პროფკავშირების წინასაარჩევნო პროცესი პოლიტიკურ კინკლაობაშია გადასული – გია ჟორჟოლიანი

სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ პროფკავშირების წინასაარჩევნო დისკუსია მშრომელთა უფლებების დაცვას არ ემსახურება. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მან თავმჯდომარეობის კანდიდატების რიტორიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი პროფკავშირების მთავარ მიზნებს უგულებელყოფენ. ჟორჟოლიანის აზრით, პროცესი წინასაარჩევნო კინკლაობას ემსგავსება:

“მე მგონია, რომ ეს კამპანია არ ემსახურება იმ ინტერესებს, რომლებიც, ჩემი აზრით, არის მნიშვნელოვანი. ჩემთვის, როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარისთვის, მნიშვნელოვანია მშრომელთა უფლებების დაცვა. ველოდი, რომ კამპანიის დროს იქნებოდა საუბარი მშრომელთა უფლებების დაცვაზე, ინეტრესების დაცვაზე, დასაქმების პრობლემებზე, ღირსეული შრომის პირობებზე, მათ გაუმჯობესებასა და ამ ადამიანების ინტერესების გატარებაზე ცხოვრებაში. ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც დაიცავს მშრომელთა უფლებებს, ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამწუხაროა, რომ ეს თემები არ არის ამ კამპანიის მთავარი საკითხები და პროცესი გადასულია პოლიტიკურ კინკლაობაში”.

გაერთიანებული პროფკავშირების ყრილობა, რომელზეც თავმჯდომარე უნდა აირჩიონ, 15 სექტემბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას ორი კანდიდატი იღებს – პროფკავშირების მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და გაერთიანებული პროფკავშირის ხელოვნების გამგეობის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი. წინასაარჩევნო კამპანია ბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. ოქიტაშვილი კონკურენტს პროფკავშირების ქონების გაფლაგვაში ადანაშაულებს  და პროკურატურას საქმით დაინტერეებისკენ მოუწოდებს. მან სანდრო გირგვლიანის საქმეც გაიხსენა, როცა, მისი თქმით, ირაკლი პეტრიაშვილი “აპრავებდა გირგვლიანის მკვლელებს ციხეში”. თავად პეტრიაშვილს ბრალდებებისთვის არ უპასუხია, თუმცა ოქიტაშვილს გაერთიანებული პროფკავშირის დარგების თავმჯდომარეებმა უპასუხეს და “პროფკავშირების დისკრედიტაციის” მცდელობებს გაემიჯნენ.

გია ჟორჟოლიანმა რკინიგზელთა ნაწილის გაფიცვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესი ამ შემთხვევაშიც პოლიტიზებულია, რაც არსებული პრობლემების გადაჭრას ხელს უშლის. სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რომელთა წინაშეც პროფკავშირული მოძრაობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ დგას, მეტად კონსტრუქციული მუშაობაა საჭირო.

“რა თქმა უნდა, ბევრი რამ საჭიროებს გაუმჯობესებას, ეს იქნება შრომითი პირობები თუ დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება, თუმცა ამას სჭირდება ყოველდღიური მუშაობა ყველას მხრიდან. როგორც ვნახეთ, ბოლო პროცესებმა არ მოიპოვა მშრომელთა ფართო მხარდაჭერა. რატომ? იმიტომ, რომ ის სათანადოდ არ იყო დაყენებული და გაცნობიერებული. პროფკავშირებს უკეთესი წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ სისტემაზე და აქედან გამომდინარე უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები”.

გია ჟორჟოლიანი პროფკავშირების მიერ სამმხრივი კომისიის შესაძლო დატოვებასაც შეეხო. მისი თქმით, “სამმხრივი კომისია ძალიან ეფექტური ინსტრუმენტია და თუ ის სათანადოდ არ მუშაობს, არ ნიშნავს, რომ საერთოდ უარი უნდა ვთქვათ ამაზე”.

“როგორც ვიცი, პროფკავშირებს მისი დატოვების შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღიათ. თუ ეს ასე მოხდება, იქნება ძალიან დიდი შეცდომა”. – აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრებმა შიმშილობა 1 სექტემბერს შეწყვიტეს, თუმცა თქვეს, რომ ბრძოლას სხვა გზებით გააგრძელებენ.

შიმშილობის აქციამ ურთიერთბრალდებების, პოლიციასთან დაპირისპირებისა და დაკავებების ფონზე 2 კვირას გასტანა . რკინიგზელები აცხადებენ, რომ შეცდომაში შეიყვანეს და იმ ხელშეკრულების პირობები, რომელსაც ნებაყოფლობით მოაწერეს ხელი, სამუშაო ადგილის ცვლილებას არ ითვალისწინებდა. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა 25 აგვისტოს განაცხადა, რომ შესაძლოა პროფკავშირებმა დატოვონ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია, სანამ ხელისუფლების მხრიდან “გულწრფელი დიალოგის” სურვილი არ იქნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ბუბუ გვაძაბია