ახალი ამბები

ვის და რატომ უნდოდა გერმანიიდან ილია მეორის ამოკვეთილი ნაღვლის ბუშტის თბილისში წამოღება

8 სექტემბერი, 2017 • 18745
ვის და რატომ უნდოდა გერმანიიდან ილია მეორის ამოკვეთილი ნაღვლის ბუშტის თბილისში წამოღება

ტვ პირველი ავრცელებს აუდიოჩანაწერს, რომელიც ტელეკომპანიის ინფორმაციით, მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების ფრაგმენტს ასახავს დეკანოზ მამალაძის საქმეზე.

ჩანაწერში საუბარია იმის შესახებ, რომ პატრიარქის მდივან – რეფერენტს გერმანიიდან ილია მეორის ნაღვლის ბუშტის წამოღება სურდა, რომელიც ოპერაციის დროს ამოკვეთეს.

ნეტგაზეთი ესაუბრა ილია მეორის ექიმს, ცისანა შარტავას, რომელიც ამბობს, რომ ასეთი სურვილი გერმანიაში მართლაც ჰქონდა ერთ-ერთ ადამიანს, თუმცა ვერ იხსენებს, კონკრეტულად ვინ იყო.

“ჩვენ ავუხსენით მსურველს, რომ ოპერაციის შემდგომ ამოჭრილ ნაღვლის ბუშტს ვერ წამოვიღებდით. პროფესიით არაექიმს მოუვიდა აზრად. შორენას არა… არ მახსოვს. მე ექიმს დაველაპარაკე და მითხრა, რომ არაო, ის [ნაღვლის ბუშტი] უკვე დაშლილიაო”.

ნეტგაზეთი ასევე დაინტერესდა, რა მიზნით შეიძლებოდა პატრიარქის გარემოცვიდან ვინმეს მოესურვებინა მისი ნაღვლის ბუშტის თბილისში წამოღება, ექიმმა ზუსტი პასუხი არ იცის.

“ვიღაცის აზრი იყო ეს. ზოგჯერ ადამიანებს კენჭი აქვთ ხოლმე და [ამბობენ] მომეცით, მქონდესო. ასეთი მიზნით ითქვა, ალბათ, რომ წავიღოთ, რადგან იქ კენჭებიაო”, – ამბობს ექიმი.

ილია მეორეს ოპერაცია გერმანიაში მიმდინარე წლის თებერვალში გაუკეთეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი