ახალი ამბები

წულუკიანი: სტრასბურგში მოსამართლეობის კანდიდატებს კიდევ 2 ეტაპის გადალახვა მოუწევთ

7 სექტემბერი, 2017 • 1613
წულუკიანი: სტრასბურგში მოსამართლეობის კანდიდატებს კიდევ 2 ეტაპის გადალახვა მოუწევთ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა და საქართველოს კვოტის დასაკავებლად სამი კანდიდატი გააგრძელებს ბრძოლას: ესენი არიან ლადო ჭანტურია, ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა.

“ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკვე მიიღო სამპიარიანი მრჩეველ -ექსპერტთა საბჭოს მიერ მომზადებული მოსამართლეობის კანდიდატთა სია. შესაბამისად, სიის გადაცემის მომენტიდან, პირველი ეტაპის წარმატებით დასრულებისთანავე, დაიწყო კონკურსის მეორე ეტაპი.

ჩვენ ვმუშაობთ სტრასბურგში ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლობის ხელშეწყობითა და დახმარებით იმისათვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად სწრაფად, წარმატებით დასრულდეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან და იმიჯიდან გამომდინარე”, – განუცხადა ჟურნალისტებს მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე განმარტებით, პროცედურაში დარჩა ორი ეტაპი.

“მეორე ეტაპი გახლავთ შესაბამის კომიტეტზე სამ კანდიდატთან გასაუბრება. მე სამივე მათგანს ვუსურვებ წარმატებას, რადგან გასაუბრება არის რთული პროცესი. სამივე კანდიდატს მოუწევს აჩვენოს თავისი კვალიფიციურობა უკვე პრაქტიკაში და არა მხოლოდ ბიოგრაფიულ დონეზე. და როდესაც კომიტეტი მოუსმენს მათ, არსებობს განვითარების ორი სცენარი. ერთი, რომ კომიტეტი მოიწონებს ერთ ან მაქსიმუმ ორ კანდიდატს, როგორც პრაქტიკაში ხდება ხოლმე. ასეთ შემთხვევაში, მთლიანად სია გადაეცემა ასამბლეას კენჭისყრისთვის და არჩეული იქნება ის კანდიდატი, რომელიც დააგროვებს ხმების მეტ ოდენობას დანარჩენებთან შედარებით, ხოლო მეორე სცენარი არის ის, რომ რომელიმე კანდიდატს გასაუბრებაზე არ ჰქონდეს შესაძლებლობა აჩვენოს ის ცოდნა, რაც მას გააჩნია. ასეთ სცენარს მე არც მათ ვუსურვებ და არც ჩვენს სახელმწიფოს, თუმცა ეს უკვე მათზეა დამოკიდებული, როგორ გაართმევენ თავს”, – განაცხადა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი