ახალი ამბები

TBC ბანკი “კავკასუს ონლაინს” დომენების გაყიდვის გამო უჩივის

8 სექტემბერი, 2017 • 3227
TBC ბანკი “კავკასუს ონლაინს” დომენების გაყიდვის გამო უჩივის

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ „თიბისი ბანკის“ საჩივარი წარმოებაში მიიღო.

ბანკი კომპანიას ფიზიკურ პირზე დომენების – mytbc.ge, mytbcbank.ge, itbc.ge, itbcbank.ge – მიყიდვას ედავება და მარეგულირებელს მათ გაუქმებას, ხოლო დომენების მფლობელის კანონდამრღვევად ცნობას ითხოვს.

TBC ბანკის საჩივარში წერია, რომ აღნიშნული ფიზიკური პირი თავად დაუკავშირდა ბანკს და სადავო დომენების ყიდვა შესთავაზა. საჩივრის ავტორის განცხადებით, სს „თიბისი ბანკი“ საქპატენტში დარეგისტირებულ განსაკუთრებულ უფლებას ფლობს შემდეგ სასაქონლე ნიშნების სიტყვიერ ნაწილებზე: TBC BANK და TBC, შესაბამისად, ბანკს აქვს სრული უფლება, აუკრძალოს ნებისმიერ მესამე პირს ამ სიტყვათა იდენტური ან/და მსგავსი სიტყვების გამოყენება.

მოსარჩელე მხარე “კომერციული ბანკების შესახებ” საქართველოს კანონს იშველიებს და აღნიშნავს, რომ “არავის აქვს უფლება, გამოიყენოს ტერმინი „ბანკი“ ან სხვა სიტყვათაწყობა ამ ტერმინის გამოყენებით ამ კანონის შესაბამისად გაცემული ლიცენზიის გარეშე, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი”.

საკითხის ზეპირი სხდომა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში 25 სექტემბერს, 18:00-ზე გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი