საპენსიო რეფორმის განხილვა თვის ბოლოდან დაიწყება

მთავრობა საპენსიო რეფორმის განხილვას თვის ბოლოდან დაიწყებს. ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესასოციაციებთან შეხვედრაზე განაცხადა.

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

“ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს საპენსიო რეფორმაზე. მოხდა ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა, რის საფუძველზეც იქნა გადაწყვეტილება მიღებული. ამ შესწავლაში ჩართული იყო ძალიან ბევრი საფინანსო ორგანიზაცია: მსოფლიო ბანკი, EBRD და ბევრი სხვა. მათი რეკომენდაციების საფუძველზე იქნა შემუშავებული ეს მოდელი. დღეის მდგომარეობით საკანომდებლო ტექსტი უკვე მზად არის და უახლოეს პერიოდში დაიწყება საჯარო განხილვა, თუმცა ჩვენ უკვე ვიცით, რომ საჯარო განხილვების ერთი ტალღა უკვე ჩატარდა საფინანსო სექტორთან, ასევე, ბიზნესასოციაციებთან. ახლა დაიწყება კიდევ ერთი ეტაპი, რა დროსაც წარმოდგენილი იქნება საბოლოო დრაფტი. ამ განხილვების შედეგად განხორციელდა რამდენიმე შესწორება, გათვალისწინებული იქნა რამდენიმე შენიშვნა. საკითხი კიდევ ერთხელ იქნა განხილული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და საბოლოო ვერსიას უკვე გამოვიტანთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საპენსიო რეფორმის კონცეფციის თანახმად, დასაქმებული და დამსაქმებელი სახელმწიფო საპენსიო ფონდში ყოველთვიურად ორ-ორ პროცენტს შეიტანენ.

დაგეგმილი საპენსიო რეფორმით, საწყის ეტაპზე დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩაერთვება ყველა დასაქმებული პირი.

დასაქმებულებს ექნებათ ექვსთვიანი პერიოდი იმისათვის, რათა უარი თქვან დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობაზე. რეფორმა გულისხმობს ნახევრად სავალდებულო ტიპის (ჰიბრიდული) საპენსიო სისტემის შემოღებას დასაქმებულთათვის, თუმცა ის  სავალდებულოა დამსაქმებლისათვის.

დაგეგმილი საპენსიო რეფორმა შეაფასა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ასლანიშვილმაც. მისი თქმით, ასოციაციის წევრებს უკვე დიდი ხანია აქვთ ინფორმაცია საპენსიო რეფორმაში გათვალისწინებულ სავალდებულო კონტრიბუციაზე და სექტორი მზად არის, დაეხმაროს სახელმწიფოს რეფორმის გატარებაში.

“საპენსიო რეფორმა ახალი საკითხი არ არის და ამაზე ბოლო ორი წელია მსჯელობა მიმდინარეობს. ეს არის ჰიბრიდული სისტემა, სადაც, პრინციპში, პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია. ყოველ შემთხვევაში, ბიზნესასოციაციაში ბიზნესი მზად არის, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რეფორმაში სახელმწიფოს მხარი დაუჭიროს. აქვე ვიტყოდი, რომ კომპანიების უმრავლესობა კერძო საპენსიო ფონდებში მონაწილეობს, ამიტომ ეს ზოგისთვის დამატებითი ხარჯი შეიძლება არც იყოს. ზოგი ბიზნესისთვის ეს არის ხარჯი, თუმცა მნიშვნელოვანი რესურსის აკუმულირება ისევ ეკონომიკაში მოხდება”, -ამბობს ირაკლი ასლანიშვილი.

ირაკლი ასლანიშვილი

ირაკლი ასლანიშვილი

დღეს მოქმედი საპენსიო სისტემით, ფიქსირებული პენსიების გაცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.