ახალი ამბები

OSGF: ინფორმაცია სოროსის ფონდების დახურვასთან დაკავშირებით სიმართლე არაა

12 სექტემბერი, 2017 • 3493
OSGF: ინფორმაცია  სოროსის ფონდების დახურვასთან დაკავშირებით სიმართლე არაა

ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ინფორმაცია ე.წ სოროსის ფონდების დახურვასთან დაკავშირებით ისრაელში, უნგრეთსა და მაკედონიაში სიმართლეს არ შეესაბამება. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფონდს ისრაელში ოფისი არასოდეს ჰქონია:

“ღია საზოგადოების ფონდების ერთ-ერთი სათავო ოფისი არის უნგრეთში, კერძოდ, ბუდაპეშტში. უნგრეთის ხელისუფლების მხრიდან იყო მცდელობა, რომ დახურულიყო ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, თუმცა ამას საზოგადოების მწვავე რეაქცია და გამოსვლები მოჰყვა. შედეგად, უნივერსიტეტი დღესაც ფუნქციონირებს.

შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას ღია საზოგადოების ფონდი მაკედონიაში და განაგრძობს ისეთი ინიციატივების დაფინანსებას, რომლებიც  ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და  ქვეყნის ინტეგრაციას ევროპაში,”-ნათქვამია განცხადებაში.

დღეს მიმდინარე აქციაზე ” ქართველთა მარშის” ორგანიზატორებმა, რომლებიც ცნობილი ფილანტროპის, ჯორჯ სოროსის დაფუძნებული ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” დახურვას ითხოვდნენ,  განაცხადეს  რომ ისრაელში,  უნგრეთსა და მაკედონიაში  ღია საზოგადოების ფონდები დახურეს.

ფონდ “ღია საზოგადოების” საქმიანობა აკრძალულია რუსეთის ფედერაციაში. ფონდი რუსეთში ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის ბრალდებით 2015 წელს დახურეს. 2015 წელს ფონდს საქმიანობა შეუჩერეს აზერბაიჯანშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი