ახალი ამბები

ISFED ოპოზიციის კანდიდატების საწინააღმდეგო კამპანიაზე სოციალურ ქსელებში

8 სექტემბერი, 2017 • 1537
ISFED ოპოზიციის კანდიდატების საწინააღმდეგო კამპანიაზე სოციალურ ქსელებში

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში სხვა საკითხებთან ერთად ყურადრება გამახვილებული სოციალურ ქსელებში ოპოზიციური კანდიდატების საწინააღმდეგო კამპანიებზეც.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ჯერ კიდევ ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, სოციალურ ქსელ Facebook- ში გააქტიურდა სხვადასხვა გვერდები, რომლებიც თბილისის მერობის ოპოზიციურ კანდიდატად დასახელებული პირების საწინააღმდეგოდ ძირითადად დეზინფორმაციას ავრცელებენ. ISFED-ის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში, ამ გვერდებზე გავრცელებული ინფორმაცია დასპონსორებულია.

“ყველა ასეთ შემთხვევაში, გაურკვეველია ინდივიდი ან ორგანიზაცია, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის უკან დგას და ვინ იხდის თანხას ამგვარი პოსტების რეკლამირებაში.  27 აგვისტოს რამდენიმე Facebook გვერდზე (ვინ გვესაუბრება; ძაან უდუმაშვილი) გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები ალეკო ელისაშვილის სასარგებლოდ მხარდამჭერთა ხელმოწერებს აგროვებდნენ. ინფორმაციას თან ახლავს ვიდეო, რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაისურში ჩაცმული რამდენიმე პირი ხელმოწერებს აგროვებს. ვიდეოკადრებიდან ამ პირების იდენტიფიცირება შეუძლებელია.

აღნიშნული ინფორმაცია უარყო როგორც ელისაშვილმა, ასევე, თავად ნაციონალურმა მოძრაობამ. აღნიშნულ ფაქტზე ელისაშვილმა პოლიციას მიმართა და მოითხოვა იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც ხელმოწერების შეგროვებაში მონაწილეობდნენ. ალეკო ელისაშვილი მიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი მისი კამპანიისთვის ხელის შეშლას წარმოადგენს” – ვკითხულობთ ISFED-ის ანგარიშში.

ISFED-მა აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთ ფეისბუქ გვერდზე („ვინ გვესაუბრება“) ოპოზიციური კანდიდატების – ელენე ხოშტარიას, ზაალ უდუმაშვილის და ალექსანდრე ელისაშვილის შესახებ სხვადასხვა შინაარსის ინფორმაცია ვრცელდება, რომელსაც თავად კანდიდატები უარყოფენ. პოსტების შინაარსი ნეგატიურია და მიმართულია მერობის ოპოზიციური კანდიდატების დისკრედიტაციისკენ, ან შეიცავს დეზინფორმაციას.

ეს პოსტები ხშირ შემთხვევაში დასპონსორებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გვერდის შემქმნელი ინფორმაციის გავრცელებისთვის ფულად სახსრებს ხარჯავს.

“საარჩევნო კოდექსის თანახმად, აღნიშნული აქტივობა წინასაარჩევნო აგიტაციას წარმოადგენს. კოდექსის მე-2 მუხლის „ჰ 1 “ პუნქტისს თანახმად, „წინასაარჩევნო აგიტაცია არის ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე, ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს…“.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის 25-ე მუხლის თანახმად, შემოწირულობად ითვლება გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე პირის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზნით გაწეული ფულადი ხარჯი, მიუხედავად იმისა, იდენტიფიცირებადია თუ არა ასეთი სახსრების მიმღები” – ნათქვამია ანგარიშში.

ISFED-ში აცხადებენ, რომ მოცემულ შემთხვევაში მსგავსი ფეისბუქ გვერდების ადმინისტრატორების მიერ კანდიდატების წინააღმდეგ დამზადებული პოსტების რეკლამირებისთვის გაწეული ფინანსური სახსრები და მომსახურება უნდა ჩაითვალოს უკანონო შემოწირულობად. მიუხედავად ამისა, მსგავსი აქტივობის ფინანსური მონიტორინგის ეფექტური მეთოდოლოგია არ არსებობს და აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირება მნიშვნელოვან სირთულეებს უკავშირდება:

“სოიალურ ქსელებში დისკრედიტაციის კამპანია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ონლაინ საშუალებებისა და სოციალური მედიის გამოყენებით საარჩევნო აგიტაციის ეფექტიანი საკანონმდებლო რეგულაციების არარსებობას და ცხადყოფს, რომ ინტერნეტსივრცის საარჩევნო მიზნებით გამოყენება საარჩევნო პროცესის მნიშვნელოვანი გამოწვევაა” – ამბობენ ISFED-ში.

არასამთავრობო ორგანიზაცია რეკომენდაციით მიმართავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, უზრუნველყოს ეფექტიანი მეთოდოლოგიის შემუშავება სოციალურ ქსელებში წარმოებული კამპანიისას უკანონო შემოწირულობის განხორციელების ფაქტების აღკვეთისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი