ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოსური მხარე მის ტერიტორიაზე გავრცელებულ დაავადებებს ლუგარის ლაბორატორიას უკავშირებს

12 სექტემბერი, 2017 • 3775
ოსური მხარე მის ტერიტორიაზე გავრცელებულ დაავადებებს ლუგარის ლაბორატორიას უკავშირებს

12 სექტემბერს, ჟენევის მოლაპარაკებების საკითხზე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციის მონაწილეებს, პოსტკონფლიქტური სიტუაციების მოგვარების საკითხში მურატ ჯიოევსა და  სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შორის სამუშაო შეხვედრა შედგა. შეხვედრის მონაწილეებმა ჟენევის მოლაპარაკების 41-ე რაუნდის, რომელიც ოქტომბერშია დაგეგმილი, ორი სამუშაო ჯგუფის დღის წესრიგი განიხილეს.

განხილვის მთავარი თემა, დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების ცნობით, უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა. ოსური მხარე კვლავაც აცხადებს, რომ საქართველომ  მათთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იურიდიულ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს. ამასთან, “სასაზღვრო რეჟიმის მკაცრად დასაცავად კონკრეტული სასაზღვრო ზოლები უნდა გაივლოს”.

ოსურმა მხარემ ასევე განიხილა “საქართველოს ტერიტორიაზე ოსური სასაფლაოებისა და კულტურული ძეგლების ვანდალიზმისა და დაზიანების საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ოსების არშეშვებას”.

დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ოსური მხარე საქართველოს ტერიტორიაზე რეგიონისთვის არადამახასიათებელი დაავადების გავრცელების გამო კვლავ შეშფოთებულია. ასევე შეშფოთებულია ლუგარის ლაბორატორიის მუშაობითა და  იმის გამოც, რომ “სამხრეთ ოსეთში ბოლო წლებში ეპიდემიებმა და საშიშმა დაავადებებმა იჩინა თავი”.

საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა მისი გახსნის [2013] შემდეგ, ძირითადად რუსეთის და რუსული პოლიტიკის გამტარებელი მედიასაშუალებების ინტერესს წარმოადგენს. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა მუჰამედ კილბამ ენგურზე ორი გამშვები პუნქტის [ოტობაია, ნაბაკევი] დახურვასთან დაკავშირებით სპუტნიკს ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ საზღვარზე კონტროლის გაძლიერება, საქართველოში არსებულ ბიოლაბორატორიის საქმიანობასთანაცაა კავშირში.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ცენტრი ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას წარმოადგენს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი