ახალი ამბები

დეკანოზი მოსამართლეს: თქვენ წინაშე ვდგავარ ცოდვილთა შორის უპირველესი, მაგრამ არა მკვლელი

9 სექტემბერი, 2017 • 9996
დეკანოზი მოსამართლეს: თქვენ წინაშე ვდგავარ ცოდვილთა შორის უპირველესი, მაგრამ არა მკვლელი

ტელეკომპანია რუსთავი 2–მა დღეს გაავრცელა ე.წ. ციანიდის დახურული საქმიდან რამდენიმე მასალა, მათ შორის, დეკანოზ გიორგი მამალაძის დასკვნითი სიტყვა, რომელიც მან წარმოთქვა სასამართლოში. დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ “ნეტგაზეთს” დაუდასტურა, რომ მსგავსი შინაარსის ტექსტით ნამდვილად მიმართა გიორგი მამალაძემ მოსამართლეს თავის დასკვნით სიტყვაში.

„თქვენ დღეს ბრძანდებით მსაჯული, რომელმაც, პილატეს მსგავსად, უნდა განსაზღვროთ უდანაშაულო ადამიანის ბედი. პილატემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის გამო, აგერ, უკვე ორი ათასი წელია, მისი სახელი უსამართლობასთან ასოცირდება. იმ დროს პილატეს წინაშე იდგა უცოდველი ადამიანი, დღეს კი თქვენ წინაშე ვდგავარ ცოდვილთა შორის უპირველესი, მაგრამ არა მკვლელი, არა მკვლელობის მომმზადებელი. წინასწარმეტყველი ზირაქი ამბობს, სიტყვაშია პატივი და უპატიობა, ენაა ადამიანის დამღუპველი.

„სწორედ ამაშია ჩემი ბრალეულობა, სწორედ ამიტომ, ორი ადამიანის კერძო საუბარს, რომელსაც პროვოკაცია ედო საფუძვლად და რომელიც პროკურატურამ ბრალდებად გამოიყენა, თქვენ მაინც ნუ აქცევთ გამამტყუნებელი განაჩენის საფუძვლად. ნუ დააყენებთ კანონზე მაღლა ხელისუფალთ და ფარისეველთ. ნურც თქვენს თანამდებობას, რათა თქვენი სახელი ასოცირდებოდეს არა უსამართლო პილატესთან, არამედ სამართლიან თემიდასთან,“ – აღნიშნულია დეკანოზ გიორგი მამალაძის ბოლო სიტყვაში, რომელიც რუსთავი 2–მა გაავრცელა.

დეკანოზი მოსამართლეს მიმართავს, რომ რთულია შეინარჩუნო სიმშვიდე მაშინ, როცა სახელმწიფო სისტემა გიპირისპირდება და “მაშინ, როდესაც უსამართლო განაჩენის შემთხვევაში, სამუდამო სასჯელიც კი მემუქრება. ძნელია, შეინარჩუნო სიმშვიდე მაშინ, როდესაც ჩემს გამო ეპისკოპოსებსა და რიგით სასულიერო პირებზე ახორციელებენ ზეწოლას, რათა მათ ხმა არ ამოიღონ უსამართლობის წინააღმდეგ. უსამართლობისა, რომელიც პროკურატურამ დამკვეთებთან ერთად აღასრულა. რთულია, შეინარჩუნო სიმშვიდე, როდესაც ჩემი ადვოკატების ოჯახის წევრებზე და მეგობრებზეც კი ხორციელდება ზეწოლა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მხოლოდ ჩემი ადვოკატები, ოჯახის წევრები და მეგობრები არიან”.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა პატრიარქის მდივან რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 9–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი