ახალი ამბები

პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორმა ლაშა თორდიას საქმეზე „პამ კლუბი“ სამართალდამრღვევად ცნო

7 სექტემბერი, 2017 • 2608
პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორმა ლაშა თორდიას საქმეზე „პამ კლუბი“ სამართალდამრღვევად ცნო

დღეს, 7 სექტემბერს, ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვის შედეგად, ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას საქმეზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა კაფე „პამ კლუბი“ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

2017 წლის 23 მაისს Facebook-ის და შემდგომ სხვადასხვა ვებგვერდების მეშვეობით თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე „პამ კლუბში“ განხორციელებული ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების თაობაზე, მედიით გავრცელებული ინფორმაციისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადების საფუძველზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაიწყო შპს „პ.ა.მ.“-ის მიერ ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიამ ვიდეოჩანაწერები მესამე პირს გადასცა მხოლოდ ერთხელ – 2016 წლის 27 დეკემბერს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, ვიდეოჩანაწერები გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „პერონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველის კანონის დარღვევით.:

“შესაბამისად, შპს „პ.ა.მ“-ი ცნობილ იქნა ამავე კანონის 43-ე მუხლით (მონაცემთა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე დამუშავება) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად. სამართალდარღვევა ითვალისწინებს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.”

ადამიანის უფლებათა ცენტრი ეჭვობს, რომ აღნიშნული ვიდეო შემდგომში კერძო პირის ხელში მოხვდა შსს-სგან, რადგან ვიდეო „პ.ა.მ.“-ის მიერ მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იყო გადაცემული. ამადვროულად, როგორც ცენტრში აცხადებენ, გამოძიება კანონდარღვევით მოპოვებულ ვიდეოს ვერ გამოიყენებდა მტკიცებულებად და, სავარაუდოდ, დაიგეგმა ვიდეომტკიცებულების გავრცელება სოციალურ ქსელში, რათა ამის შემდგომ დართვოდა საქმეს მტკიცებულების სახით.

ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. ცენტრმა არაერთხელ გამოხატა შეშფოთება კონსტიტუციური სტატუსის მქონე პირის – გენერალური აუდიტორის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ფაქტის მიჩქმალვის მცდელობით, რაც იკვეთება საგამოძიებო ორგანოების განცხადებებიდან და თანმდევი მოვლენებიდან.


2017 წლის 25 მაისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს საერთო განცხადება, სადაც ისინი მიიჩნევენ, რომ გენერალური აუდიტორის შესახებ ვიდეომასალის გავრცელება საეჭვოდ ემთხვევა ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძის შორის მომხდარ ინციდენტზე დაწყებულ გამოძიებას და შესაძლოა, ამ შემთხვევის აქტუალურობის გადაფარვის მცდელობას ისახავდეს მიზნად.


2017 წლის 24 მაისს სოციალურ ქსელში გავრცელდა გენერალური აუდიტორის შესახებ ვიდეომასალა, სადაც სავარაუდოდ ლაშა თორდიას 2016 წლის 24 დეკემბერს კაფე-ბარ „პ.ა.მ კლუბში“ მომხდარი ინციდენტი არის ასახული. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის საფუძველზე 2016 წლის 24 დეკემბრიდან მიმდინარეობს.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის შესახებ სამინისტროს ჯერ კიდევ 2016 წლის 24 დეკემბერს ჰქონდა, თუმცა დღემდე ვიდეომასალის ავთენტურობის საკითხი დადგენილი არ არის და არ არის გამოკვეთილი პასუხისმგებელი პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი