ახალი ამბები

თვითმმართველობა თბილისიდან

7 სექტემბერი, 2017 • 3192
თვითმმართველობა თბილისიდან

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ქვეყანამ ოთხი ხელისუფლება გამოიცვალა, თუმცა 26 წლის მანძილზე ვერ მოხერხდა ძალაუფლების დეცენტრალიზაცია. შედეგად, ფორმალურად არსებული თვითმმართველობები კვლავაც დედაქალაქიდან – თბილისიდან იმართება.

21 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ მერები და საკრებულოს წევრები 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტში უნდა აირჩიოს, თუმცა არჩევნებამდე 3 თვით ადრე მხოლოდ დედაქალაქში დასახელდა მერობის კანდიდატები. ბევრ მუნიციპალიტეტში დღემდე არ იციან, თუ ვინ არიან მათთან საარჩევნო კანდიდატები, არადა, არჩევნებამდე 1.5 თვეც არაა დარჩენილი.

თბილისი – პრიორიტეტული თვითმმართველი ქალაქი და ერთადერთი პოლიტიკური ცენტრი

“თბილისი ყველაზე დიდი ურბანული ცენტრია, რომელიც ჩვენთვის, რა თქმა უნდა, პრიორიტეტია,” – გვითხრა “ევროპული საქართველოს” სპიკერმა ირაკლი კიკნაველიძემ. ამ პოლიტიკურმა ძალამ ელენე ხოშტარია, თბილისის მერობის კანდიდატი, ყველაზე ადრე, 27 მაისს წარუდგინა საზოგადოებას.

“ყველა პოლიტიკური ცვლილება ისტორიულად თბილისიდან იწყება. ამიტომ ჩვენ, რომელსაც გვინდა, რომ მართლაც პოლიტიკური ცვლილებების არჩევნები იყოს ეს, სწორედ დედაქალაქიდან დავიწყეთ და წარვადგინეთ ჩვენი მერობის კანდიდატი – ზაალ უდუმაშვილი,” – ამბობს ხატია დეკანოიძე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი.

“თბილისის მერის პოსტზე კახა კალაძის კანდიდატურა გუნდში იყო უალტერნატივო, ამიტომ აღარ დავაყოვნეთ ამ ინფორმაციის გახმოვანება და ეს იყო იმის მიზეზი, რომ დედაქალაქის მერის კანდიდატი დაგვესახელებინა”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე პარლამენტში.

კოტე კანდელაკი, “სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე, წლებია აკვირდება და სწავლობს საქართველოში თვითმმართველობის განვითარების პროცესს. იგი რამდენიმე მიზეზის შესახებ საუბრობს, თუ რატომ რჩება დღემდე თბილისი ერთადერთ პოლიტიკურ ცენტრად ქვეყანაში და პრიორიტეტულად პარტიებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს:

[highlight color=”eg. green”]1. თბილისში ამომრჩეველთა ⅓-ია თავმოყრილი: 

Screen Shot 2017-09-07 at 2.40.40 PM

[highlight color=”eg. green”]2. თბილისში გამარჯვება ნიშნავს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას:

Screen Shot 2017-09-07 at 2.45.34 PM

[highlight color=”eg. green”]3. თბილისში განსაკარგი თანხები მთელ დანარჩენ მუნიციპალიტეტებს აღემატება:

ირმა პავლიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, რომელიც ასევე წლების მანძილზე სწავლობს თვითმმართველობის სფეროში არსებულ ვითარებას, თითქმის ანალოგიურ მიზეზებს ასახელებს:

“პარტიებს უფრო აინტერესებთ დედაქალაქი, თავისი სტატუსიდან გამომდინარე. ასევე – რეგიონებში წარმომადგენლობის ოფისის ქონა გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული”.

პოლიტიკური პარტიების სუსტ განვითარებაზე საუბრობს კოტე კანდელაკიც, მისი თქმით, პარტიები ნაკლებად არიან წარმოდგენილი რეგიონებში.

სპეციალისტების შეფასებას პარტიების რეგიონული ინფრასტრუქტურის სისუსტესთან დაკავშირებით იზიარებს “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი ხათუნა სამნიძე. იგი ფინანსურ სიმწირესთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლზე ამახვილებს ყურადღებას:

“ჩვენ დავკარგეთ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ თვითმმართველობებში ჩვენი წარმომადგენლები – პირდაპირ ელაპარაკებოდა სუს-ი მათ და ემუქრებოდა. ასე დავკარგეთ წევრები გურჯაანში, ზუგდიდში”, – ამბობს ხათუნა სამნიძე.

პარტიის წევრებზე სუს-ის ზეწოლის შესახებ საუბრობს ენმ-ის წარმომადგენელიც, თუმცა, ხატია დეკანოიძის თქმით, მათი რეგიონული ოფისები დღემდე გამართულად მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ ენმ-ს სამ ეტაპად გაემიჯნენ მისი ყოფილი წევრები – პირველი ნაწილი ახლა “გირჩის” ეგიდით აგრძელებს საქმიანობას, მეორე – “ახალი საქართველოს” და მესამე “ევროპულ საქართველოდ” ჩამოყალიბდა.

“რეგიონების მიმართულებით მუშაობა ჩვენი პარტიის პრიორიტეტია. პარტიული სტრუქტურების მშენებლობა უმრავლეს რეგიონში უკვე დასრულებულია. თვითმმართველობის არჩევნები, ზოგადად, კარგი შესაძლებლობაა პარტიისთვის რეგიონული ორგანიზაციების გასაძლიერებლად, ახალი სახეების მოსაძებნად და საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებლად”, – ამბობს “ევროპული საქართველოს” სპიკერი.

თვითმმართველობა – ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე ხელისუფალთათვის

“ტენდენცია ასეთია: ყოველთვის ოპოზიცია ითხოვს მეტ უფლებებს და დემოკრატიას ადგილებზე, მაგრამ როდესაც თვითონ მოდის ხელისუფლებაში, ეს ავიწყდება და ისევ ძველი სტილით აგრძელებს”, – ამბობს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე კოტე კანდელაკი.

Screen Shot 2017-09-07 at 3.03.26 PM

აბსოლუტური ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი – ეს არის ძირითადი მიზეზი, რაზეც პოლიტიკოსები და სპეციალისტები საუბრობენ იმის ასახსნელად, თუ რატომ ვერ მოხერხდა 26 წლის მანძილზე საქართველოში რეალური თვითმმართველობებისა და დეცენტრალიზაციის მიღწევა.

“ჩვენ საბჭოთა კავშირის მართვის სისტემის გავლენის ქვეშ ვართ. ცენტრალიზებული მართვის სისტემა ავტორიტარული რეჟიმისთვის არის ზედგამოჭრილი. პრობლემა ის არის, რომ არავის, ვინც ცენტრალურ ხელისუფლებაში მოდის, არ უნდა ამ მართვის ბერკეტების ხელიდან გაშვება და არ აძლევს საშუალებას, რომ ქვედა დონეებზე დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება, რაც არის თვითმმართველობის არსი, რომ ადგილობრივი საჭიროებებიდან გამომდინარე მოხდეს გადაწყვეტილების მიღება მოსახლეობის მიერ”, – აცხადებს კანდელაკი.

“ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არ სურს არც ერთ ხელისუფლებას რეალური დეცენტრალიზაცია, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება საარჩევნოდ – დეცენტრალიზაციის და ბევრი თანამდებობის პირის არჩევითობის შემთხვევაში უფრო რთულია ამის ცენტრალიზებულად მართვა და პარტიული ვერტიკალის დაცვა”, – ამბობს ირმა პავლიაშვილი, საიას იურისტი.

“სამწუხაროდ, სუსტი თვითმმართველობები, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის არარსებობა განაპირობებს იმას, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნებისმიერი ძალა იწყებს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლას და აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვებას. თვითმმართველობა არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ასუსტებს აბსოლუტურ ძალაუფლებას”, – აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე.

სამნიძე იხსენებს, რომ კოალიციური მმართველობის პირობებში, როცა მისი პარტია “ქართულ ოცნებასთან” ერთად იყო ქვეყნის ხელისუფლებაში, შესაძლებელი გახდა თვითმმართველობის რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპის გადალახვა. საუბარია 2014 წელს პარლამენტის მიერ განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რის შედეგადაც 5 თვითმმართველ ქალაქს დაემატა კიდევ 7 თვითმმართველი ქალაქი, პირდაპირი წესით არჩევითი გახდა ყველა მერისა და გამგებლის პოსტი, საარჩევნო ბარიერი მერებისთვის და გამგებლებისთვის გაიზარდა 50%-მდე და ა.შ. სამნიძის თქმით, შემდეგი ნაბიჯები უნდა ყოფილიყო ფინანსური დამოუკიდებლობის მინიჭება მერებისა და გამგებლებისთვის, თუმცა ამის ნაცვლად ხელისუფლებამ ცენტრალიზაციისკენ გადადგა ნაბიჯები. ამის მაგალითად რესპუბლიკური პარტიის ლიდერი თვითმმართველი ქალაქების მუნიციპალიტეტებთან შერწყმის გადაწყვეტილებას ასახელებს.

“ძალიან ბევრი ლოზუნგი, რომლითაც მოვიდა ქართული ოცნება ხელისუფლებაში, არ შეასრულა, მათ შორის ხმამაღალი ლოზუნგი იყო დეცენტრალიზაციისკენ ნაბიჯები. სამწუხაროდ, მოხდა რევერსი და მივიღეთ ვითარება, როცა თვითონ გაიუქმეს საკრებულოს წევრებმა თვითმმართველი ქალაქების სტატუსი”, – აცხადებს ხატია დეკანოიძე, ენმ-ის წარმომადგენელი.

მისი თქმით, არ ეთანხმება შეფასებას, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ენმ არ დგამდა ნაბიჯებს დეცენტრალიზაციისკენ. მისი თქმით, რეგიონული ცენტრების შექმნას ემსახურებოდა ქუთაისში პარლამენტის გადატანა, სიღნაღის, ბათუმის, სხვა ქალაქების ინფრასტრუქტურული პროექტბის განხორციელება. თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ეს პროექტები სწორედ თვითმმართველობებთან შეუთანხმებლად იწყებოდა და ხორციელდებოდა. მაგალითად, 2009 წელს ქუთაისში ისე ააფეთქეს საბრძოლო დიდების მემორიალი, სადაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ პარლამენტის შენობა ააშენა, რომ ამის თაობაზე არ ყოფილა ინფორმირებული ქუთაისის მერია.

რატომ არის რეფორმიდან და დეცენტრალიზაციიდან გადახვევა თვითმმართველი ქალაქების გაუქმება?

15 ივნისს ხელისუფლებამ 7 ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი გაუუქმა. შედეგად, ახალციხეში, ოზურგეთში, მცხეთაში, ზუგდიდში, გორში, თელავში, ამბროლაურში ამომრჩევლები აირჩევენ არა ქალაქის, არამედ გაერთიანებული მუნიციპალიტეტის მერს. 

მაგალითად, თუკი 2014 წელს ცალკე იქნა არჩეული ქალაქის მერი და ცალკე თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ამჯერად ადგილობრივი მოსახლეობა აირჩევს თელავის გაერთიანებული მუნიციპალიტეტის მერს.

ხელისუფლების მიერ თვითმმართველი ქალაქების გაერთიანებას რეფორმის თვალსაზრისით უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს ირმა პავლიაშვილი.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს კიდევ უფრო გაართულებს მოქალაქეთა ჩართულობას, რაც თვითმმართველობის ამოსავალი პრინციპია.

მოქმედი კანონმდებლობით, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთი ფორმაა პეტიცია. პეტიციის წარდგენის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს.

მაგალითად, თუკი ქალაქ გორში კონკრეტული სკვერის კეთილმოწყობის ან სხვა საკითხის მოწესრიგების მიზნით პეტიციის წარსადგენად საჭიროა 503 ადამიანის ხელმოწერა, ვინაიდან 2016 წელს აქ 50 395 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, იმის გამო, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ქალაქი გორი გორის მუნიციპალიტეტთან გაერთიანდა, ანალოგიური პეტიციისთვის უკვე 910 ხელმოწერის შეგროვება იქნება საჭირო, ვინაიდან ამომრჩეველთა რაოდენობა 90 790-მდე გაიზრდება.

რაოდენობრივი ზრდის გარდა, ირმა პავლიაშვილი იმ პრობლემაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ სოფლისა და ქალაქის მოსახლეობას სხვადასხვა საჭიროება აქვთ და მათი შეთანხმება ამ მხრივაც გართულებული იქნება.

ეს გააუარესებს ჩართულობის მექანიზმებს”, – ამბობს ირმა პავლიაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტის 15 ივნისის დადგენილება, რომლითაც მოხდა თვითმმართველი ქალაქების შერწყმა, უკვე გაასაჩივრეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. ამავე კანონზე პრეზიდენტის ვეტო კი უკვე დაძლია პარლამენტმა.

ოპოზიცია ამბობს, რომ ამ პროცესშიც ნათლად გამოჩნდა, თუ როგორ ხდება რეალურად თბილისიდან, ცენტრიდან თვითმმართველ ერთეულებში ვერტიკალური მართვა.

“2013-14 წლებში შემუშავებული რეფორმა იყო მიმართული ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებისკენ, რაც პირველ ეტაპზე ქალაქების გამოყოფით დასრულდა და შემდგომ, 2017 წლამდე ეს პროცესი უნდა გაღრმავებულიყო, რათა ადგილობრივი ხელისუფლება ახლოს მისულიყო მოქალაქეებთან”, – აცხადებს კოტე კანდელაკი.

“სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ძალიან სუსტი თვითმმართვლოებები, სადაც  ცენტრალიზებულია მთელი ქვეყანა და ადგილებზე წყდება პოლიტიკური პროცესები ჯერ კიდევ სუს-ის მიერ. ქალაქების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო ცენტრში ცენტრალურმა ხელისუფლებამ, მოამზადა კანონპროექტი, მოამზადა საკითხი, მომზადებული ჩაუტანა თვითმმართველობებს, იმ ქალაქებს, რომლებმაც სტატუსი მოიხსნეს და საკრებულოში გამზადებულ დოკუმენტს უყარეს კენჭი, მაგრამ მანამდე პირდაპირ მიდიოდა თითოეულ დეპუტატთან სუს-ის მუშაობა”, – აცხადებს ხათუნა სამნიძე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე.

კრიტიკულ შეფასებებს არ იზიარებს მმართველი გუნდი, რომელიც მიიჩნევს, რომ თავის დროზე, ამ ქალაქებისთვის თვითმმართველი ქალაქების სტატუსის მინიჭებით შეცდომა იქნა დაშვებული და ახლა შეცდომას ასწორებენ.

“რამდენიმე წლის წინ “ქართულმა ოცნებამ” ძალიან წარმატებული რეფორმა განახორციელა თვითმმართველობის კუთხით. ჩვენ არ გვიჭირს იმაზე ლაპარაკი, რომ იყო მცირე ხარვეზები ამ რეფორმასთან დაკავშირებით, დიდი პროცენტი ამ რეფორმისა შეგვიძლია ჩავთვალოთ წარმატებულად, ეს არა მხოლოდ ჩემი შეფასებაა და იქ, სადაც იყო მცირე ხარვეზები, ამასთან დაკავშირებით მსჯელობას მოჰყვა ის, რომ რამდენიმე თვითმმართველ ქალაქში მოხდა შერწყმა და არავითარ შემთხვევაში ის, რასაც ახმოვანებენ ჩვენი ოპონენტები, რომ თითქოს გაუქმდა ქალაქების სტატუსი და ა.შ. ეს არის რეფორმის გაგრძელება და კიდევ უფრო დახვეწა”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი ზურაბ ალავიძე აცხადებს, რომ ასე უფრო ადვილად სამართავი იქნება მუნიციპალიტეტები:

“არავის არაფრის სტატუსს არ ვართმევთ, არც არჩევითობას ვეხებით, ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ერთ მუნიციპალიტეტში, თელავის სოფლებიც და ქალაქიც, ერთი პირის, მერის მიერ უფრო ადვილად სამართავია, ვიდრე ცალ-ცალკე. ვინარჩუნებთ იმ ტერიტორიულ პრინციპს, რაც საქართველოშია. მაშინ უნდა დავყოთ ყველა ქალაქი და სოფელი ერთმანეთისგან, რაც არ არის სწორი მართვის კუთხით. დემოკრატიის ხარისხს კიდევ ჩვენ არ ვამცირებთ, პირიქით – სექტემბერში და მომდევნო სესიების პერიოდშიც საკმაოდ საინტერესო ინიციატივები გვექნება პარლამენტში”, – აცხადებს ალავიძე.

ჯერ უცნობია, ამჯერად რა ტიპის ინიციატივები ექნება ხელისუფლებას თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში.

ხელისუფლება ირწმუნება, რომ ის თანხა, რაც ორი ადმინისტრაციის გაერთიანებით დაიზოგება ხელფასებსა და სხვა ადმინისტრაციულ ხარჯებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.

“ჩვენ თუ გამსხვილებისკენ წავალთ, მაშინ, ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ, რატომ ცალკე გორი და კასპი? გავაერთიანოთ, გავამსხვილოთ და რაღაც ხარჯები შემცირდება ამით. ბოლოს იქამდე მივალთ, რომ საერთოდ რა საჭიროა ადგილებზე ხელისუფლება? ზედმეტი ხარჯია წამომადგენლობითი ორგანოები და ა.შ. მთავრობა დანიშნავს ერთ თავის წარმომადგენელს და ის გააკეთებს იმ საქმიანობას. ანუ ისევ ცენტრალიზაციისკენ მივდივართ გამსხვილებით”, – აცხადებს კოტე კანდელაკი. მისივე თქმით, დემოკრატია ძვირი სიამოვნებაა და თუ გარკვეული თანხა არ დაიხარჯა, ისე შედეგს ვერ მივაღწევთ.

ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის საკითხზე მოსახლეობის განწყობები ბოლოს აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 2017 წლის ივნისში შეისწავლა. შეკითხვაზე – როგორ შეაფასებდით არსებული ადგილობრივი მთავრობის საქმიანობას? – რესპონდენტების 16%-მა უპასუხა – “კარგად”,  52%-მა – “საშუალოდ”, 28%-მა – “ცუდად”.

მასალების გადაბეჭდვის წესი