ახალი ამბები

სააკაშვილი: უკრაინის პოლიციამ ავტობუსიდან პასპორტი მომპარა

11 სექტემბერი, 2017 • 4248
სააკაშვილი: უკრაინის პოლიციამ ავტობუსიდან პასპორტი მომპარა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იმ ავტობუსში, სადაც წუხელ იმყოფებოდა, უკრაინის პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა და მისი პასპორტი მოიპარა. სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა უკრაინულიდან ქართულ ენაზე რუსთავი 2-მა თარგმნა.

“მე გადავკვეთე საზღვარი ლეგალური უკრაინული დოკუმენტით. პოლონელებმა ჩამირტყეს შტამპი, როგორც კანონი ითვალისწინებდა. შემდეგ მივედი უკრაინელებთან, რომ მიმეცა პასპორტი, მაგრამ მათ ეს არ მიიღეს. ხალხმა ამიყვანა ხელში ისე, რომ არც მკითხა და გადამიყვანეს უკრაინის ტერიტორიაზე ხელში აყვანილი. მე ჩემი პასპორტი მქონდა ავტობუსში – იქ, სადაც მივიდა პოლიცია, ჩაატარა ჩხრეკა და მომპარეს პასპორტი. სასაზღვრო პროცედურების გავლა მინდოდა გუშინ, მაგრამ ამის საშუალება არ მომეცა,” – აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, დღეს დილით, როგორც კანონი ითვალისწინებდა, მისი ადვოკატი საემიგრაციო სამსახურში მივიდა და ყოფილი პრეზიდენტის განცხადება წარადგინა. სააკაშვილის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე სრულიად ლეგალურად იმყოფება. ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ დახმარების თხოვნით უკრაინის სახელმწიფოს უკვე მიმართა, ხოლო მისმა ხელისუფლებამ ახლა ეს საკითხი სასამართლოში უნდა განიხილოს.

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 10 სექტემბერს უკრაინის საზღვარი მხარდამჭერების დახმარებით გადალახა. უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილს ქვეყანაში შესვლის საშუალებას არ აძლევდა.  მიხეილ სააკაშვილთან ერთად მისი ოჯახის წევრები, რადას დეპუტატები და უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო იმყოფებოდნენ.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქე აღარაა 2015 წლიდან, როდესაც უკრაინაში ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა. თუმცა შემდეგ ხელისუფლებას დაუპირისპირდა და ოპოზიციაში გადავიდა.

უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პუნქტზე განვითარებული მოვლენების შედეგად 11 სამართალდაცმველი დაშავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი