ახალი ამბები

როგორ დაკომპლექტდა საუბნო საარჩევნო კომისიები

12 სექტემბერი, 2017 • 3148
როგორ დაკომპლექტდა საუბნო საარჩევნო კომისიები

საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი დასრულდა. კვალიფიციური სუბიექტის მქონე პარტიებს კანდიდატურების „ცესკოსთვის“ წარდგენის ვადა 11 სექტემბერს ამოეწურათ. მათ მიერ შერჩეული პირები კონკურსს არ ექვემდებარებიან და ავტომატურად ხდებიან საუბნო კომისიების წევრები.

მანამდე კი, საუბნო საარჩევნო კომისიებში კადრები პროფესიული ნიშნით აირჩიეს.
„ცესკოს“ მონაცემებით, 2-4 სექტემბრის პერიოდში საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ 21 804 ვაკანტურ ადგილზე 21 758 წევრი აირჩა. ვაკანტურად დარჩენილ 46 ადგილზე კი კომისიის წევრები ხელახლა გამოცხადებული კონკურსით აირჩევიან.

კომისიების წევრთა არჩევის პროცესს აკვირდებოდა 5 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის  „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“(ISFED), „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვნული საქართველო“, „საზოგადოებრივი დამცველი“, „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ქსელი“ და „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“(NDI).

8 სექტემბერს წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ”. მონაცემებში, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება საუბნო კომისიების დაკომპლექტების პროცესსა და თანმდევ დარღვევებზეც გამახვილდა. ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელიც 24 ივლისიდან 4 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს, 8 საარჩევნო ოლქში დაფიქსირებულ დარღვევებზეა საუბარი.

ორგანიზაციის ინფორმაციით, რამდენიმე შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა არჩევანი შეაჩერეს საუბნო კომისიების წევრთა იმ კანდიდატურებზე, რომლებსაც გასულ არჩევნებზე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები დაეკისრათ. ანგარიშში წერია, რომ ქუთაისის საარჩევნო ოლქში სახდელდაკისრებული 53, კასპში კი 7 კანდიდატი აირჩიეს.
“ISFED”-ის მონაცემებით, ბათუმსა და ქობულეთში გამოვლინდა შემთხვევები, როცა კანდიდატთა არჩევა სიის ე.წ. სამუშაო ვერსიით ხდებოდა, სადაც ასარჩევ პირთა ვინაობა წინასწარ იყო მონიშნული.

ეს და სხვა შესაძლო დარღვევები მხოლოდ კონკრეტული ორგანიზაციის ვარაუდად მიაჩნიათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. „ცესკოს“ პრესსპიკერი ანა მიქელაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა. მისივე თქმით, სწორედ ამის გამო დამკვირვებელი ორგანიზაციების მხრიდან კომისიაში არც ერთი საჩივარი შესულა.

„ჩვენ კარგად ვიცნობთ „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშს. მასში 73 ოლქიდან საუბარია მხოლოდ 8 ოლქზე, სადაც, მათი აზრით, სავარაუდოდ, არსებობდა გარკვეული ხარვეზები და კანონდარღვევა. ეს არის მხოლოდ მათი შეფასებები და მოსაზრებები და არ არის არანაირი მტკიცებულებები და ფაქტები. ამიტომაცაა, რომ საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული არც ერთი განკარგულება გასაჩივრებულა არა მხოლოდ „სამართლიანი არჩევნების“, არამედ არც ერთი უფლებამოსილი ორგანიზაციის მიერ კანონით განსაზღვრულ ვადებში. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის მხოლოდ ვარაუდი.

73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიაში პროცესმა ჩაიარა კანონის შესაბამისად“.

რაც შეეხება კომისიების დაკომპლექტების შემთხვევებს გასულ არჩევნებზე სახდელდაკისრებული ადამიანებით, რომლებიც, „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, სხვადასხვა ოლქებში გამოვლინდა: „ცესკოს“ პრესსპიკერი საარჩევნო კანონმდებლობის იმ ნაწილზე საუბრობს, რომელიც განმარტავს, რა შემთხვევაში იკრძალება კონკრეტული პირის  საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არჩევა. მისი თქმით, კანონში არსად წერია, რომ გაფრთხილება ან შენიშვნა აღნიშნულის წინაპირობაა, „ISFED”-ის ანგარიშში ნახსენებ ადამიანებს კი დისციპლინური სახდელის სწორედ ეს ფორმები ჰქონდათ მიღებული.

საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“ აკვირდებოდა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მიღებული მონაცემები დამუშავების პროცესშია და მათი გასაჯაროება უახლოეს მომავალში იგეგმება.
მანამდე კი, საარჩევნო პროგრამების კოორდინატორი ლელა ტალიური კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. მისი თქმით, რიგ შემთხვევებში საუბნო კომისიებში პროფესიული ნიშნით ის ადამიანები ინიშნებიან, რომლებიც წარსულში პარტიულ საქმიანობას ასრულებდნენ, რის აღმოფხვრასაც კანონი ვერ უზრუნველყოფს.

„კანონის დონეზე პრობლემა არ არის. თუ აირჩიეს, მაგალითად, წარსულში პარტიული გამოცდილების მქონე ადამიანი, ეს სიტყვასიტყვით კანონის დარღვევა არ არის. მაგრამ ეს არის -კანონის სულისკვეთებიდან გამომდინარე- საწინააღმდეგო იმ კუთხით, რომ როცა ადამიანები წარსულში ასრულებდნენ პარტიულ საქმიანობას და იყვნენ კომისიის წევრები, კოორდინატორები და სხვა, ნებისმიერი პარტიის მანდატით, ეს ადამიანები ვერ იქნებიან ისეთი დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები, როგორსაც ითხოვს კანონი.
ეს არ არის ახალი პრობლემა. ეს ძველი პრობლემაა. ჩვენ ვაყენებთ საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმის ინიციატივას, რომელიც არა და არ ხორციელდება საკანონმდებლო დონეზე. არის არაერთი პრობლემური ჩანაწერი, რომელიც შეიცვალა, თუმცა პრობლემა უფრო გაღრმავდა, ვიდრე გამოსწორდა“, – ამბობს ლელა ტალიური.

საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი ორ ეტაპად ტარდება. ის სულ 13 წევრით კომპლექტდება. აქედან 6 წევრს საოლქო საარჩევნო კომისია პროფესიული ნიშნით ირჩევს, 7-ს კი კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მქონე ამდენივე პარტია ნიშნავს, რომლებიც ყველაზე მეტ დაფინანსებას იღებენ საქართველოს ბიუჯეტიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი