმა საერთაშორისო მექანიზმების გააქტიურება დაასახელა.

„ისინი ცდილობენ, ჩვენი გამძლეობა, მორალი შეარყიონ. ახდენენ ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებას და ცდილობენ, მიგვიყვანონ მოლაპარაკების მაგიდასთან; დაგვარწმუნონ, რომ ეს არის ახალი რეალობა და უნდა ვისაუბროთ მისგან გამომდინარე. ჩვენი ნებისყოფა სწორედ იქით უნდა მივმართოთ, რომ არ წარიმართოს პროცესი ისე, თითქოს ეს ტერიტორიები უკვე დაკარგულია. ჩვენ ველოდებით შესაძლებლობების ახალი ფანჯრის გაღებას, რომ მოხდეს რეინტეგრირება და გაერთიანება. მანამდე კი საჭიროა რეაგირება ყოველ ჯერზე, პარტნიორების ჩართვა ყველა ეტაპზე“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხსაც შეეხო და მის მიერ ოპოზიციურ პარტიებთან დაყენებული ინიციატივა კიდევ ერთხელ გაახმიანა. მისი თქმით, „ეს არის ცვლილებების ვერსია, რომელსაც ხელი მხოლოდ ერთმა პარტიამ მოაწერა. ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ ეს და კარგი პრეცედენტი შევქმნათ“.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებებს კონსტიტუციასთან დაკავშირებით არც ამჟამად დაეთანხმა გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც კურტ ვოლკერს საქართველოს დღის წესრიგში არსებულ გამოწვევებზე ვრცლად ესაუბრა. ერთ-ერთი კითხვა ქართულ ბიზნესგარემოსა და ამ კონტექსტში მართლმსაჯულების როლს ეხებოდა. „მაკკეინის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის თქმით, სმენია რამდენიმე ინვესტორის მხრიდან გამოთქმული უკმაყოფილების შესახებ აღნიშნულთან დაკავშირებით, რაზეც პრემიერმა უპასუხა, რომ სისტემა იდეალური არ არის, თუმცა დადებითი ტენდენცია ნათელია.

„ჩვენ არ მიგვიღწევია დონისათვის, როცა შეგვძლია ვთქვათ, რომ კმაყოფილები ვართ, თუმცა განვახორციელეთ სასამართლო რეფორმების სამი ეტაპი. იუსტიციის უმაღლესი საბჭო გაცილებით დამოუკიდებელია, მოსამართლეთა დანიშვნის პრინციპები შეიცვალა. ახლა ვართ საკანონმდებლო რეფორმების მესამე ეტაპზე, რამაც უნდა უზრუნველყოს მეტი დამოუკიდებლობა სასამართლოსათვის. ჩვენ შემოვიტანეთ ინიციატივა, რომ გაჩნდეს სავაჭრო პალატები იმისათვის, რომ მოხდეს  თანამშრომლობა სასამართლოებთან ბიზნესსაქმეების უკეთ განსახილველად, მოსამართლეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად და სხვა“.
ზემოთ ხსენებულ კონსტიტუციურ ცვლილებათა პროექტზე მსჯელობა უკვე დებატების ფორმატში გაგრძელდა პარლამენტის მოქმედ და ორ ყოფილ თავმჯდომარეს შორის. დისკუსიას ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში, ალექსანდრა ჰოლ ჰოლი უძღვებოდა. მის კითხვაზე, მიიღებს თუ არა გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას უკვე არსებული პაკეტის გადასინჯვასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ დიალოგის განახლება შეიძლება, თუმცა ოპტიმისტური მოლოდინები არ აქვს. მისი თქმით, ოპოზიციას ჰქნდა განზრახვა, რომ არ შემდგარიყო კონსენსუსი. თავის მხრივ, დავით ბაქრაძემ და დავით უსუფაშვილმა აღნიშნეს, რომ არსებული პაკეტი ერთი პარტიის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტია, რომელსაც არც ოპოზიცია და არც არასამთავრობო სექტორი იზიარებს, თუმცა მმართველი ძალა ამ გარემოებას ანგარიშს არ უწევს.

კონფერენციის პირველი დღის მეორე სესიის მონაწილეებმა ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. დემოკრატია, ლიბერალიზმი და პოპულიზმი, ულტრამემარჯვენე ძალთა გააქტიურება, რუსული პროპაგანდა და თავდაცვის მექანიზმები – ამ და სხვა საკითხებზე ატლანტიკური საბჭოსა და სხვა ორგანიზაციების წევრები მსჯელობდნენ.
დისკუსიის ერთ-ერთმა მონაწილემ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ და ატლანტიკური საბჭოს წევრმა დენიელ ფრიდმა „ნეტგაზეთთან“  ისაუბრა კონფერენციის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ღონისძიების მონაწილეების მიზანია, საქართველომ დაინახოს, რომ მასზე ზრუნავენ.

„დღევანდელი ღონისძიების მიზანია, შევახსენოთ საქართველოს და არაპირდაპირ რუსეთს, რომ ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ქვეყანაზე. მეორე მხრივ, მისი მიზანია, ამერიკელებმა და ევროპელებმა შევახსენოთ საკუთარ თავს, თუ რა შეუძლია საქართველოს და რა მნიშვნელობა აქვს მას. თქვენ ბევრი მეგობრები გყავთ და დღეს მოვედით, რათა ვისაუბროთ მსოფლიოზე საქართველოს კონტექსტში“.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დენიელ ფრიდს ვკითხეთ, რუსული პროპაგანდა იყო. მისი თქმით, გაუჭირდება პასუხის გაცემა, მუშაობს თუ არა ეფექტურად საქართველოს მთავრობა ფალსიფიკაციის გასანეიტრალებლად, თუმცა აღნიშნავს, რომ „ვერავინ, მათ შორის, ვერც აშშ ანეიტრალებს ბოლომდე რუსულ პროპაგანდას“.

ევროპის მომავალზე კონფერენციის ფარგლებში ქართველმა ექსპერტებმაც ისაუბრეს. საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტის, ბათუ ქუთელიას თქმით, ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ევროინტეგრაციის კონტექსტში საქართველოს ახალი პერსპექტივებისა და ქაოსურ მსოფლიოში ადგილის დამკვიდრების შესაძლებლობების განხილვაა.

„ორგანიზატორებს და ჩვენს ბევრ მეგობარს სჯერა, რომ შეგვიძლია, ევროინტეგრაციის კუთხით ახალი შესაძლებლობების ფანჯარა გავხსნათ. მაგრამ ეს რომ მოხდეს,  საქართველო, პირველ რიგში, უნდა დარჩეს დემოკტარიად.  სწორედ ამიტომ დაიწყო ღონისძიება კონსტიტუციაზე საუბრით, იმიტომ, რომ აქ არის ძალიან ბევრი შეკითხვა და პროცესის არასწორად წარმართვამ შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს გადახვევა დემოკრატიული გზიდან, რაც საბოლოოდ გაართულებს იმ მთავარ სტრატეგიულ ამოცანას, რომ საქართველო არეულ, ახალ მსოფლიოში იპოვოს თავისი ადგილი დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად“, –  ამბობს ქუთელია.

კონფერენცია, სხვა საკითხების განხილვით 13 სექტემბერს გაგრძელდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან