margvelashvili

კონსტიტუციის სახეცვლილი ვარიანტის გადასინჯვა – გიორგი მარგველაშვილის ინიციატივა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციურ პარტიებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ახალი ვერსიის მომზადებას სთავაზობს. ამ საკითხთან დაკავშირებით ის საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვდა. მხარეებმა ცვლილებების პროექტის ამჟამინდელი ვარიანტის მოსამზადებელი სამუშაოები განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილის აზრით, ბოლოდროინდელმა პროცესებმა საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში საქართველოს იმიჯი შელახა, რადგან რჩება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფოს კონსენსუსამდე მისვლა „უზოგადესი, უმნიშვნელოვანესი“ საკითხების შემთხვევაშიც კი არ შეუძლია. მისი თქმით, ინიციატივა ვითარების გამოსწორების გზაა.

„ჩვენ გვაქვს ორი მოსმენით ფორსმაჟორულად მიღებული კონსტიტუციის პროექტი, რომელიც ერთი პარტიის ხელმოწერით არის დარეგისტრიებული და გატანილი. ეს ვითარება, როგორც საზოგადოებამ, როგორც სახელმწიფომ, უნდა გამოვასწოროთ, მიუხედავად განსხვავებული ხედვებისა, რათა შევძლოთ და ვაჩვენოთ, როგორც საზოგადოებას, ისე პარტნიორებს, რომ შეგვიძლია უზოგადეს, უმნიშნელოვანეს საკითხებზე შეთანხმება“. – ამბობს მარგველაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, დაიწყონ მუშაობა უკვე არსებულ დოკუმენტზე, განიხილონ სადავო პუნქტები და შეცვლილი სახით წარუდგინონ მმართველ გუნდს.

„შესაძლებელი იყო, კონსტიტუცია დაწერილიყო სრულიად სხვა პროცესის შედეგად, სრულიად სხვა ლოგიკით, სხვა აქცენტებით, მაგრამ უკვე დაიდო რაღაც დოკუმენტი. ამას ვცემთ რა პატივს, ავიღოთ ეს დოკუმენტი, როგორც ამოსავალი, მოვნიშნოთ ის ძირითადი პუნქტები, რომლებიც წინააღმდეგობის თემა იყო, დავწეროთ ჩვენი ვერსია და ეს შევთავაზოთ მმართველ პოლიტიკურ ძალას, როგორც გამოსავალი“.

პრეზიდენტის ინიციატივას შეხვედრაზე მყოფი ყველა ოპოზიციური პარტია დათანხმდა. მათი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროცესში მონაწილეობის მისაღებად მზად არიან, თუმცა ხელისუფლების მხრიდან კომპრომისის შესაძლებლობას სკეპტიკურად უყურებენ. ასე ფიქრობს, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, რომელიც შეთავაზებას იწონებს, თუმცა მმართველი გუნდისგან საპასუხო ნაბიჯებს არ ელის:

„რაც უფრო გავუსვამთ ხაზს, რომ ქვეყანაში ერთპიროვნული კონსტიტუციის მიღების საფრთხე არის, იქნება მხოლოდ და მხოლოდ კარგი. თუმცა, შეხვედრაზეც ვთქვი, რომ „ქართული ოცნება“, როგორ ჩანს, მაინც მიიღებს ამ კონსტიტუციას, თუმცა დაუჯდება ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასი. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, იყოს კონსენსუსის შედეგად მიღებული დოკუმენტი, რომელიც შეთავაზებული იქნება პრეზიდენტის  მიერ“.

„ქართული ოცნების“ მხრიდან რაიმე დათმობის იმედი არც ელენე ხოშტარიას აქვს, თუმცა „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ოპოზიციისა და საზოგადოების აქტიურობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

„…უნდა გვესმოდეს რეალობა, რომ ხელისუფლება არ არის დაინტერესებული კონსენსუსით, არ არის დაინტერესებული რეალური კონსტიტუციური რეფორმით, არ არის დაინტერესებული, რომ ზიანი არ მოგვადგეს საერთაშორისო ასპარეზზე. ამიტომ, ის შემდეგ კვირაში უტიფრად მიიღებს პარტიაზე მორგებულ კონსტიტუციას. თუმცა, თავისთავად, ის, რომ პრეზიდენტი და ოპოზიცია ვცდილობთ, რომ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე ვიდგეთ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ამ პროცესში“, – ამბობს ხოშტარია.

ცვლილებების მიღების პროცესში პრეზიდენტის ადმინისტრაციის გააქტიურებას მიესალმება „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე. გიორგი ახვლედიანისთვის  მარგველაშვილის ინიციატივა ერთგვარი ტესტია იმის დასადგენად, თუ რა სურს ხელისუფლებას კონსტიტუციასთან დაკავშირებით.

„ეს იქნება ერთიანი ფრონტი, დემონსტრირება იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა ინსტიტუტი, ოპოზიციური პარტია, არასამთავრობო სექტორი, ითხოვს კონსენსუსით კონსტიტუციის მიღებას და ერთადერთი, ხელისუფლება რჩება პოლიტიკური ძალა, რომელიც ქმნის კრიზისს. ჩვენ შევიმუშავებთ ერთიან დოკუმენტს, რომელიც წარედგინება ხელისუფლებასაც, საერთაშორისო საზოგადოებასაც და უარის თქმის შემთხვევაში, ყველასთვის ერთმნიშვნელოვანი გახდება, რომ ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ თავზე მორგებული კონსტიტუციისთვის იბრძვის“, – ამბობს გიორგი ახვლედიანი.

შეხვედრაზე „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძეც იმყოფებოდა. მისი თქმით, თუ ხელისუფლება პროცესის გაჯანსაღებისთვის ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, პარტია მეტად აქტიურ ქმედებებზე გადავა:

„მე არ მჯერა ხელისუფლებისაგან კომპრომისზე წასვლის, თუმცა კარგი იქნება, თუ დოკუმენტს ხელს მოაწერს არასამთავრობო სექტორი, გავაცნობთ საერთაშორისო საზოგადოებას და თუ „ქართული ოცნება“ მაინც გადაწყვეტს, რომ ისე უნდა იყოს, როგორც მას უნდა, მაშინ უნდა გადავიდეთ უფრო აქტიურ ქმედებებზე. ეს შეიძლება იყოს აქციებიც, უფრო რადიკალური ქმედებებიც“.

ოპოზიციისგან განსხვავებით, პრეზიდენტის ინიციატივას მმართველი გუნდის მხრიდან ცალსახად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი პრეზიდენტს დესტრუქციულ ქმედებებსა და უსაფუძვლო შეფასებებში ადანაშაულებს და  მისი ინიციატივის მიზნებს ბუნდოვნად მიიჩნევს.

„სამწუხაროა, რომ მთელი პროცესის განმავლობაში პრეზიდენტმა ვერ შეძლო, ეთამაშა ის ძალიან პოზიტიური როლი, რაც საქართველოს პრეზიდენტს უნდა შეესრულებინა. როდესაც ამ ხნის განმავლობაში  პრეზიდენტის მხრიდან გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს ვხედავდით, ვისმენდით უსაფუძვლო და უსამართლო კომენტარებსაც, მე არ ვიცი, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს მისი ეს ინიციატივა. მე შემიძლია ვთქვა, რომ კონსტიტუციის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და  ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას აუცილებლად უზრუნველყოფს . მიღებული ორი მოსმენით და მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიის დასკვნა გვექნება, მესამე მოსმენითაც მივიღებთ“, – ამბობს კახიანი.

გიორგი მარგველაშვილის წინადადებას არც გედევან ფოფხაძე იზიარებს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მოადგილე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიზანი არა ცალკეული პოლიტიკური სუბიექტების კონიუქტურის გათვალისწინება, არამედ სახელმწიფოსთვის სასარგებლო დოკუმენტის მიღება უნდა იყოს:

„პრეზოდენტი გახდა მხარე ამ პროცესში. ის არ არის მომრიგებელი და არ ისახავს მიზნად იმას, რომ პროცესში ითამაშოს კონსტრუქციული როლი. ის გახდა მხარე და აფიქსირებს ოპოზიციის სასარგებლო განწყობებს. კონსტიტუციას ან ვიღებთ და ვამთავრებთ ამ პროცესს, ან ეს იქნება დაუსრულებელი. გვახსოვს წინა მოწვევის პარლამენტის საკონსტიტუციო კომისია – ის ვერაფერს აკეთებდა. თუ ჩვენ გვინდა უფრო სრულფასოვანი კონსტიტუცია, ვიღაცამ უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა“.

11 სექტემბრის შეხვედრის შემდეგ, კითხვად რჩება, დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს კონსტიტუციის შეცვლილ ვარიანტს იმ შემთხვევაში, თუ მას საკანონდებლო ორგანო მესამე მოსმენით დაამტკიცებს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებს. მისი თქმით, ვეტოსა და მოტივირებული შენიშვნების საკითხი მაშინ გადაწყდება, როცა საზოგადოება კანონპროექტის საბოლოო ვარიანტს იხილავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან