49243

ბიბილაშვილი: უკრაინის ტალღა ძალას იკრებს და აუცილებლად ჩამოვა საქართველოში

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, რომ ის, რაც გუშინ, 10 სექტემბერს უკრაინაში მოხდა, ეს ტალღა ძალას იკრებს და საქართველოშიც ჩამოვა.

“გუშინ დაიმსხვრა ივანიშვილ-პოროშენკოს შეთანხმება, გეგმა, რომელიც მათ ქართველი და უკრაინელი ხალხების ზურგს უკან დასახეს, რომლის მიზანი მხოლოდ მათი ოლიგარქიული, მაფიოზური ინტერესების გამოხატულება იყო. გუშინ უკრაინაში დამარცხდა პოროშენკო, გუშინ საქართველოში დამარცხდა ივანიშვილი და გუშინ ევრაზიაში დამარცხდა პუტინი. ეს ტალღა მხოლოდ ძალას იკრებს, აუცილებლად ჩამოვა საქართველოში”,- განაცხადა ბიბილაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებს:

  • დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც იმთავითვე დაკვეთილია ვლადიმერ პუტინის მიერ.
  • დაუყოვნებლივ აღუდგეს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა
  • დაუყოვნებლივ მიეცეს მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნების და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის საშუალება

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 10 სექტემბერს უკრაინის საზღვარი მხარდამჭერების დახმარებით გადალახა. უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილს ქვეყანაში შესვლის საშუალებას არ აძლევდა.  მიხეილ სააკაშვილთან ერთად მისი ოჯახის წევრები, რადას დეპუტატები და უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო იმყოფებოდნენ.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქე აღარაა 2015 წლიდან, როდესაც უკრაინაში ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა. თუმცა შემდეგ ხელისუფლებას დაუპირისპირდა და ოპოზიციაში გადავიდა.

უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პუნქტზე განვითარებული მოვლენების შედეგად 11 სამართალდაცმველი დაშავდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com