ახალი ამბები

სააკაშვილი “იმედს” და “საზმაუს”: თქვენ ხართ ივანიშვილის აგენტები

10 სექტემბერი, 2017 • 2328
სააკაშვილი “იმედს” და “საზმაუს”: თქვენ ხართ ივანიშვილის აგენტები

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია “იმედს” და “საზოგადოებრივ მაუწყებელს” ბიძინა ივანიშვილის აგენტები უწოდა.

“იმედი” დაინტერესდა, რატომ შეცვალა მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვეტილება, ავტობუსით ჩასულიყო უკრაინაში და ნაცვლად ამისა, მატარებლით გადაადგილება გადაწყვიტა, რაზეც სააკაშვილისგან პასუხი ვერ მიიღო. ამის, შემდეგ “იმედის” ჟურნალისტმა სააკაშვილს ჰკითხა, პასუხობს თუ არა მის შეკითხვას, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ იგი “ოლიგარქის ტელევიზიის შეკითხვებს არ პასუხობს”.

“ტელეკომპანია “იმედი” მე მიმაჩნია ივანიშვილის კარის ტელევიზიად, მე გიპასუხეთ უკვე, მომიკითხეთ ივანიშვილი, კარგად მეყოლეთ”,- უთხრა სააკაშვილმა ტელეკომპანია “იმედს”.

სააკაშვილთან საუბარში ჩაერთო “საზოგადოებრივი მაუწყებელიც”, რომელმაც სააკაშვილს ჰკითხა, თუ რატომ არ აპირებდა სააკაშვილი “საზოგადოებრივი მაუწყებელთან” ურთიერთობას. არხმა დღეს ინფორმაციაც გაავრცელა იმის შესახებ, რომ მათთვის იმ ავტობუსში, რომლითაც სააკაშვილი უნდა გამგზავრებულიყო, ადგილი ვერ გამოძიებნა, რადგან ქსპრეზიდენტმა პირველი არხი დაახასიათა როგორც პრორუსული არხი.

“თქვენ ჟურნალისტები არ ხართ, თქვენ ხართ ივანიშვილის ჩვეულებრივი აგენტები”,- განაცხადა სააკაშვილმა ამჯერად როგორც “იმედის” ისე “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტების მისამართით.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახლა პოლონეთის ტერიტორიაზე მატარებელში იმყოფება. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ იგი კრაკოვეცის სასაზღვრო- გამშვები პუნქტიდან უნდა შესულიყო უკრაინის ტერიტორიაზე. სააკაშვილმა განაცხადა, რომ საზღვარზე მისი მხარდამჭერების გარდა ე.წ. “ტიტუშკებიც” იმყოფებიან და პროვოკაციის საფრთხე არსებობდა. სააკაშვილის ცნობითვე, უკრაინა მატარებელს ქვეყნის ტერიტორიაზე არ უშვებს, თუ იგი მატარებელს არ დატოვებს.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქე აღარაა 2015 წლიდან, როდესაც უკრაინაში ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა. თუმცა შემდეგ ხელისუფლებას დაუპირისპირდა და ოპოზიციაში გადავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი