ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოსური მხარე: ახალგორის სკოლების ოსურ საგანმანათლებლო სისტემასთან ადაპტაცია ხდება

7 სექტემბერი, 2017 • 3490
ოსური მხარე: ახალგორის სკოლების ოსურ საგანმანათლებლო სისტემასთან ადაპტაცია ხდება

იმის მიუხედავად, რომ ახალგორის რაიონის ქართულენოვანი სკოლების დაწყებით კლასებში ახალი სასწავლო წელი რუსულ ენაზე დაიწყო, ერგნეთში დღეს, 2017 წლის 7 სექტემბერს, IPRM-ის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ, ოსური მხარის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მურაჯ ჯიოევმა ქართულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ახალგორის სკოლებში ქართული ენის სწავლებას არ შეზღუდავენ. ეს საკითხი მხარეებს შორის დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

“ქართული ენის სწავლება სრულიად გაგრძელდება, თუმცა ის, რომ ეს არ შეესაბამება რესპუბლიკის საგანმანათლებლო სისტემას, პირველი კლასიდან სწავლის ის სისტემა ამოქმედდა, რაც მთელ სამხრეთ ოსეთშია. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეები პირველი კლასიდან არა მხოლოდ ქართულ ენას, ოსურ და რუსულ ენასაც შეისწავლიან. შემდეგ ინგლისური ენაც დაემატება. საქმე შეეხება მხოლოდ ლენინგორის სკოლების სწავლების ადაპტაციას მთელ საგანმანათლებლო სისტემასთან “, – ამბობს ჯიოევი.

მისივე განცხადებით, განათლების საერთო სისტემა იმისთვისაა საჭირო, რომ სკოლის დასრულების შემდეგ, ლენინგორის/ახალგორის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდეთ, რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებშიც ჩააბარონ.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისიდან ცხინვალის კონტროლქვეშ გადასული ახალგორის რაიონის ექვსი ქართული სკოლა და ბაგა-ბაღები სწავლების რუსულ ენაზე გადავიდნენ. ამ ეტაპზე სწავლა რუსული ენით პირველიდან მე-4 კლასის ჩათვლით სრულად ჩანაცვლდა [ქართულ ენას ერთ-ერთი საგნის სტატუსი დარჩება], დანარჩენ კლასებში რუსულ ენაზე სწალება ეტაპობრივად მოხდება.

გაურკვეველია, რა იგულისხმა ქართულ მედიასთან საუბარში ოსური მხარის წარმომადგენელმა, როდესაც განაცხადა, რომ ქართული ენა არავითარ შემთხვევაში არ შეიზღუდება. შესაძლოა, ის, რომ ქართული ენა, როგორც საგანი, დაწყებით კლასებში მაინც რჩება [რაც აქამდეც იყო ცნობილი]. საუბარი კი იმის შესახებაა, რა ენაზე დაიწყო სწავლება ახალგორის რაიონის ექვს ქართულ სკოლაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი