ახალი ამბები

თორდიაზე ჩანაწერების გავრცელებაში შესაძლოა შსს-ს უკანონო ქმედება იკვეთებოდეს – NGO–ები

9 სექტემბერი, 2017 • 2587
თორდიაზე ჩანაწერების გავრცელებაში შესაძლოა შსს-ს უკანონო ქმედება იკვეთებოდეს – NGO–ები

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას საქმეზე ვიდეოჩანაწერის გავრცელებაში შესაძლოა შსს–ს უკანონო ქმედებები იკვეთებოდეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის” ინფორმაციით, ყოფილი გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას საქმეზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა „პ.ა.მ. კლუბი“ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

კერძოდ, ინსპექტორის მიერ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიამ კლუბში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები მესამე პირს გადასცა მხოლოდ ერთხელ: 2016 წლის 27 დეკემბერს ვიდეოჩანაწერები გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველის კანონის დარღვევით.

“ინსპექტორის ასეთი  დასკვნა აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საბოლოოდ ჩანაწერი კერძო პირის ხელში სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოხვდა, რაც დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს არ ყოფილა პირის მაკომპრომეტირებელი მასალის გასაჯაროების პირველი შემთხვევა. სამწუხაროდ, მსგავსი ეჭვები წარსულშიც არაერთხელ გაჩენილა, რაც შესაძლოა, სამართალდამცავი სისტემის მუშაობის მანკიერ მეთოდებზე მიუთითებდეს”, – აცხადებენ არასამთავრობოები.

2017 წლის 12 მაისს მაშინ მოქმედ გენერალური აუდიტორს თავს დაესხნენ. ლაშა თორდიას განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, დაცვის წევრებთან ერთად, ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, თუმცა, საქმეზე გამოძიების საბოლოო შედეგი მომხდარიდან 4 თვის შემდეგაც უცნობია.

გენერალურ აუდიტორზე თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა ლაშა თორდიას მაკომპრომენტირებელი ვიდეომასალა, სადაც, სავარაუდოდ, 2016 წლის 24 დეკემბერს  კაფე-ბარ „პ.ა.მ კლუბში“ მომხდარი ინციდენტია ასახული.

“როგორც გაირკვა, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში 2016 წლის 24 დეკემბრიდან მიმდინარეობდა. ვიდეოჩანაწერის გავრცელებამ მაშინვე გააჩინა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა გამოძიების ხელთ არსებული ვიდეომასალის გასაჯაროება. დამატებით ეჭვებს აჩენდა ოთარ ფარცხალაძის მიერ 14 მაისს გაკეთებული განცხადება, სადაც ის ლაშა თორდიას „შეუფერებელ“ ქცევაზე მიუთითებდა. ფარცხალაძის განცხადებამ გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან წინასწარ იცოდა ვიდეომასალის არსებობის შესახებ”, – აცხადებენ არასამთავრობოები.

NGO–ები მოუწოდებენ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „პ.ა.მ კლუბში“ მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვების და გავრცელების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით; ხოლო შსს–ს – გაასაჯაროოს, რა ეტაპზეა ლაშა თორდიაზე თავდასხმის და  „პ.ა.მ. კლუბში“ მომხდარი ინციდენტის საქმეებზე მიმდინარე გამოძიებები.

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტს, საგამოძიებო კომისიის მეშვეობით შეისწავლოს გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის ფაქტი, განსაკუთრებით, მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობის ფონზე”, – აცხადებენ არასამთავრობოები.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

მედიის განვითარების ფონდი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი