ახალი ამბები

დენიელ ფრიდი: უკრაინა სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპულად უნდა მოიქცეს

11 სექტემბერი, 2017 • 3635
დენიელ ფრიდი: უკრაინა სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპულად უნდა მოიქცეს

ამერიკელი დიპლომატი დენიელ ფრიდი აცხადებს, რომ უკრაინა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპულად უნდა მოიქცეს. ფრიდი საქართველოში იმყოფება, რათა მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ხვალ, 12 სექტემბერს გაიმართება.

“მე ვფიქრობ, უკრაინის ხელისუფლება უნდა მოიქცეს ისე, როგორც თავად აქვთ პრეტენზია. პოროშენკო ამბობს, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირთანაა, ამიტომ, ევროპულად უნდა მოიქცნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური ოპონენტები ციხეში არ უნდა ჩასვა. ასე იანუკოვიჩი იქცეოდა და არ მინდა ეს ვნახო. შეიძლება პოროშენკო სააკაშვილით განიხიბლა, როგორც ბევრი სხვა. ყველასთვის ცნობილია, რომ ის არის ემოციური პოლიტიკოსი თავისი პლუსებით და მინუსებით” ,- განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა დენიელ ფრიდმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

დენიელ ფრიდი ჯორჯ ბუშ უმცროსის და ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში, 2005-2009 წლებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იყო ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში. ფრიდის კომენტარის თარგმანი ეკუთვნის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს.

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 10 სექტემბერს უკრაინის საზღვარი მხარდამჭერების დახმარებით გადალახა. უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილს ქვეყანაში შესვლის საშუალებას არ აძლევდა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად მისი ოჯახის წევრები, რადას დეპუტატები და უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო იმყოფებოდნენ.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქე აღარაა 2015 წლიდან, როდესაც უკრაინაში ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა. თუმცა შემდეგ ხელისუფლებას დაუპირისპირდა და ოპოზიციაში გადავიდა.

უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პუნქტზე განვითარებული მოვლენების შედეგად 11 სამართალდაცმველი დაშავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი