ახალი ამბებიეკონომიკა

Moody’s -მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა

12 სექტემბერი, 2017 • 3835
Moody’s -მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s -მა 2017 წელს საქართველოს საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba 2-მდე  გააუმჯობესა, ხოლო ქვეყნის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად შეაფასა.

Moody’s-ის შეფასებით  ქვეყანაში განხორციელებულმა რეფორმებმა ეკონომიკის სტაბილურობა განაპირობა:

“2014-2016 წლებში, რეგიონში არსებული საფინანსო და სავალუტო კრიზისის მიუხედავად, საქართველოს GDP საშუალოდ 3.4%-ით იზრდებოდა. სტაბილურობა დაკავშირებული იყო მაკროეკონომკურ პოლიტიკასთან და ძლიერ საბანკო ზედამხედველობასთან, რის შედეგადაც  ფინანსური სისტემა იყო მყარი.”

სარეიტინგო კომპანია დადებითად აფასებს ევროკავშირთან DCFTA ამოქმედებას და ჩინეთთან მომავალში თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მიღწევას. დადებითადაა შეფასებული ბიზნესის დაწყების სიმარტივე და ბიზნესგარემო.

საქართველოს მეზობელ თურქეთს 2017 წელს Moody’s რეიტინგში Ba1 შეფასება აქვს, B1 აქვს და სტაბილურადაა შეფასებული სომხეთი , ხოლო აზერბაიჯანს Ba2 შეფასება აქვს. 

საქართველოს 2010 წლიდან Moody’s -ის საკრედიტო რეიტინგში Ba3 ჰქონდა. 2014 წელს სარეიტინგო კომპანიამ საქართველოს კვლავ  იგივე შეფასება დაუტოვა.

1909 წელს დაარსებული Moody’s Standard & Poor’s, Fitch-თან ერთად, უდიდეს საკრედიტო სარეიტინგო კომპანიად  ითვლება. კომპანიის მთავარ მიზანს წარმოადგენს ინვესტორებისთვის განსაზღვროს, როგორი მდგომარეობაა საფინანსო კუთხით ქვეყანაში. ამისთვის იკვლევს რაოდენობრივ და ხარისხობრივ ფაქტორებს, რომლებსაც საკრედიტო რისკებზე გავლენა აქვს. მეთოდოლოგია მორგებილია თითოეულ ბიზნესსექტორზე.  სარეიტინგო კომპანია ქვეყნების შეფასებას ყოველწრიულად ახდენს და შეფასებისთვის სიმბოლოებს იყენებს: Aaa Aa A Baa Ba B Caa Ca C.  A შეფასება გრძელვადიან პერსპექტივაში უმაღლესად ითვლება. Baa საშუალო ქულაა და ამ ქვეყნებისთვის დამახასიათებელია საკრედიტო რისკი. Ba შეფასებისას მაღალია საკრედიტო რისკი. B-ს შემთხვევაში გარემო სპეკულაციურად არის შეფასებული და აქაც მაღალია საკრედიტო რისკი. Caa-ს შემთხვევაში ძალიან მაღალია საკრედიტო რისკი. Ca-ს შემთხვევაში მაღალია დეფოლტის ალბათობა. C ყველაზე დაბალი შეფასებაა.

საქართველოს მთავრობის რეაქცია: 

„საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის Ba3-დან Ba2-მდე გაუმჯობესება არის აშკარა სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში მდგომარეობა უმჯობესდება და ამას ლოგიკურად უნდა მოჰყვეს ინვესტიციების და საერთაშორისო კაპიტალის შემოდინება“, განაცხადა 12 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ. მისი შეფასებით, რეიტინგის გაუმჯობესება ასევე ხელს უწყობს ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების წვდომას საერთაშორისო ფინანსურ რესურსებზე.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი