ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევმა ბლოგერი ლაპშინი შეიწყალა

11 სექტემბერი, 2017 • 1960
ალიევმა ბლოგერი ლაპშინი შეიწყალა

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბლოგერ ალექსანდრ ლაპშინის შეიწყალების განკარგულებას ხელი მოაწერა.

2017 წლის 20 ივლისს ბაქოს სასამართლომ ლაპშინი აზერბაიჯანის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულა და საერთო რეჟიმის კოლონიაში სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამასთან, მაშინ სასამართლომ ვერ დაადასტურა ლაპშინის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ მოწოდებების ბრალდება.

19 ივლისს, სასამართლოში გამოსვლის დროს, ლაპშინმა მწუხარება გამოთქვა მთიან ყარაბაღში ვიზიტისა და “იმ მორალური ზიანისთვის, რომელიც მან აზერბაიჯანის მოქალაქეებს თავისი მასალებით უნებლიეთ მიაყენა”.

აზერბაიჯანში ბლოგერს ბრალი ედებოდა  “მთიანი ყარაბაღის ტერიტორიებზე შესვლასა და თავის საჯარო გამოსვლებში სეპარატიზმის მხარდაჭერაში”. ამ ბრალდებების საფუძველზე ლაპშინი ინტერპოლის საერთაშორისო ძიებაში იყო. ლაპშინს სამი ქვეყნის – რუსეთის, ისრაელისა და უკრაინის მოქალაქეობა აქვს. მისი ექსტრადიციის წინააღმდეგ ისრაელისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განცხადებები გაავრცელეს, თუმცა მინსკი შემხვედრ ნაბიჯზე არ წავიდა. ბელარუსი დათანხმდა აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნას ალექსანდრ ლაპშინის ექსტრადიციის შესახებ. ბლოგერი 2017 წლის  7 თებერვალს ბაქოში სპეცრეისით გაამგზავრეს. Amnesty international მაშინდელ განცხადებაში წერდა, რომ ლაპშინის წინააღმდეგ ბრალდება და მისი გადაცემა აზერბაიჯანული მხარისთვის ბლოგერის [ალექსანდრ ლაპშინის] მიერ აზერბაიჯანის სასაზღვრო კონტროლის სისტემის კრიტიკასა და ქვეყანაში სოციალურ უთანსწორობაზე საუბარს უკავშირდება. ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტმა ბლოგერ ალექსანდრ ლაპშინის მიმართ აზერბაიჯანული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილება დაგმო  და მოუწოდებდა ბაქოს, დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი