ახალი ამბებისამართალი

პროკურატურა ე.წ. კორტების საქმეზე მოწმის შესაძლო მოსყიდვას იძიებს

8 სექტემბერი, 2017 • 3375
პროკურატურა ე.წ. კორტების საქმეზე მოწმის შესაძლო მოსყიდვას იძიებს

დღეს, 8 სექტემბერს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოწმის მოსყიდვისა და მუქარის შესაძლო ფაქტზე ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის მსჯავრდებულის, ირაკლი ფირცხალავას ადვოკატები და ოჯახის წევრები გამოკითხვის მიზნით დაიბარა.

პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარებული არიან ირაკლი ფირცხალავას ადვოკატები, მალხაზ ველიჯანაშვილი და დათო ხაჟალია. მათთან ერთად გამოიკითხებიან მსჯავრდებულის ცოლი ნ. ხ. და შვილი – ნ. ფ.

საქმე ეხება მოწმის მოსყიდვისა და მასზე განხორციელებული მუქარის შესაძლო ფაქტებს, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით.

საქართველოს მთავარი პროკურატურა, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის ერთ-ერთი მოწმის ანალოგიური წერილობითი განცხადების საფუძველზე, გამოძიებას აწარმოებს ჯერ კიდევ 2017 წლის 08 თებერვლიდან. როგორც პროკურატურიდან გვაცნობეს, მოწმე განცხადებაში მიუთითებდა, რომ ამავე საქმეზე მსჯავრდებული პირების ახლო ნათესავები ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ მას ჰპირდებოდნენ დიდი ოდენობით თანხას.

გამოძიების მიმდინარეობის პროცესში კორტების სპეცოპერაციის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ კვლავ მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და განაცხადა, რომ ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავას ახლობლები ამ უკანასკნელის სასარგებლოდ ჩვენების შეცვლის მიზნით მასზე ახდენდნენ ზეწოლას.

“მოწმის სახით გამოკითხვისას აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ მას შეხვდნენ მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავას ცოლი ნ.ხ. და ერთ-ერთი შვილი, რომლებმაც უთხრეს, რომ მსჯავრდებულის სასარგებლოდ უნდა შეეცვალა ჩვენება და უნდა ეთქვა, თითქოსდა შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდა და არაფერი დაუნახავს, ასევე, თითქოს მსჯავრდებულის მამხილებელი ჩვენება მისცა პროკურატურის მხრიდან ზეწოლის შედეგად. სანაცვლოდ მას გადასცემდნენ 30 000 აშშ დოლარს და უზრუნველყოფდნენ მოწმის ქვეყნიდან გაყვანას. წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით,” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საქართველოს მთავარო პროკურატურის განცხადებით, საქმეზე გრძელდება გამოძიება მოწმის მიმართ განხორციელებული მოსყიდვისა და მასზე განხორციელებული მუქარის შესაძლო ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ნეტგაზეთმა ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულის, ირაკლი ფირცხალავას ადვოკატებთან, მალხაზ ველიჯანაშვილთან და დათო ხაჟალიასთან დაკავშირება უშედეგად სცადა.

 


 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გადაწყვეტილება 2015 წლის 30 სექტემბერს გამოაცხადა. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ბრალდებულ გიორგი ცააძეს და ირაკლი ფირცხალავას 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, კახაბერ ნაკანს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ლევან ბეროძეს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, გრიგოლ კვინიკაძეს კი დაუსწრებლად – 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელები ამნისტიის გათვალისწინებით განისაზღვრა.

პროკურატურის ცნობით, მკვლელობა ირაკლი ფირცხალავამ ალექსანდრე ხუბულოვზე შურისძიების მიზნით დაგეგმა, რადგან, გამოძიების ვერსიით, ხუბულოვის ინფორმაციის საფუძველზე მოხდა ფირცხალავას ძმის დაკავება ნარკოდანაშაულზე.

საქმის მასალების მიხედვით, “2006 წლის 2 მაისს ხუბულოვი შეხვდა ზურაბ ვაზაგაშვილსა და ბონდო ფუთურიძეს და ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გაემართნენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. ჩოგბურთის კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, ფირცხალავასაგან რადიოსიგნალით მიღებული ბრძანების შემდგომ, შეიარაღებული სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მოწოდებისა და გამაფრთხილებელი გასროლის გარეშე ცეცხლი გაუხსნეს ვაზაგაშვილის ავტომანქანას. თავის მხრივ, ბრალდებულმა გიორგი ცააძემ განახორციელა საკონტროლო გასროლა ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მისამართით, რომლებიც ადგილზე გარდაიცვალნენ. ბონდო ფუთურიძემ კი სიცოცხლისათვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. ხსენებული სპეცოპერაცია ბრალდებულებმა შენიღბეს როგორც ყაჩაღური თავდასხმის აღკვეთა და შექმნეს ფალსიფიცირებული მტკიცებულებები, თითქოსდა ოპერაციის მონაწილენი თავდასხმისათვის ემზადებოდნენ. შედეგად, ვაზაგაშვილი, ხუბულოვი და ფუთურიძე გამოცხადდნენ ყაჩაღებად, ხოლო შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი – დანაშაულთან ბრძოლის სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეში სამაგალითო უწყებად”.

სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი და სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულები და დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული ღონისძიება სრულიად შეუსაბამო იყო დაკავების ღონისძიებისათვის გათვალისწინებულ სტანდარტებთან.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ირაკლი ფირცხალავა სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია) უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, ხოლო დამნაშავედ იქნა ცნობილი 109-ე მუხლის “ა”, “ზ” და “თ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდებით (განზრახ მკვლელობა).

მასალების გადაბეჭდვის წესი