კურტ ვოლკერი

კურტ ვოლკერი: სააკაშვილს აქვს უფლება, დაიცვას მოქალაქეობა უკრაინულ სასამართლოში

ამერიკის შეერტებული შტატების წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერი ამბობს, რომ  მიხეილ სააკაშვილს თავისი მოქალაქეობის დაცვის საშუალება უკრაინის სასამართლოში უნდა მიეცეს. ვოლკერი საქართველოში იმყოფება, რათა მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ხვალ, 12 სექტემბერს გაიმართება.

“უკრაინაში არის კანონის უზენაესობა. ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის სააკაშვილს აქვს უფლება, დაიცვას მოქალაქეობა უკრაინული სასამართლოს მეშვეობით. მე ვიმედოვნებ, რომ ხალხი შეეცდება პოლიტიკური დრამის დეესკალაციას და ფოკუსი მხოლოდ კანონიერ გზებზე გაკეთდება”,- განაცხადა მან  ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბრისას. ვოლკერის კომენტარის თარგმანიც ეკუთვნის “რუსთავი 2”-ს.

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 10 სექტემბერს უკრაინის საზღვარი მხარდამჭერების დახმარებით გადალახა. უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილს ქვეყანაში შესვლის საშუალებას არ აძლევდა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად მისი ოჯახის წევრები, რადას დეპუტატები და უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო იმყოფებოდნენ.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქე აღარაა 2015 წლიდან, როდესაც უკრაინაში ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა. თუმცა შემდეგ ხელისუფლებას დაუპირისპირდა და ოპოზიციაში გადავიდა.

უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პუნქტზე განვითარებული მოვლენების შედეგად 11 სამართალდაცმველი დაშავდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com