ახალი ამბები

სააკაშვილი: თუ პოროშენკო ივანიშვილს გადამცემს, მზად ვარ, თავი გავწირო საქართველოსთვის

7 სექტემბერი, 2017 • 4310
სააკაშვილი: თუ პოროშენკო ივანიშვილს გადამცემს, მზად ვარ, თავი გავწირო საქართველოსთვის

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პეტრო პოროშენკო მოიტაცებს უკრაინიდან და მის თავს ბიძინა ივანიშვილს გადასცემს, ის მზად არის ამისთვის. თუმცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, მზად არის თუ არა, დაიცვას ქართული სახელმწიფოს შემქმნელი, როგორც ის საკუთარ თავს უწოდებს. ამის შესახებ სააკაშვილმა გადაცემა “არჩევანში” ჩართვისას ისაუბრა.

“თუ ეს ორი ოლიგარქი [პეტრო პოროშენკო და ბიძინა ივანიშვილი] მოილაპარაკებენ და შეასრულებენ პუტინის გეგმას, მომიტაცებენ უკრაინიდან და გადამცემენ ივანიშვილის პირად პატიმრად, მაშინ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს – თქვენ მზად ხართ ასეთი სირცხვილისთვის? თქვენ მზად ხართ ასეთი დამცირებისთვის? თქვენ მზად ხართ იმისთვის, რომ ყველა ნორმა ფეხქვეშ გაითელოს? თქვენ მზად ხართ იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფოს შემქმნელი თქვენსავე ცხოვრებაში გაანადგურონ საქართველოს ციხეში? მიიღეთ გადაწყვეტილება. მე ამისთვის მზად ვარ. მე თავი გადადებული მაქვს საქართველოსთვის და მზად ვარ, თავი გავწირო საქართველოსთვის ისევე, როგორც უკრაინელი ხალხისთვის და სამართლიანობისთვის,” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ეს მისთვის ერთი ბრძოლაა, ხოლო დანარჩენი უკვე აღარ იქნება ივანიშვილის სასამართლო. სააკაშვილის განცხადებით, თუ ეს უსამართლობა მოხდება და გადაწყვეტენ ამ სახით მის განადგურებას, მაშინ ეს ქართველი ხალხის გადაწყვეტილება იქნება:

“მზად ხართ თუ არა, რომ დაუშვათ, თქვენ თვალწინ, საზოგადოების რაღაც ნაწილის პასიურობის პირობებში, ქართული სახელმწიფოებრიობის დამსამარებელმა ივანიშვილმა გაასამართლოს და გაანადგუროს ქართული სახელმწიფოს შემქმნელი. ეს არის თქვენი გადაწყვეტილება და ჩვენ ყველანი უნდა ვაგებდეთ პასუხს ჩვენს გადაწყვეტილებაზე.”

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სანამ შეეძლო, საქართველო დაიცვა, რის მაგალითადაც 2008 წლის აგვისტოს ომი მოჰყავს. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მისმა გუნდმა მაშინ ქართული სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა.

“ახლა უკვე საკითხი დგას სხვანაირად. მე დავიცავი ჩემი ქვეყანა და ყოველთვის ჩემი სიცოცხლე მქონდა დადებული ჩვენი ქვეყნისთვის; არის მომენტი, როცა საკითხი დგას იმაზე, რომ პუტინმა შეიძლება საბოლოოდ აასრულოს თავისი გეგმები საქართველოს დამცველების მიმართ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვენი საერთო გადაწყვეტილება და მე აბსოლუტურად ყველა სცენარისთვის მზად ვარ. ძალიან მშვიდად ვეკიდები ამას იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრება ეკუთვნის, პირველ რიგში, საქართველოს და უკრაინასაც. მოდით, ახლა ყველამ ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება, ჩვენ რა რეაქცია გვექნება ამაზე. ჩვენ ხომ ვერ დავრჩებით უბრალო მაყურებლად პუტინური სცენარისა,” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მის დასახვედრად უკრაინის ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები აპირებენ ჩასვლას, მათ შორის, იულია ტიმოშენკოც. სააკაშვილის თქმით, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გამო ევროპარლამენტარებმა შესაძლოა სპეციალური რეზოლუცია მოამზადონ.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ უკრაინა რუსეთთან საომარ ვითარებაშია, პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო შეკრულია კრემლთან, რადგან უკრაინის პრეზიდენტს რუსეთში ბიზნესები აქვს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, პოროშენკოს მხოლოდ საკუთარი ბიზნესის ინტერესები ადარდებს და საქართველოში ბიძინა ივანიშვილთანაც ფულზე სასაუბროდ ჩამოვიდა. სააკაშვილი იმავეს აბრალებს ივანიშვილსაც და აცხადებს, რომ თავისი პრეზიდენტობის შემდეგ ერთი კაპიკიც კი არ წაუღია ქვეყნიდან.

პეტრო პოროშენკო და მიხეილ სააკაშვილი. 30.05.0214 © EPA/MYKOLA LAZARENKO / POOL

პეტრო პოროშენკო და მიხეილ სააკაშვილი. 30.05.2014 © EPA/MYKOLA LAZARENKO / POOL

საქართველოს პროკურატურამ 2017 წლის 1 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობით კიდევ ერთხელ მიმართა

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ბრალდებულია სისხლის სამართლის ოთხ საქმეში, კერძოდ:

  1. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით (ალექსანდრე გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პირთა შეწყალების საქმე);
  2. 2007 წლის 07 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევის, ტელეკომპანია”იმედში” შეჭრისა და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდება, საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით (ე.წ. ,,7 ნოემბრისა და ტელეკომპანია ,,იმედის“ დარბევის საქმე)
  3. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ჩადენილი ძალადობით და იარაღის გამოყენებით, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; ასევე,  ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებისთვის (სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ემუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ქვეპუნქტით  (ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმე).
  4. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (8 837 461 ლარის) საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების საქმე).

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას 10 სექტემბერს აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი