ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მეჰმან ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტისადმი მიმართვის შემდეგ გაათავისუფლეს

11 სექტემბერი, 2017 • 2179
მეჰმან ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტისადმი მიმართვის შემდეგ გაათავისუფლეს

საინფორმაციო სააგენტო “ტურანის” დირექტორი მეჰმან ალიევი გაათავისუფლეს.

Apa.az-ის ცნობით, განაჩენი მის დაკავებასთან დაკავშირებით  დღევანდელი სასამართლო პროცესის დროს შეიცვალა.

როგორც ადვოკატმა ფუად აგაევმა Apa-ს განუცხადა, იასამალის რაიონის სასამართლომ მეჰმან ალიევს დაკავება შინაპატიმრობით შეუცვალა.

სასამართლო პროცესის შემდეგ მეჰმან ალიევმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გათავისუფლების თაობაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტს მიმართა.

“მეჰმან ალიევის გათავისუფლება  მედიის მიმართ პრეზიდენტის მგრძნობიარე დამოკიდებულების კიდევ ერთი მაგალითია. პრესის საბჭო ყოველთვის დარწმუნებული იყო და ამტკიცებდა, რომ აღნიშნული ინციდენტი პრეზიდენტის დავალებით სათანადოდ იქნებოდა შესწავლილი. კანონმდებლობის შესაბამისად, მეჰმან ალიევის მიმართ ჰუმანური ნაბიჯი გადაიდგმება.” – განუცხადა APA-ს პრესსაბჭოს თავჯდომარემ და მილი მეჯლისის დეპუტატმა აფლატუნ ამაშოვმა.

“ტურანის” სააგენტოს დახურვასა და მისი პრეზიდენტის, მეჰმან ალიევის დაკავების თაობაზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოთქვა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მეჰმან ალიევის და განთავისუფლებისკენ მოუწოდა. მეჰმან ალიევი 24 აგვისტოს ბაქოში თანამდებობის ბოროტად გამოყენების, გადასახადების დამალვისა და დიდი თანხების მოზიდვის მიზნით უკანონო საქმიანობის ბრალდებებით დააკავეს. მან დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე “კავკაზსკი უზელთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ სააგენტოს დახურვა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე აზერბაიჯანის ხელისუფლების მიზანია.


აზერბაიჯანში თავისუფალი ჟურნალისტების დევნამ, განსაკუთრებით ბოლო წლებში, სისტემური ხასითი მიიღო. ალიევის რეჟიმმა არაერთი დამოუკიდებელი ჟურნალისტი დააპატიმრა და სხვადასხვა ბრალდებით გაასამართლა. აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ არალოიალური მედიის წარმომადგენლებისა და მედიაორგანიზაციების ნაწილი იძულებული გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ და საქმიანობა სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში გაეგრძელებინათ. ერთ-ერთი მათგანი ჟურნალისტი აფგან მუხთარლია, რომელიც 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფება. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, ასევე, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების პროტესტისა და მოთხოვნების მიუხედავად, მისი გატაცების საქმე ქართულ მხარეს ამ დრომდე არ გამოუძიებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი