ახალი ამბები

ხულორდავა: სააკაშვილის აქტიურობით არ კეთდება უკრაინული საქმე – ეს აწყობს რუსეთს

11 სექტემბერი, 2017 • 3090
ხულორდავა: სააკაშვილის აქტიურობით არ კეთდება უკრაინული საქმე – ეს აწყობს რუსეთს

მმართველი გუნდის დეპუტატი, თამარ ხულორდავა აცხახდებს, რომ მიხეილ სააკაშვილის აქტიურობით არ კეთდება უკრაინული საქმე. ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ხელს უწყობს პროდასავლური ძალების გახლეჩას, რაც არის რუსეთის ინტერესი.

“ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ რაც იკვეთება, რაც ჩანს, არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ის უკრაინის გულშემატკივარია და გული შესტკივა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, ის ფაქტი, რაც გუშინ მოხდა, არ უწყობს ხელს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. მისი აქტიურობით ვხედავ, რომ ფაქტობრივად იხლიჩება პროდასავლური ძალები უკრაინაში, რაც ნამდვილად არ შეუწყობს ხელს უკრაინულ საქმეს და მის პროდასავლურ მისწრაფებებს,” – ამბობს ხულორდავა

როგორც უმრავლესობის დეპუტატი აცხადებს, სააკაშვილის აქტიურობა ქართულ საქმესაც უკავშირდება, რადგან საქართველოსა და უკრაინას საგარეო პოლიტიკის მიმართულებით საერთო მიზნები აქვთ: “ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ძალების გაერთიანება იყოს შესაძლებელი და ერთიანად გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ. სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის აქტიურობით, ვხედავთ, რომ არ კეთდება უკრაინული საქმე. სწორედ ეს აწყობს რუსეთს. ანუ ირევა პოლიტიკუი სიტუაცია უკრაინაში.”

რაც შეეხება პროგნოზებს, თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ ამ საკითხის შესახებ ვერაფერს იტყვის გარდა იმისა, რომ სამართლებრივი პროცედურები არსებობს საქართველოშიც და უკრაინაშოც: “ბუნებრივია, უკრაინული მხარის გადასაწყვეტია, რა ნაბიჯებს განახორციელებს.”

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 10 სექტემბერს უკრაინის საზღვარი მხარდამჭერების დახმარებით გადალახა. უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილს ქვეყანაში შესვლის საშუალებას არ აძლევდა.  მიხეილ სააკაშვილთან ერთად მისი ოჯახის წევრები, რადას დეპუტატები და უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო იმყოფებოდნენ.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქე აღარაა 2015 წლიდან, როდესაც უკრაინაში ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა. თუმცა შემდეგ ხელისუფლებას დაუპირისპირდა და ოპოზიციაში გადავიდა.

უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვროს პუნქტზე განვითარებული მოვლენების შედეგად 11 სამართალდაცმველი დაშავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი