ახალი ამბები

თბილისის მერია: თამარაშვილის 13-ში კომპანიამ ხე უნებართვოდ მოჭრა

8 სექტემბერი, 2017 • 2538
თბილისის მერია: თამარაშვილის 13-ში კომპანიამ ხე უნებართვოდ მოჭრა

გუშინ, 7 სექტემბერს, გვიან ღამით, თამარაშვილის 13-ში კერძო კომპანიამ ხე მოჭრა. როგორც მერიაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, კერძო კომპანია “დომუსს” ხის მოჭრაზე შესაბამისი ნებართვა არ ჰქონია და საქმე პოლიციას გადაეცა:

“თამარაშვილის ქუჩაზე ხის უკანონო მოჭრის ფაქტთან დაკავშირებით თბილისის მერიას წუხელ, გვიან ღამით ეცნობა. შეტყობინებისთანავე, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები ადგილზე გავიდნენ და სიტუაციას დეტალურად გაეცნენ. თამარაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი წერეთელიც.

დათვალიერებისას გაირკვა, რომ კომპანია „დომუსის“ კუთვნილ ტერიტორიაზე მოჭრილია 1ხე. გარდა ამისა, აღნიშნულ ნაკვეთზე არსებულ ხეებს აღენიშნება ძველი დაზიანებები, რასთან დაკავშირებითაც თავის დროზე, ასევე, ეცნობა პოლიციას. უკანონოდ მოჭრილი ვერხვის დიამეტრი 80 სმ-ია, რაც ნიშნავს, რომ გარემოზე მიყენებული ზიანი 2000 ლარს სცდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალები პოლიციაში გადაიგზავნება” – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაცია თამარაშილის ქუჩაზე ხეების ჭრის შესახებ გუშინ თბილისის მერობის კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბმა გაავრცელა. როგორც ელისაშვილის შტაბში ამბობენ, მოსახლეობის დროულად მობილიზების წყალობით კომპანიამ სამუშაოები შეაჩერა, თუმცა ერთი ხის მოჭრა მაინც მოასწრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი