36524

რისთვის შეხვდა პროკურატურის მოწმე კორტების სპეცოპერაციისთვის მსჯავრდებულის ოჯახს

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავას ცოლი ამბობს, რომ პროკურატურის მთავარი მოწმე მას საკუთარი ინიციატივით შეხვდა და ზეწოლის ფაქტებზე მიაწოდა ინფორმაცია, თავად ამ მოწმის განცხადებით კი მასზე ჩვენების შეცვლის მიზნით ზეწოლას სწორედ ფირცხალავას ოჯახის წევრები ახდენდნენ. პროკურატურა ამ საქმეზე გამოძიებას აწარმოებს მოწმის მიმართ განხორციელებული მოსყიდვისა და მასზე განხორციელებული მუქარის შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ირაკლი ფირცხალავას ცოლმა, ნინო ხვიტიამ ტელეკომპანია რუსთავის 2–ს ფარული ჩანაწერები გადასცა, რომელიც, მისი მტკიცებით, ასახავს მასსა და მოწმე კობა გოგატიშვილს შორის საუბარს.

ხვიტიას თქმით, მას ტელეფონით 30 აგვისტოს, დღის 12 საათზე დაუკავშირდა გოგატიშვილი, რის შემდეგაც მეორე დღეს, 31 აგვისტოს დიდ დიღომში შეხვდა, შვილთან ერთად.

ხვიტიას მიერ რუსთავი 2–ისთვის მიცემულ აუდიოჩანაწერში საუბარია იმის შესახებ, რომ კობა გოგატიშვილის წინააღმდეგ პროკურატურა იყენებდა ერთ–ერთი მოქალაქის საჩივარს მის წინააღმდეგ იმის გამო, რომ სხვის საკუთრებაში არსებული მანქანა გაყიდა და კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა.

ჩანაწერში გოგატიშვილი ამბობს, რომ პირველად BMW–ს მარკის ავტომობილიდან მოხდა გასრულა და საპასუხო სროლას ჰქონდა ადგილი პოლიციის მხრიდან, სასამართლოში კი მან განაცხადა, რომ პირველი გასროლა პოლიციის მიერ მოხდა.

აუდიოჩანაწერში გოგატიშვილი ამბობს, რომ პროკურატურაში ის შავი ჯიპით შეჰყავთ და გამოჰყავთ ხოლმე, რათა არ მოხდეს მისი დაფიქსირება. მისივე თქმით, აქვს მთავარი პროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძესთან საუბრის ჩანაწერი, სადაც კორტების საქმეზე საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ ეს აუდიოჩანაწერები გაავრცელა ფირცხალავას ცოლმა და მათი ავთენტურობა არ არის დადასტურებული და ზუსტად დადგენილი, ჩანაწერში საუბრობს თუ არა ნამდვილად გოგატიშვილი.

ფირცხალავას ცოლის თქმით, ამ საუბრის შემდეგ ავტომანქანით მიიყვანა გოგატიშვილი სახალხო დამცველის ოფისში, რათა მას ეს ინფორმაცია ომბუდსმენის წარმომადგენლებისთვის მიეწოდებინა.

დღეს პრესკონფერენცია გამართა თავად გოგატიშვილმა, რომლის თქმით, ნინო ხვიტია და მისი შვილი მასზე ზეწოლას ახდენდნენ ჩვენების შეცვლის მიზნით და 30 ათას აშშ დოლარს სთავაზობდნენ.

„მე ვარ კორტების სპეცოპერაციის თვითმხილველი. ჩემი თვალით მაქვს ნანახი ყველაფერი. ჩვენება მიცემული მაქვს გამოძიებისთვისაც და სასამართლოსთვისაც. ჩემზე ფირცხალავას ოჯახის წევრებიდან და ახლობლებიდან იყო ზეწოლა და მუქარა. მაიძულეს, რომ შევხვედროდი. შემომთავაზეს 30 ათასი დოლარი და საზღვარგარეთ უზრუნველი ცხოვრება, რათა შემეცვალა ჩვენება და მეთქვა, რომ კორტებზე მოგვიანებით მივედი. ასევე მეუბნებოდნენ, რომ სიმართლეს, რომ გავდესო, თქვი, რომ პროკურორებისგან იყო ზეწოლა. რეალურად არავისგან არავითარი ზეწოლა არ ყოფილა. ფირცხალავას მეუღლისა და შვილის გარდა შეხვედრაზე იყვნენ მამაკაცები, რომლებისაც შემეშინდა და ამიტომ ვუთხარი, რომ გავაკეთებდი ყველაფერს. სახალხო დამცველთან მიმიყვანეს და იქ უნდა მომეყოლა ის, რაც დამაზეპირებინეს. ვიდრე შევიდოდი, მანქანაში მომიბრუნდა ფირცხალავს შვილი და მითხრა, თუ არ შეცვლი ჩვენებას, გაგიხვრიტავენ შუბლსო“, – განაცხადა კობა გოგატიშვილმა.

გოგატიშვილი მისი აუდიოჩანაწერის სრული ვერსიის გასაჯაროებას ითხოვს.

„სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან რომ მივედით, მოვიმიზეზე ცუდად ყოფნა და ამიტომ ვერ მივეცი ის ჩვენება, რომელიც დამაზეპირებინეს. ამის შემდეგ ჩვენ დავშორდით ერთმანეთს“, – აღნიშნა გოგატიშვილმა.

კითხვაზე, თუ რატომ არ მიმართა მუქარებისა და ზეწოლების განხორციელების შემდეგ სამართალდამცველებს, კობა გოგატიშვილმა აღნიშნა, რომ მან განცხადება შეიტანა პოლიციაში და ამაზე გამოძიება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მოწმეს ასევე არ დაუკონკრეტებია, რატომ არ მიმართა პროკურატურას ზეწოლების განხორციელების შემდეგ და აღნიშნა, რომ მას სურდა საზოგადოებას სიმართლე გაეგო და ამიტომ მივიდა ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატთან.

დღეს მან პრესკონფერენცია სწორედ ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატ გაგი მოსიაშვილთან ერთად გამართა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოწმის მოსყიდვისა და მუქარის შესაძლო ფაქტზე ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის მსჯავრდებულის, ირაკლი ფირცხალავას ადვოკატები და ოჯახის წევრები გუშინ, 8 სექტემბერს გამოკითხა.

საქართველოს მთავარი პროკურატურა, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის ერთ-ერთი მოწმის ანალოგიური წერილობითი განცხადების საფუძველზე, გამოძიებას აწარმოებს ჯერ კიდევ 2017 წლის 08 თებერვლიდან. როგორც პროკურატურიდან გვაცნობეს, მოწმე განცხადებაში მიუთითებდა, რომ ამავე საქმეზე მსჯავრდებული პირების ახლო ნათესავები ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ მას ჰპირდებოდნენ დიდი ოდენობით თანხას.

“მოწმის სახით გამოკითხვისას აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ მას შეხვდნენ მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავას ცოლი ნ.ხ. და ერთ-ერთი შვილი, რომლებმაც უთხრეს, რომ მსჯავრდებულის სასარგებლოდ უნდა შეეცვალა ჩვენება და უნდა ეთქვა, თითქოსდა შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდა და არაფერი დაუნახავს, ასევე, თითქოს მსჯავრდებულის მამხილებელი ჩვენება მისცა პროკურატურის მხრიდან ზეწოლის შედეგად. სანაცვლოდ მას გადასცემდნენ 30 000 აშშ დოლარს და უზრუნველყოფდნენ მოწმის ქვეყნიდან გაყვანას. წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით,” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საქართველოს მთავარო პროკურატურის განცხადებით, საქმეზე გრძელდება გამოძიება მოწმის მიმართ განხორციელებული მოსყიდვისა და მასზე განხორციელებული მუქარის შესაძლო ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გადაწყვეტილება 2015 წლის 30 სექტემბერს გამოაცხადა. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ბრალდებულ გიორგი ცააძეს და ირაკლი ფირცხალავას 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, კახაბერ ნაკანს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ლევან ბეროძეს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, გრიგოლ კვინიკაძეს კი დაუსწრებლად – 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელები ამნისტიის გათვალისწინებით განისაზღვრა.

პროკურატურის ცნობით, მკვლელობა ირაკლი ფირცხალავამ ალექსანდრე ხუბულოვზე შურისძიების მიზნით დაგეგმა, რადგან, გამოძიების ვერსიით, ხუბულოვის ინფორმაციის საფუძველზე მოხდა ფირცხალავას ძმის დაკავება ნარკოდანაშაულზე.

საქმის მასალების მიხედვით, “2006 წლის 2 მაისს ხუბულოვი შეხვდა ზურაბ ვაზაგაშვილსა და ბონდო ფუთურიძეს და ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გაემართნენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. ჩოგბურთის კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, ფირცხალავასაგან რადიოსიგნალით მიღებული ბრძანების შემდგომ, შეიარაღებული სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მოწოდებისა და გამაფრთხილებელი გასროლის გარეშე ცეცხლი გაუხსნეს ვაზაგაშვილის ავტომანქანას. თავის მხრივ, ბრალდებულმა გიორგი ცააძემ განახორციელა საკონტროლო გასროლა ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მისამართით, რომლებიც ადგილზე გარდაიცვალნენ. ბონდო ფუთურიძემ კი სიცოცხლისათვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. ხსენებული სპეცოპერაცია ბრალდებულებმა შენიღბეს როგორც ყაჩაღური თავდასხმის აღკვეთა და შექმნეს ფალსიფიცირებული მტკიცებულებები, თითქოსდა ოპერაციის მონაწილენი თავდასხმისათვის ემზადებოდნენ. შედეგად, ვაზაგაშვილი, ხუბულოვი და ფუთურიძე გამოცხადდნენ ყაჩაღებად, ხოლო შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი – დანაშაულთან ბრძოლის სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეში სამაგალითო უწყებად”.

სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი და სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულები და დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული ღონისძიება სრულიად შეუსაბამო იყო დაკავების ღონისძიებისათვის გათვალისწინებულ სტანდარტებთან.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ირაკლი ფირცხალავა სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია) უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, ხოლო დამნაშავედ იქნა ცნობილი 109-ე მუხლის “ა”, “ზ” და “თ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდებით (განზრახ მკვლელობა).

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი