ახალი ამბები

ენმ-მ ქუთაისის მერობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა

8 სექტემბერი, 2017 • 1953
ენმ-მ ქუთაისის მერობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა

ნაციონალურმა მოძრაობამ ქუთაისის მერობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა.

“ის არის ამ კუთხის შვილი. მისი ოჯახი ქუთაისიდანაა. მისთვის ეს ქალაქი ნამდვილად არის მშობლიური. ამ ადამიანს უყვარს ეს ქალაქი და მზადაა იბრძოლოს ქუთაისისა და ქუთაისელების საკეთილდღეოდ”, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ვაშაძის წარდგენისას.

მან ხაზი გაუსვა ვაშაძის მიღწევებს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობისას და ამ კუთხით ინვესტიციების მოზიდვა დაასახელა, ასევე- არაღიარების პოლიტიკა და ა.შ.

“ჩემი და პარტიის მთავარი საზრუნავი (ისევე როგორც 2003-2012 წლებში) ქუთაისელების კეთილდღეობა იქნება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, შესაძლებელსა თუ შეუძლებელს. ვიშრომებთ დაუღალავად, რომ ჩემი მერობის პირობებში, ქუთაისში რაც შეიძლება ნაკლებს უჭირდეს, რაც შეიძლება ნაკლები იყოს დაუსაქმებელი. ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტს თუ გადავხედავთ, ცენტრალური მთავრობის იმედი არ უნდა გვქონდეს. საჭიროა დამატებითი სახსრების მოძიება. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, თქვენთან კონსულტაციებით. აუცილებელი იქნება ბიუროკრატიის მკვეთრი შემცირება, რომელიც ქალაქს დაახლოებით 10 მილიონ ლარს გამოუთავისუფლებს. ეს თანხა გადამისამართდება ჯანდაცვაზე, განათლებაზე, სოციალურ დახმარებაზე, სპორტზე და კულტურაზე. პირობას გაძლევთ, რომ მერიაში არავინ აღარ მიიღებს პრემიას. მერიის სტრუქტურაში არავის აღარ ეყოლება პერსონალური მანქანა მძღოლით. ავტოპარკი აუქციონზე გაიყიდება და შემოსული თანხით დამატებით ვიყიდით სასწრაფო დახმარების მანქანებს, რომელიც ქუთაისს ასე უჭირს’, – განაცხადა ვაშაძემ.

მან აქცენტი გააკეთა ქუთაისის ტურისტულ პოტენციალზე და თქვა, რომ მერობის პირველივე წელიწადში 5 ტურისტულ ობიექტს შექმნის. ასევე, მოიზიდავს ინვესტიციებს ხალხის ჩართულობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი